რეკორდები, რომლებიც მესის და რონალდუს ჯერ არ მოუხსნიათ

349
მესის და რონალდუს ერთად რამდენიმე ასეული რეკორდი აქვთ მოხსნილი, ნაკრებების, გუნდების და ტურნირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს ორი ფეხბურთელი არავის უთმობს და ინდივიდუალური ჯილდოების რაოდენობითაც დიდი ხანია, რაც ფეხბურთის ისტორიაში ყველა სხვა ფეხბურთელი უკან ჩამოიტოვეს.
თუმცა, არსებობს რეკორდები, რომლებიც ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს, ჯერ-ჯერობით მაინც, არ მოუხსნიათ. ეს ნაწილობრივ სასიხარულოცაა, რადგან 30 წელს გადაცილებულ ლეგენდებს კიდევ რამდენიმე სამიზნე აქვთ.

გოლები ფინალებში

დი სტეფანო

ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში: 7 – ალფრედო დი სტეფანო, ფერენც პუშკაში (ორივე მადრიდის რეალი)
გოლები ყველაზე მეტ ჩემპიონთა ლიგის ფინალში: 5 – ალფრედო დი სტეფანო (მადრიდის რეალი)
ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ ფინალში: 4 – ფერენც პუშკაში (მადრიდის რეალი)
მესის ფინალებში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი (2009 და 2011), ხოლო რონალდუს ოთხი (თითო 2008 და 2014ში, დუბლი 2017ში) თუმცა, მადრიდელი წინაპრების რეკორდამდე პორტუგალიელს 3 გოლი აკლია. რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ექვსჯერ აქვს ნათამაშები, ერთით ნაკლები ვიდრე ალფრედო დი სტეფანოს, და ორით ნაკლები ვიდრე ხენტოს (რეალი) და მალდინის (მილანი)
რონალდუს დუბლი, 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ყველაზე შედეგიანი ფინალი იყო ამ ორი ფეხბურთელის შესრულებით, მაგრამ 1960 წლის ფინალში პუშკაშის პოკერთან ახლოსაც არ მისულა.

ჩატარებული მატჩები

იკერი

ყველაზე მეტი მატჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (საკვალიფიკაციოს ჩათვლით): 181 – იკერ კასილასი

ყველაზე მეტი მატჩი უეფას ტურნირებზე (საკვალიფიკაციოს ჩათვლით: 188 – იკერ კასილასი
რონალდუ (130) და ლიონელ მესი (116) უეფას ტურნირებზე გატანილი გოლებით ყველას ძალიან დიდი უპირატესობით უსწრებენ, მაგრამ იკერის რეკორდის მოსახსნელად დიდი დრო დასჭირდებათ.
მესი უეფას ტურნირებზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით 142 მატჩით 21-ე ადგილს იკავებს, ხოლო რონალდუ, რომელიც ორი წლით და 139 დღით უფროსია, მესამე ადგილზეა, 174 მატჩით.

წარმატება სხვადასხვა გუნდებში

ზეედორფი

ყველაზე მეტ გუნდში მოგებული ჩემპიონთა ლიგაზე: 3 – კლარენს ზეედორფი
ყველაზე მეტ გუნდში გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე: 6 – ზლატან იბრაჰიმოვიჩი
რონალდუ ერთადერთია, რომელმაც ფინალებში ორი სხვადასხვა გამარჯვებული გუნდის მაისურით გაიტანა გოლი . ველიბორ ვასოვიჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ორი სხვადასხვა დამარცხებული გუნდის მაისურით გაიტანა ფინალებში (1966 პარტიზანი და 1969 აიაქსი). რონალდუმ იუვენტუსში გადასვლით უნიკალური შანსი შეიქმნა, რომ კლარენს ზეედორფის რეკორდი გაიმეოროს და ტურნირი მესამე გუნდის მასიურით მოიგოს.
ზლატანის რეკორდი რონალდუსგან და მესისგან, ჯერ-ჯერობით, საიმედოდ არის დაცული. მესის ერთზე მეტ გუნდში საერთოდ არ უთამაშია, 34 წლის რონალდუმ კი გუნდი კიდევ სამჯერ უნდა გამოიცვალოს, ზლატანის რეკორდის მოხსნის შანსი რომ გაუჩნდეს.

ყველაზე ხანშიშესული გოლეადორი

მალდინი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში: პაოლო მალდინი (36 წლის და 333 დღის) – მილანი v ლივერპული (2005)

ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან): ფრანჩესკო ტოტი (38 წლის და 59 დღის) – ცსკა v რომა (2014)
ჩემპიონთა ლიგაზე (ისტორიაში): მანფრედ ბურგსმიულერი (38 წლის და 293 დღის) – ვერდერი v ბერლინი (1988)
თუ დუეტს მალდინის რეკორდის მოხსნა უნდა, მოცდა მოუწევთ. რონალდუს პირველი შანსი 2021/22 სეზონის ფინალში იქნება, მესის კი 2023/24 წლამდე მოუწევს ლოდინი – ისიც იმ შემთხვევაში, თუ ფინალი 23 მაისზე გვიან გაიმართება.
ყველაზე ხანშიშესული გოლეადორის რეკორდის მოსახსნელად რონალდუმ 2023 წლის 22 ნოემბრამდე უნდა მოიცადოს, ლიონელ მესიმ კი 2026 წლის 13 აპრილამდე.

ყველაზე ჩქარი გოლი

მაკაი

ჩემპიონთა ლიგაზე: როი მაკაი (10.12 წამი) – ბაიერნი v რეალი (2007)
ჩემპიონთა ლიგის ფინალში: პაოლო მალდინი (53 წამი) – მილანი v ლივერპული (2005)
როი მაკაის რეკორდის მოხსნა თითქმის წარმოუდგენელია, რადგან მან რეალს 2007 წელს პრაქტიკულად მატჩის დაწყებისთანავე გაუტანა რობერტო კარლოსის შეცდომის შემდეგ.
რონალდუს ყველაზე სწრაფი გოლი 2013 წელს, რეალი – იუვენტუსის დაპირისპირების მეოთხე წუთზე გავიდა. მესიმ კი მესამე წუთზე, სელტიკთან გამოიჩინა თავი, ასევე 2013 წელს.
მალდინის გოლთან წყვილი ახლოსაც არ მისულა – მესის ფინალებში ყველა გოლი მეორე ტაიმში აქვს გატანილი, რონალდუმ კი ყველაზე ადრე მეოცე წუთზე გაიტანა.

ჰეთ-თრიკი

გომისი

ყველაზე ჩქარი ჰეთ-თრიკი: ბაფეტიმბი გომისი (8 წუთი) – ზაგრები v ლიონი (2011)

რონალდუ ყველაზე ხანშიშესული ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა (34 წლის და 35 დღის), როცა ატლეტიკოსთან საოცარი ქამბექი მარტომ შეასრულა და მესის 8 ჰეთ-თრიკის რეკორდი გაიმეორა.
თუმცა, ბაფეტიმბი გომისის ელვისებრი ჰეთთრიკის რეკორდი წყვილისთვის მიუღწეველი რჩება – მესის ყველაზე ჩქარი ჰეთ-თრიკის შესასრულებლად 22 წუთი დასჭირდა (არსენალთან, 2010ში), მეორე და მეოთხე გოლები კი ლევერკუზენთან 16 წუთის შუალედში გაიტანა. რონალდუმ ყველაზე ჩქარა სამი გოლი მალმოს წინააღმდეგ, 12 წუთში გაიტანა.

ხანგრძლივი რეკორდები

გიგზი

გოლი ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მეტ სეზონში: რაიან გიგზი (16)
მესიმ გოლი ზედიზედ 15 სეზონში გაიტანა და რაულის რეკორდი მოხსნა. რონალდუს გოლი ჯამში 15 სეზონში აქვს, მაგრამ 2005/06 ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუმ გოლი მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა.
რაიან გიგზის რეკორდის მოხსნა ორივე ფეხბურთელს 2020/21 სეზონში შეუძლია.

ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში

ფალკაო

ყველაზე მეტი გოლი უეფას ტურნირის ერთ სეზონში: 18 – რადამელ ფალკაო (2010/11)

რადამელ ფალკაომ 2010/11 სეზონის ევროპის ლიგაზე ლეგენდარული რეკორდი დაამყარა, რომლის გამეორებაც რონადლუს და მესის ჩემპიონთა ლიგიდან უჭირთ. რა თქმა უნდა, ევროპის ლიგაზე თამაშის შემთხვევაში მათთვის ამ რეკორდის მოხსნა ბევრად უფრო იოლი იქნებოდა.
ჩემპიონთა ლიგაზე მესის ყველაზე წარმატებული სეზონი 2011/12 იყო, როცა არგენტინელმა 14 გოლი გაიტანა. ხოლო რონალდუმ თავის საუკეთესო სეზონში, 2013/14 წლებში 17 გოლი გაიტანა.

გოლების საშუალო მაჩვენებელი

მიულერი

ერთ მატჩში საშუალოდ გატანილი გოლების საუკეთესო მაჩვენებელი ჩემპიონთა ლიგაზე: 0,97 – გერდ მიულერი
ერთ მატჩში საშუალოდ გატანილი გოლების საუკეთესო მაჩვენებელი უეფას ტურნირებზე: 0,87 – გერდ მიულერი
რუუდ ვან ნისტელროიმ 2002/03 სეზონში იუნაიტედთან ერთად ზედიზედ ცხრა ჩემპიონთა ლიგის მატჩში გაიტანა გოლი, რონალდუმ ეს რეკორდი 2017/18 სეზონში მოხსნა, როცა გოლის გატანა ზედიზედ ათ მატჩში მოახერხა.
თუმცა, როცა საქმე ბურთების შეფარდებას ეხება, რონალდუ და მესი მიულერს ვერ შეედრებიან. რონალდუს საშუალო მაჩვენებელი მატჩში 0.76 გოლია – 128 გოლი 169 მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე (0.75 უეფას ყველა ტურნირზე).
მესის გოლები უფრო ხშირად გააქვს და 0.82-იანი მაჩვენებლით დაიკვეხნის – 113 გოლი 138 მატჩში (0.82 უეფას ყველა ტურნირზეც).
უნდა ითქვას, რომ გერდ მიულერმა თავისი რეკორდი ბევრად ნაკლებ მატჩში მოხსნა, მან 35 მატჩში 34 გოლი გაიტანა და სწორედ ამის გამო, მისი რეკორდი თითქმის მიუღწეველი ჩანს.
ამ რეკორდის მოსახსნელად, მესიმ ჰეთ-თრიკი ზედიზედ ათ მატჩში უნდა შეასრულოს, ხოლო რონალდუმ ზედიზედ თვრამეტში.
წყარო: adjarablog.com
SHARE