საინტერესო ინტერვიუ ნაკრების მწვრთნელთან

577
საქართველოს ნაკრების ასპარეზობაზე იაპონიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ბევრი დაიწერა და ითქვა. ცხადია, ამ ტურნირმა, რომელიც უკვე ისტორიის საკუთრებაა, ნათლად დაგვანახვა ის მდგომარეობა, რომელშიც დღესდღეობით ქართული რაგბი იმყოფება. 2011 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის ასპარეზობა მაშინდელმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა დამაკმაყოფილებლად შეაფასა და თქვა – ამ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა უნდა გახდეს ხიდი ქართული რაგბის წარსულს და მომავალს შორის. ვფიქრობ, წინ მივდივართ და ქართულ რაგბის კარგი მომავალი აქვსო. ამჯერადაც, თითქმის იმავეს თქმა შეიძლება, ოღონდ პირიქით, ნაკრების გამოსვლას დამაკმაყოფილებლად ვერ შევაფასებთ. აი, თუ დასკვნებს სწორად გამოვიტანთ და მერე ხარვეზების გამოსწორებაზეც ხელებდაკაპიწებულნი ვიზრუნებთ, 2019 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის ასპარეზობა, მართლაც შეიძლება გამოდგეს ერთგვარ ხიდად, ქართული რაგბის წარსულსა და მომავალს შორის.
ამ თემაზე საუბარი და იაპონიაში ჩვენი ნაკრების ასპარეზობის შესახებ ანალიზი ამჯერად „ბორჯღალოსნების“ დაცვის მწვრთნელს ლევან მაისაშვილს ვთხოვეთ.
– რა იყო ჩვენი ნაკრების გეგმა იაპონიაში გამართულ მსოფლიოს თასზე?
– გეგმა იყო, რომ ორი თამაში უნდა მოგვეგო და კვალიფიკაციის გარეშე შემდეგ მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება მოგვეპოვებინა. რადგან ეს ვერ მოვახერხეთ, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ გუნდის გამოსვლას. მოვიგეთ ერთი მატჩი და დავთმეთ სამი. ნაკრების თამაშის ხარისხითაც, ცხადია, კმაყოფილები არ ვართ. ამას კი, თავისი როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები აქვს.
– საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყების წინ აცხადება, რომ ჩვენი გუნდი 25 პროცენტით უკეთაა მომზადებული ვიდრე წინა მსოფლიოს თასზე. თუ ეს ასე იყო, რატომ არ გამოჩნდა ეს იაპონიაში?
– როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა მილტონ ჰეიგი, გულისხმობდა გუნდის ფიზიკურ კონდიციებს. ამ განცხადებას აქვს თავისი საფუძველი. წინა მსოფლიოს თასის მოსამზადებელ ეტაპზე, რომელზეც არ ვიყავი, რა ციფრებიც ქონდათ, იმასთან შედარებით მართლაც მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ მორაგბეებს ამჯერად. ვერ ვიტყვი 25 პროცენტით მეტი იყო თუ 21-ით, ან საიდან მოიტანა ეს ციფრი. შესაძლოა მან ფიზმომზადების სპეციალისტებთან დეტალურად გაიარა ეს თემა და მიღებული შედეგი გაასაჯაროვა. ეს სავსებით შესაძლებელია. დღესდღეობით ფიზიკური ვარჯიშები მაღალ დონეზე იგეგმება. არის საერთაშორისო სტანდარტი მაღალი კატეგორიის, სანაკრებო და საშუალო საკლუბო სტანდარტები. როგორ აისახება ამ ციფრებში ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენი ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელებს აქვთ.
მსოფლიოს თასზე რაც უნდა ტაქტიკურად სწორად გაგვეკეთებინა, თუ ფიზიკურად მზად არ ვიქნებოდით, გაგვიჭირდებოდა მიზნის მიღწევა. მიმაჩნია, რომ ფიზმომზადების გეგმა სწორად იყო განხორციელებული, სხვა საქმეა რამდენად გამოვიყენეთ ის კონკრეტულ მატჩში. ის, რომ ფიზიკურად გუნდი მზად იყო, ეს ბოლო, ავსტრალიასთან მატჩში გამოჩნდა. ასე რომ, დაღლილობის და ან იმის გამო, რომ ვინმე ჩვენზე ფიზიკურად უკეთ მომზადებული იყო, თამაშები არ წაგვიგია.
ლევან მაისაშვილი
– ამ განცხადებას თან ახლდა დაპირება – გაგაოცებთ და შეფასება, რომ გუნდი ისეა მზად როგორც არასდროს. რამდენად ჰქონდა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ამ განცხადების საფუძველი?
– არ მინდა ვინმე გავაკრიტიკო, მით უფრო იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელი გუნდის წევრიც თვითონ გახლდით. თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, ყველა ადამიანისთვის აუცილებელია ყველაფერში ზომიერება. სწორად არ მიმაჩნია მწვრთნელის ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ვინმე უნდა გააოცოს. გაოცება მარტივია, გააჩნია, როგორ გააოცებ.
– თქვენ დაცვის მწვრთნელი იყავით. მსოფლიოს თასზე გამოჩნდა ტენდენცია, რომ შეტევამ აჯობა დაცვას…
– ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით და რატომ. ზოგადად, თამაშის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა შეტევასა და დაცვას შორის. სტატისტიკა ადვილად მოსაპოვებელია. არსებობს ბურთის ფლობის სტატისტიკა, არის ასევე ტერიტორიული უპირატესობის სტატისტიკა და არის კიდევ მომენტი, ანუ ამ მომენტს შენ როგორ იყენებ. ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვქონდა, იმ ბევრ პრობლემას შორის, სწორედ ბალანსის დაცვა იყო შეტევასა და დაცვას შორის. ანუ ბურთით ხელში ნაკლებად ეფექტურები ვიყავით. ყველაზე კარგი დაცვა შეტევაა. ამის ნათელი მაგალითი ინგლისისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების მატჩია. ინგლისმა შეძლო მსოფლიოში საუკეთესო მობურთალი გუნდისთვის ბურთი დაემალა და როცა უწევდა მეტოქისთვის ბურთის მიცემა, ხისტი დაცვა დაახვედრა.
საბოლოო ჯამში ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს იყო. ბევრი უხეში შეცდომა გვქონდა, გვქონდა ბევრი ინდივიდუალური შეცდომა, მაგრამ იყო თამაშიც ავსტრალიის ნაკრებთან, როცა 27 წუთის განმავლობაში მეტოქეს ქულის აღების საშუალება არ მივეცით. იშვიათად ნახავთ სტატისტიკას, როცა მეტოქეს 86 პროცენტი აქვს ბურთის ფლობა და ქულებს ვერ იღებს. ავსტრალიასთან მატჩში ამაყი ვიყავი ჩვენი ბიჭების ასეთი გარჯით დაცვაში. ცალკე თემაა, რომ მარტო ეს არ იგებს თამაშს. სწორედ აქაა საჭირო შეტევისა და დაცვის ბალანსი. სულ დაცვის პოზიციაში ყოფნით თამაში შენ სასარგებლოდ მოატრიალო შეუძლებელია.
– მაშინ, როგორ ახსნით პირველ 27 წუთს უელსის ნაკრებთან, როცა სამი ლელოდან ორი პირველი ფაზიდან მივიღეთ…
– უელსთან სტატიკური მდგომარეობიდან ორი ერთმანეთის მსგავსი ლელო მივიღეთ. ცხადია, გაანალიზებული გვქონდა მეტოქის თამაში. მიმაჩნია, რომ უელსი ერთ-ერთი გუნდია მსოფლიოში, რომელიც მრავალფეროვან თამაშს გვთავაზობს და შესაბამისად, რთულია მის წინააღმდეგ დაცვის ფორმირება.
ჩვენი პრობლემა არის რა? სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და სწრაფი რეაქცია, სწორედ ამის გამო დაგვიჭირეს ორჯერ თითქმის იდენტურ სიტუაციაში. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს პასუხი რატომ დაუშვეს ეს შეცდომები. მოულოდნელობის ფაქტორი არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა. უბრალოდ დავუშვით შეცდომები, რომელიც არ უნდა დაგვეშვა.
გამოითქვა აზრები, რომ იქ არ უნდა მდგარიყო ბურჯი, რაც არ მგონია სწორი. უამრავი გუნდის თამაშში შეგიძლიათ ნახოთ იგივე. გადაბმაში დგანან ბურჯები, დგანან კვაჭები. ეს არაფერ შუაშია. ამ მოთამაშეებს გაცილებით რთულ სიტუაციებში გაურთმევიათ თავი საქმისთვის. შეცდომა იყო ის, რომ პირველ შემთხვევაში გადაბმის წერტილი გავხსენით მაშინ როცა არ უნა გაგვეხსნა და მეორე შემთხვევაში მთელი ყურადღება იყო გადატანილი დერეფნის მოგებაზე, რაც დიდი შეცდომა იყო. სწორედ აქ მოხდა გადაბმის დარღვევა.
დღევანდელი დაცვის ნომერ პირველი ამოცანა არის რეაქცია ნებისმიერ, როგორც დაგეგმილ ისე დაუგეგმავ სიტუაციაში. აქ რეაქცია დავაგვიანეთ. ამის გარდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ტრავმის გამო მერაბ შარიქაძის არყოფნამ. ძალიან დაგვაკლდა. მერე დაბრუნდა და ტრავმირებული თამაშობდა. თუმცა, თამაშებს თუ დააკვირდებით, როცა ის შემადგენლობაში იყო, გაცილებით სტაბილური თამაში ჰქონდა დაცვასაც და ზოგადად გუნდსაც.
– ფიჯისთან მატჩი ჩვენი გუნდისთვის ამ მსოფლიოს თასზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. პირველ ტაიმში თითქოს შევძელით წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ მეორეზე ამას ვერაფრით ვიტყვით…

– ჩვენ ფიჯის ვერაფერი შევთავაზეთ. ჩვენ კონკრეტულ ფაზებს ვთმობდით, ბურთს ვაძლევდით და გვიწევდა თავის დაცვა. იმის ილუზია ნამდვილად არ მქონდა, რომ ამ სტილში მათთან მოგება შეიძლებოდა. დღეს ფიჯის ჰყავს საუკეთესო შეტევის ხაზი. ავსტრალიასთან და უელსთან ლამის მოიგეს. ამით თავს არ ვიმართლებ. უბრალოდ რეალობაა ასეთი. ჩვენ გაცილებით ნაკლები შემსრულებელი გვყავს და, ალბათ, ამაში ვერავინ შემედავება.

ამ გუნდთან ჩვენი უპირატესობა ყოველთვის იყო შერკინება, მოლი, ერთი-ერთზე ორთაბრძოლები. ამ კონკრეტულ მატჩში კი, ყველაფერი ეს დავთმეთ. ასეთ პირობებში ამ გუნდთან მოგება ურთულესია.
არ მიყვარს მსაჯობაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ სამი ლელოდან ორი აშკარა წინ პასი იყო. მსაჯს არ ჩაუთვლია საჭიროდ რომ ვიდეორეფერისთან გადაემოწმებინა. მერე იყო უხეში თამაში ალექსანდრე თოდუაზე. ჯერ ჯოშუა ტუისოვას მხრიდან და მერე დაცემის მომენტში ლევან ბოტია იდაყვს ურტყამს თოდუას. ის უფრო მეტად დასასჯელი იყო. არც განუხილავთ. სამწუხაროდ მსაჯმა ამ ყველაფერზე თვალი დახუჭა. ხდება ხოლმე.
– და რატო ხდება ხოლმე?
– არ ვიცი. ხდება ხოლმე, ერთ კონკრეტულ გუნდთან მსაჯს ან გამორჩება ან შეგნებულად აკეთებს. ჩვენ მომაგრებული გვყავდა მსოფლიოს რაგბიდან მსაჯი, რომელიც ყოველი თამაშის შემდეგ ანალიზს გვიკეთებდა. ფიჯისთან მატჩის შემდეგ, რომ დავაყარეთ ამდენი კითხვები, პასუხი ვერ გაგვცა. ხელები აწია და თქვა, რომ უმრავლეს შემთხვევაში მართლები ხართო.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანამ ნაკრების ახალ თავკაცს დანიშნავენ, რაგბის ევროპის ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნებს“ უხელმძღვანელებთ…
– პირველად ეს ამბავი სოციალური ქსელებით გავიგე. მეორედ, იაპონიიდან რომ ჩამოვედი ახლობლები რომ მხვდებოდნენ მილოცავდნენ და მესამედ გავიგე თქვენგან. ამ თემაზე არც კონსულტაცია და არც საუბარი არავისთან მქონია. დღესდღეობით ეს არის არასწორი ინფორმაცია. რა იქნება ხვალ, ყველა ნახავთ.
– ბევრი ლაპარაკია იმის თაობაზე, რომელი ქვეყნიდან უნდა იყოს საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი. ბევრს მიაჩნია, რომ უნდა იყოს ფრანგი, ზოგს სამხრეთაფრიკელი და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მწვრთნელი უნდა იყოს აუცილებლად უმაღლესი რანგის. თქვენ რას ფიქრობთ?
– ეს საუბარი წყლის ნაყვაა. იმაზე ლაპარაკი, ფრანგი გვჭირდება, აფრიკელი თუ ინგლისელი, მიმაჩნია, რომ აბსურდია. ეროვნებაში გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ. კლოდ სორელიდან დაწყებული დღემდე ყველა სტილის, ეროვნების, აზროვნების, მენტალიტეტის სპეციალისტთან მოგვიწია შეხებამ. პირადად მე მუშაობამაც მომიწია, აბსოლუტურად ყველასთან. არ მგონია, რომ ეს პანაცეაა. ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს.
ახლა მეორე, უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელზე რომ ვსაუბრობთ. ჯეკ ვაითი, რომელმაც 2007 წელს სამხრეთ აფრიკას მსოფლიოს თასი მოაგებინა, მწვრთნელობა რომ დაიწყო პედაგოგი იყო. პირველი საერთაშორისო გამოცდილება სწორედ საქართველოში მიიღო, როცა სამხრეთ აფრიკის A ნაკრები ჩამოიყვანა. მას საერთოდ არავინ იცნობდა.
ძალიან კარგია უმაღლესი ხარისხის მწვრთნელი, მაგრამ გვავიწყდება შესაძლებლობა. ორი რამ სჭირდება მაღალი რანგის მწვრთნელს, ერთი კოლოსალური ბიუჯეტი, მეორე მოთმაშეები და კონკრეტული გეგმა, რა ხედვა და რისი მიღწევა უნდა. მაგრამ ესეც არ არის მთავარი.
ჩვენ ძალიან მწარე რეალობასთან ვდგავართ რომელსაც თუ არ მოვაგვარებთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდებით. ნაკრებში გვყავს მოთამაშეები, რომელთა ნაწილი თამაშობს საქართველოს ჩემპიონატში, ნაწილი არის საფრანგეთში და აქვს ცოტა სათამაშო დრო, და კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც არიან ტოპგუნდებში და თამაშობენ. საქართველოს ჩემპიონატში პროფესიონალიზმი კრიტიკას ვერ უძლებს. მარტივი მიზეზის გამო – ფინანსები. თუ გვინდა, რომ პროფესიონალები ვიყოთ, პროფესიონალიზმს სჭირდება შესაბამისი ბიუჯეტი, კლუბსაც და მორაგბესაც.
და ეს ყველა ნაკრებში მატჩების 80 პროცენტი თამაშობს მეორე დონის სუსტ გუნდებთან და წელიწადში ორჯერ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი დონისა და პირველი დონის გუნდთან თამაშის.

აქ რომ უმაღლესი რანგის სპეციალისტი ჩამოვიყვანოთ და ყველაფერი ეს ისე დავტოვოთ როგორც არის, ამ უმაღლესი რანგის მწვრთნელმა რა უნდა ქნას? შაბათ-კვირას დიდი ათის მატჩებზე იაროს და მერე ორშაბათსა და სამშაბათს უნარების ვარჯიშები ჩაგვიტაროს? თუ ახალ ზელანდიაში, ინგლისში, საფრანგეთში ან სადმე სხვაგან იჯდეს და მხოლოდ თამაშებზე ჩამოვდეს? რომელი მაღალი რანგის მწვრთნელი დათანხმდება ამაზე. თუ დათანხმდა ესეიგი თაღლითია.

მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნიდანაა და რა სტილის მიმდევარია. მწვრთნელს, რომელსაც შევარჩევდით უნდა ჰქონდეს სერიოზული გამოცდილება. სანამ დავნიშნავთ, უნდა ვკითხოთ თუ აქვს გეგმა, რა უნდა? ჩვენ თუ გვინდა ედი ჯონსი ან რასი რასმუსენი ჩამოვიყვანოთ და დავუსახოთ გეგმა, რომ რაგბის ევროპის ჩემპიონატი მოიგოს. დამიჯერეთ – მოიგებს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ამოცნა ისევ ეს რჩება.
გამოსავალი არის ის, რომ გაძლიერდნენ კლუბები, ბავშვებთან მუშაობა გაუმჯობესდეს, გავზარდოთ მაღალტექნიკური უნარ-ჩვევების მქონე მორაგბეები. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ფრანჩაიზი აუცილებელია. ეს ერთ-ერთი გამოსავალია. მთავარი მანდ სხვა რამეა. თუ ჩვენ ფრანჩაიზს გავაკეთებთ, მას თან უნდა მოჰყვეს საქართველოს ჩემპიონატის გაძლიერება, დონის ამაღლება. ამ ფრანჩაიზს შევსება ხომ დასჭირდება?
საბოლოო ჯამში, იქამდე მივდივართ, რომ ჩვენი პირამიდა უკუღმა დგას. პირამიდა უნდა გასწორდეს. საფუძველი უნდა გაძლიერდეს და მერე ყველაფერი კარგად იქნება.

ერთი სიტყვით, მივესალმები მაღალი რანგის მწვრთნელის დანიშვნას, რომელსაც ექნება კონკრეტული, რეალისტური, გააზრებული, ვადებში გაწერილი გეგმა და არა უტოპიური. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით უცხოელებისთვის საინტერესო ქვეყანა სადაც კარგია ღვინო, კარგია ხინკალი, კარგია ხაჭაპური და აქედან რომ წავლენ არ დაიღლებიან ჩვენი ქვეყნის კრიტიკით, იმიტომ, რომ თავიანთი წარუმატებლობა დააბრალონ სხვას და საბოლოო ჯამში, ჩვენ ისევ იქ ვიქნებით, სადაც ვიყავით.

თუ გვინდა, რომ მოვუგოთ მეორე დონის ძლიერ ქვეყნებს. თუ გვინდა, რომ ხარისხიანი რაგბი ვითამაშოთ და უფრო საინტერესოდ ვეთამაშოთ პირველი დონის ქვეყნებს, შევძლოთ მათი დამარცხება, ამისთვის ერთი კონკრეტული, თუნდაც მაღალი რანგის  მწვრთნელი არ კმარა. არ მეგულება დედამიწის ზურგზე ისეთი მწვრთნელი, რომელიც ამ შედეგებს დადებს თუ სისტემური ცლილებები არ განხორციელდება. ანუ არ გამოსწორდება დიდი 10-ის ხარისხი, როგორც ფინანსურად, ისე პროფესიულად. თუ ნაკრების მოთამაშეებს არ ექნებათ რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის თამაშები. შეუძლებელია მაღალი შედეგების მიღწევა პირამიდის ძლიერი საფუძველის გარეშე. ნუ ველოდებით ვიღაცას და ნუ ვიმყოფებთ თავს ილუზიებში, მწვრთნელი ჯადოაქარი არ არის.

წყარო: lelo.ge

SHARE