დაბრუნება და ტრანსფერი – ინტერვიუ ჩაკვეტაძის აგენტთან

338
საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” ამომავალი ვარსკვლავის, გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია.
როგორც იცით, მან ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. საინტერესოა, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ერთი კვირაა, რაც გავრცელდა, მისი აგენტი გოგა გახოკიძე კი გვეუბნება, რომ გიორგიმ “გენტთან” ახალ შრომით ხელშეკრულებას ხელი დაახლოებით 3 თვის წინ მოაწერა.
გახოკიძეს ბელგიაში დავუკავშირდით და მას ჩაკვეტაძის დაბრუნებასა და შესაძლო ტრანსფერზე ვესაუბრეთ.
“გიორგიმ ვარჯიშები დაიწყო. ყველაფერი კარგად მიდის და წესით, 24 ნოემბერს, “ანტვერპენთან” საშინაო მატჩში უნდა ითამაშოს.

ჩაკვეტაძეს ისეთი ტრავმა ჰქონდა, რომ მაინც ვერ გათვლი, მოედანზე როდის უნდა დაბრუნდეს, მაგრამ სავარაუდოდ, 24 ნოემბერს მინიმუმ განაცხადში იქნება.
რაც შეეხება კონტრაქტის გახანგრძლივებას, ძალიან გამიკვირდა, ეს ინფორმაცია რომ ახლა გავრცელდა. გიომ ახალ კონტრაქტს ხელი დაახლოებით სამი თვის წინ მოაწერა.
ეს ახალი შრომითი ხელშეკრულება, ალბათ, “გენტისთვისაც” უკეთესია და გიომაც პირობები უფრო გაიუმჯობესა.
ახალი კონტრაქტის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მაინც მოსალოდნელია ჩაკვეტაძის ტრანსფერი. ზამთარში ნაკლებად, იმიტომ, რომ მას ძალიან ცოტა შეხვედრის ჩატარება მოუწევს.
გააჩნია, როგორ წავა ყველაფერი, მაგრამ ტრანსფერს უფრო ზაფხულისთვის ვფიქრობ. “ვალენსია”, “ნაპოლი” და პრესაში სხვადასხვა გუნდის სახელები ვრცელდება. ეს ფეხბურთელისთვის ძალიან გამაღიზიანებელია. იწერება, რომ “ბარსელონაში” ჩავიდა, ჩანთა დადო და ეგეთი ამბები…
მოდი რა, ცოტა თავი შევიკავოთ… საიდან მოდის ეს ხმები, არ ვიცი. ან საიდან იქნება მოლაპარაკებები, ჯერ ხომ ამდენი ხანი გაუცდა და მას თამაშიც არ დაუწყია?”
წყარო: sportall.ge
SHARE