შუმახერის მენეჯერი სიცხადეს ითხოვს

394

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ყოფილ მენეჯერს ვილი ვებერს მიაჩნია, რომ გერმანელი ექსპილოტის ოჯახი მალავს სიმართლეს მის ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ სპეციალისტმა გერმანულ დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომელიც შუმახერის ფორმულა 1-ში პირველი ჩემპიონობის 25 წლისთავის საპატივცემულოდ გადაიღეს.

„ვიცი, რომ მიხაელმა სერიოზული დარტყმა მიიღო, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მიმდინარეობს აღდგენა. მაქვს სურვილი ვიცოდე – როგორ მიდის მისი საქმეები, მინდა ხელი ჩამოვართვა. მაგრამ, მისი მეუღლე უარს მეუბნება ამაზე. შესაძლოა, მას ეშინია, რომ სიმართლეს გავიგებ და მის ამბავს გავასაჯაროებ.

ძალიან ვარ დარწმუნებული, რომ მიხაელი გამოჯანმრთელდება, რადგან ის მებრძოლია. თუ იქნება შანსი, ის მას გამოიყენებს. არ შეიძლება ეს დასასრული იყოს. ვლოცულობ მისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მას ისევ ვიხილავთ“, – განაცხადა ვებერმა.

მენეჯერის საყვედურს გამოეხმაურა მიხაელის მეუღლე კორინა შუმახერი.

„შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მიხაელი საიმედო ხელშია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად, – განაცხადა კორინამ. – ჩვენ ვითვალისწინებთ თავად მიხაელის სურვილს კონფიდენციალურობაზე, რადგან ასე იყო ყოველთვის. მიხაელიც ზუსტად ასე მოიქცეოდა ჩემთვის“.

მიხაელ შუმახერმა თავის მძიმე ტრავმა 2013 წლის დეკემბერში მიიღო სამთო თხილამურებით სრიალისას და მას შემდეგ, აღდგენით კურსს გადის. სამწუხარო ინციდენტის შემდეგ, ის არც ერთხელ არ გამოჩენილა პუბლიკაზე. გასული წლის ბოლოს დაიწერა, რომ შუმახერი აღარ არის მიჯაჭვული საწოლზე და აღარ სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი.

წყარო: lelo.ge

SHARE