დღეს საქართველო საფრანგეთს მარსელში დაუპირისპირდება

337

პარასკევს ნანსში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთს ესტუმრება. 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეს შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და, ვფიქრობ, წინასამატჩი ამბები დაგაინტერესებთ

ფრანგების შემადგენლობა

ევრო 2021-ის მეორე შესარჩევ ჯგუფში “სამფეროვნები” საქართველოს პარასკევს, 15 ნოემბერს, ნანსის “მარსელ პიკოზე” უმასპინძლებენ. მატჩს ფრანგული Canal+Sport აჩვენებს. შემდეგ კი გაემგზავრებიან ნევშატელში და 19 ნოემბერს შვეიცარიას “სტად დე მალადიერზე” ესტუმრებიან.

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვენ რიპოლმა საქართველოსა და შვეიცარიასთან მატჩებისთვის 21 მოთამაშე გამოიძახა. ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ფრანგები სოლიდური შემადგენლობით ემზადებიან.

საინტერესო იქნება იმ შემადგენლობის გაცნობა, რომლითაც დღეს საფრანგეთი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება:

მეკარეები – ალბან ლაფონტი (ნანტი), ილან მესლე (ი, ინგლისი), გაეტან პუსენი (ბორდო);

მცველები – რაიან აიტ ნური (ანჟერი), ნიკოლა კოზა (მონპელიე), კოლინ დაგბა (პარი სენ-ჟერმენი), ბუბარაქ კამარა (მარსელი), ენდი პელმარდი (ნიცა), დაიო უპამეკანო (ლაიპციგი, გერმანია), დან-აქსელ ზაგადუ (დორტმუნდი, გერმანია);

ნახევარმცველები – ედუარდო კამავინგა, იმრან ლუზა (ორვე – ნანტი), ჟან-რიკნერ ბელგარი (სტრსბური), ჯეფ რეინე-ადელაიდე (ლიონი), იუსუფ სეიდუ (სტეტიენი);

თავდამსხმელები – მუსა დიაბი (ლევერკუზენი, გერმანია), ოდსონ ედუარი (სელტიკი, შოტლანდია), ჯონაან იკონე (ლილი), ბრაიან მბეუმო (ბრენტფორდი, ინგლისი), არნო ნორდინი (სტეტიენი)

სატურნირო ინტრიგა

შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარეს და ორივე მოიგეს, თანაც, ორივე შემთხვევაში 5 გოლი გაიტანეს: აზერბაიჯანის ნაკრებთან გამარჯვების (5:0) შემდეგ, რიპოლის გუნდმა გასვლაზე სლოვაკეთსაც სძლია (5:3) და 6 ქულით მეორე ადგილზეა. ესეც იმიტომ, რომ შვეიცარიამ სამი შეხვედრა ჩაატარა და 9 ქულა დააგროვა. თუმცა, ცხადია, მეორე შესარჩევ ჯგუფში უნგრეთ-სლოვენიაში გასამართი ევრო 2021-ზე მოხვედრის უმთავრესი კანდიდატია საფრანგეთია.

ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობით, საფრანგეთი საქართველოს ნაკრების კონკურენტია, რადგან გია ცეცაძის გუნდმაც 6 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. ამდენად, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდება – კაპიტანი გიორგი არაბიძე, მცველები – ლუკა ლაკვეხელიანი და ლევან ხარაბაძე და თავდამსხმელი – ვატო არველაძე.

გუშინ სუმგაითში ჩვენი ჯგუფის მატჩი გაიმართა აზერბაიჯანსა და ლიხტენშტაინს შორის. 82-ე წუთზე ბარიშ ეკინჯერის მიერ გატანილი გოლით ჩვენმა მეზობლებმა 1:0 გაიმარჯვეს და ქულებით საქართველოსა და საფრანგეთს გაუთანაბრდნენ, თუმცა აზერბაიჯანელებს უკვე 6 მატჩი აქვთ ჩატარებული.

1. შვეიცარია 3 3 0 0 8:1 9
2. საფრანგეთი 2 2 0 0 10:3 6
3. საქართველო 3 2 0 1 8:2 6
4. აზერბაიჯანი 6 2 0 4 3:11 6
5. სლოვაკეთი 3 1 0 2 8:9 3
6. ლიხტენშტაინი 5 1 0 4 3:14 3

27-ჯერ ძვირად ღირებულები

“ტრანსფერმარკტის” შეფასებით, საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი 245,8 მილიონი ევროა. ფრანგებში რამდენიმე მოთამაშეა, რომლებიც არა უბრალოდ ძვირადღირებულები არიან, არამედ, სოლიდურ ფასად არიან შეფასებულები.

მაგალითად, “ლაიფციგის” ცენტრალური მცველი დიო უპამეკანო (40 მილიონი ევრო), “დორტმუნდის” ცენტრალური მცველი დან-აქსელ ზაგადუ (28), “ლილის” ფლანგის შემტევი ჯონათან იკონე (27), “ლიონის” საყრდენი ჯეფ ადელაიდე (25), “რენის” ცენტრალური ნახევარმცველი ედუარდო კამავინდა (20), გუნდის კაპიტანი “მარსელიდან” ბუბარაქ კამარა (18), მარცხენა შემტევი კოლინ დაგბა (18), “ლევერკუზენის” ცენტრფორვარდი მუსა დიაბი (15) და “ნანტის” მეკარე ალბან ლაფონტი (12).

ყველაზე დაბალი სატრანსფერო ფასი “ბორდოს” მეკარე გაეტან პუსენს (800 ათასი ევრო) უწერია, სხვა ყველა მოთამაშის გრაფაში მილიონზე მეტი წერია.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი ბევრად მცირე, 27-ჯერ ნაკლებია – 9,05 მილიონი ევრო. ყველაზე ძვირადღირებულები ლეგიონერები არიან ყაზანის “რუბინის” შემტევები – ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია (ორივე – 1,5 მილიონი ევრო), ასევე ლევან ხარაბაძე, რომლის შეფასებაც “ციურიხში” წასვლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა და 1,25 მილიონი ევრო გახდა.

ცხადია, ფრანგების გვერდით ეს ციფრები არ “ჩანს”. მაგრამ ეს ჩვენი მოთამაშეებისთვის დამატებითი სტიმულად უნდა გახდეს, რომ ნანსიში მაქსიმალურად მოინდომონ, რადგან ფრანგებთან ღირსეული თამაში ყველანაირად დაუფასდებათ.

წყარო: lelo.ge

SHARE