6,5 მილიონი! საბა კვირკველიას სხვა გუნდის ვარიანტი გამოუჩნდა

360

მოსკოვის “დინამო” საბა კვირკველიათი დაინტერესდა. ამ ინფორმაციას ახალი ამბების ფედერალური სააგენტო “რიაფანი” ავრცელებს.

“თეთრ-ცისფერებს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ცენტრის გაძლიერება სურთ და მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელს შეუძლია, გუნდს დაეხმაროს”, – წერს გამოცემა.

მაგრამ, “რიაფანის” ცნობით, არის ერთი პიროვნება, რომელიც ამ ტრანსფერს აბრკოლებს. ამავე დროს, სააგენტო ქართველის სატრანსფერო ფასს ამხელს: “კლუბი კვირკველიას ტრანსფერს 6,5 მილიონ ევროდ აფასებს”.

კვირკველია “ლოკომოტივში” “რუბინიდან” 2017 წლის ზაფხულში 2.5 მილიონ ევროს საფასურად გადავიდა და მოკლე დროში გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. მაგრამ, თუ “ლოკომოტივი” ქართველის იგნორირებას გააგრძელებს, ცხადია, ასეთ შემთხვევაში კვირკველია გუნდის დატოვებას ამჯობინებს.

ამ სეზონში ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, ისიც – რუსეთის თასზე. ამავე დროს, ბოლო წლებში პირველად ახლა მოხდა, რომ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში არ მიიწვია.

ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო წყაროს, “ექსპორტის” ცნობით, შესაძლოა, ქართველი მოსკოვის “დინამოში” იჯარით გადავიდეს, მაგრამ არც სრულფასოვან ტრანსფერს გამორიცხავენ. აღსანიშნავია, რომ კვირკველიას “ლოკომოტივთან” კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება.

თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ მიზეზი ტრავმა იყო. რუსულ მედიაში კი გავრცელდა ვერსია, რომლის თანახმადაც, კვირკველია ხვიჩა კვარაცხელიას გამო ატეხილი დაპირისპირების მსხვერპლი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში 18 წლის ქართველი “ლოკომოტივიდან” “რუბინში” გადავიდა. ფაქტია, კვირკველია გასულ ორ სეზონში გუნდის და რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველი იყო.

“რიაფანის” ცნობით, საქართველოს ნაკრების მცველს სერიოზული მიწვევები ზაფხულშიც ჰქონდა: “ზაფხულში კვირკველიათი დაინტერესებული იყო ბერძნული პაოკ-ი, ხოლო ერთი წლის წინ ქართველ მცველს ინგლისური “ლესტერი” იწვევდა”.

წყარო: lelo.ge

SHARE