ვაისმა პრესკონფერენციაზე ცვლილებები დააანონსა

315

საქართველოს ნაკრები 2019 წლის ბოლო მატჩი ხორვატიას დაუპირისპირდება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ქალაქ პულას საფეხბურთო კლუბ “ისტრას” სტადიონზე გამართა. საწვრთნელ პროცესში, რომელიც კვლავ ძლიერი წვიმის თანხლებით წარიმართა, 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა – ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ფეხი იტკინა და ხორვატიასთან ვერ ითამაშებს.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ვლადიმირ ვაისმა და ვაკო გვილიამ მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხეს:

ვლადიმირ ვაისიჩვენ არა მხოლოდ ევროპის, არამედ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ხორვატიას ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს. მან მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ხვალინდელ მატჩში კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გვსურს. ვფიქრობ, შვეიცარიის წინააღმდეგ მინიმუმ ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. ხვალინდელ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს განვახორციელებთ და შანსი მიეცემათ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამ შესარჩევ ეტაპზე სათადარიგოთა შორის იყვნენ…

რა თქმა უნდა, ხორვატიისა და სლოვაკეთის მატჩს ვუყურე. სლოვაკეთმა პირველ ნახევარში კარგად ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ხორვატებმა თამაში გამოასწორეს და გაიმარჯვეს. ხორვატებს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. მათ ბოლო შეხვედრაში საკმაოდ ბევრი მოთამაშე დააკლდათ, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე ითამაშეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რაც უკვე აღვნიშნე – ხორვატიას არამხოლოდ ევროპაში, არამედ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს”.

ვაკო გვილიაპირველ რიგში, მსურს, ხორვატიას ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთმანეთს ევრო 2020-ზე შევხვდეთ. ამის შანსი მარტში მოგვეცემა, როცა ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დავუპირისპირდებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უნიკალური შანსი იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად.

როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ხორვატია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და გვსურს, ჩვენი ხარისხი და ხასიათი ვაჩვენოთ. იმედი მაქვს, 2019 წელს წარმატებული თამაშით დავასრულებთ და გულშემატკივარს გავახარებთ”.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ლევან შენგელიამ და ოთარ კიტეიშვილმა ხორვატიასთან მატჩის შესახებ ისაუბრეს.

ლევან შენგელიაჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოვემზადოთ. ხორვატიის მატჩს სწორედ ბელარუსის წინააღმდეგ მოსამზადებლად გამოვიყენებთ. მაქსიმალურად შევეცდებით, შეტევასა და დაცვაში კარგად ვიმოქმედოთ. ხორვატიის დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ”.

ოთარ კიტეიშვილიშვეიცარიის წინააღმდეგ ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ერთ მომენტში შეუთანხმებელი თამაშის გამო გოლი მივიღეთ. ეს წლის ბოლო თამაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ”.

ხორვატიისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩი პულაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” შემოგთავაზებთ.

წყარო: lelo.ge

SHARE