ალი აბდელ-აზიზმა, რომელიც მჩატე წონაში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ტიტულის მფლობელ ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერია, საქვეყნოდ გამოაცხადა, რუსმა მებრძოლმა უნდა გამართოს ორთაბრძოლა ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივე ფლოიდ მეივეზერთან. ეს მოხდება იანვარში საუდის არაბეთში. აბდელ-აზიზმა „ინსტაგრამში“ ბრძოლის პოსტერიც კი განათავსა.
„თავიდანვე იგეგმებოდა ეს, მაგრამ UFC-ის შეფმა დანა უაიტმა აიძულა ფლოიდი დაემალა ეს ამბავი. სიმართლე გითხრათ, მიხარია, როცა უაიტსა და ფლოიდს ერთად ვხედავ. მეივეზერმა, როგორც იქნა, მიიღო კარგი პრომოუტერი თავისი ბრძოლების რეკლამისთვის. თუ გვერდზე გადავდებთ ამ ლაყბობას, მაშინ მეივეზერი არის ეპოქის უდიადესი მოკრივე, უაიტი – უდიადესი პრომოუტერი. ისინი ერთად დიდ საქმეებს აკეთებენ. პატივს ვცემ მათ, მაგრამ ხაბიბი ნებისმიერ დროს გაანადგურებს ფლოიდს“, – დაწერა აბდელ-აზიზმა.
წყარო: lelo.ge