ეს ინტერვიუ 1998 წლის იანვრის ბოლოს, მოსკოვში გამგზავრების წინ არის ჩაწერილი. 24 საათის შემდეგ ახალკაცი რუსეთის დედაქალაქში გულის შეტევით გარდაიცვალა…
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის ამ ინტერვიუს (რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა) ორიგინალური ვერსია 1998 წელს, პოპულარულ საფეხბურთო გაზეთ “11X11-ში” გამოქვეყნდა…
ინტერვიუ საკმაოდ მოცულობითია და Lelo.ge მას რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ. ნოდარ ახალკაცი საუბარს იწყებს იმ დაპირისპირებით, რომელიც მაშინ ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოს შორის წარმოიშვა. მაშინდელი ხელისუფლების ქმედებები შეფასდა მის ჩარევად საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში, რასაც ოდითგანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ფიფა და უეფა…
ინტერვიუ ნოდარ ახალკაცთან, 1998. გაზეთი “11X11”
…ავადმყოფი კაცის პირობაზე საოცრად მხნედ გამოიყურებოდა. მოდი ახლა და, ნუ დაიჯერებ, იმ ქვეყნად მიმავალს წინა დღით მოკეთება სჩვევიაო. სხვათა შორის, როგორც შევიტყვეთ, წინა დღეს ფედერაციის მთელი შენობა შემოუვლია, ყველას გამოლაპარაკებია თუ გახუმრებია. თითქოს ტანმა უგრძნოო.
ჩვენთან მოწყობილი მრგვალი მაგიდა კი, თითქოს ანგარიშის ჩაბარება გახლდათ გულშემატკივრისთვის. მამაზეციერთან წარდგომის წინ. შეხვედრის დამთავრებიდან 24 საათის შემდეგ კი…
ნაახალწლევს ისე შეიქნა 60 წლის, ხეირიანად არც არავის მიულოცავს საიუბილეო თარიღი. ჯილდო კი არა, უბრალო სიგელი ან მილოცვა არ უღირსებიათ, თითქოს ვინმე, რიგითი სპეციალისტი ყოფილიყოს…
– ვინც ეს დაპირისპირება წამოიწყო, მას ქართული ფეხბურთის კეთილდღეობა არ უნდა. ისინი რვა წლის განმავლობაში მარტო ნეგატიურს ხედავენ, პოზიტიური კი არაფერი დაუნახავთ ჩვენი ფეხბურთის განვითარებაში. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, აღვირახსნილ და დაუსაბუთებელ კრიტიკას იმსახურებდა. პირველი ჩვენი ნაბიჯები მახსოვს, რომელიც გამარჯვებისთვის 3 ქულის დარიცხვას ითვალისწინებდა.
მაშინ როგორ დაგვცინოდნენ, გავიდა სამი წელი და საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებმა ყველა ქვეყანაში დააკანონეს ჩვენ მიერ დანერგილი პრაქტიკა. დღეს გაჰყვირიან, საქართველოს ჩემპიონატში ჩაწყობები მიდისო.
ეს 3-ქულიანი სისტემა ზუსტად იმისთვისაა გათვალისწინებული, რომ მსგავსი მოვლენები ნაკლები იყოს. შემდეგ პირველობის ჩატარების “შემოდგომა-გაზაფხულის” სისტემაზე გადავედით, რაც აუცილებელი გახლდათ. თუ გინდა, რომ ჩაერთო საერთაშორისო კალენდარში, ამ სახით უნდა ჩაატარო პირველობა, სხვაგვარად არ მოხერხდება.
თუ გახსოვთ, გასული შესარჩევი ციკლისას, ივნისში ორი თამაში ჩავატარეთ ერთი კვირის განმავლობაში, ასეთი რამ პირველად იყო აპრობირებული. ამან შეიძლება დიდი სარგებელი მოიტანოს. ეს ვარიანტი სჯობს გუნდის თითო მატჩზე შეკრებას. ხომ ნახეთ ის თარიღები, რომელიც უეფამ გამოაქვეყნა. გარდა პლეი ოფის თამაშებისა, მჭიდრო განრიგით უნდა ჩატარდეს შეჯიბრება.
ამ ვადებში უნდა ჩაეტიო, სხვა დროს ვერ ითამაშებ. ჩვენი ფედერაცია მუდამ ავანგარდში იყო, ასწრებდა მოვლენებს, დროს, პოლიტიკიდან დაწყებული – წმინდა საფეხბურთო ასპექტებით დამთავრებული. ჩვენი ფედერაცია მაშინ გამოეყო საკავშიროს, როდესაც ქვეყანას ჯერ კიდევ კომუნისტები მართავდნენ. ეს მაშინ ბომბივით გასკდა.
ზოგიერთს ავიწყდება და უნდათ დააკნინონ სფფ-ის როლი. სხვას რომ თავი დავანებოთ, ავიღოთ როგორ კომპლექტდება ჩვენი აღმასკომი, ბევრი ვიომე, რომ მასში რეგიონული პრინციპი ყოფილიყო გათვალისწინებული, შემდეგ ეს
პოლიტიკური მართვის პრინციპიც გახდა. ახლა არსებობენ – გუბერნატორები, რეგიონული მართვის სისტემა… დიახ, სფფ ასწრებს მოვლენებს, ეგაა ეკონომიკა და დემოკრატია ვერ გვიწყობს ხელს, რის გამოც ხდება ასეთი ლაფსუსები.
თქვენ ამას დაპირისპირებას ეძახით, ეს დაპირისპირება კი არა, სახელმწიფო მანქანის მოქმედებაა პატარა ორგანიზაციის მიმართ, რომელიც მონურად მორჩილი არ აღმოჩნდა და არ დაუკრა თავი იმას, რასაც დიდი ზიანი შეეძლო მოეტანა ქართული ფეხბურთისთვის.
ჩვენ ცოტა სხვანაირად ვუდგებით ამ საკითხს. თქვენ ამბობთ, დროებით მიწყნარდა ყველაფერიო, ჩვენ არ ვჩერდებით და არც გავჩერდებით. იმ ხალხმა, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. ისე კი არა, რომ ორიოდ სიტყვით გაიკიცხონ.
თუ სახელმწიფოში მოვლენების სწორი ხედვა აქვთ, აანალიზებენ და დასკვნებს აკეთებენ, უნდა მიხვდნენ, რომ დიდი დარტყმა მიაყენეს ხელისუფლების ავტორიტეტს, შეარცხვინეს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით. რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათაღელვა, რომელიც საერთოდ არ იყო საჭირო.
ალბათ, ვიღაცას სჭირდებოდა, რომ სოციალური პრობლემებიდან ხალხის ყურადღება ფეხბურთზე გადაეტანათ. ასეთი თამაში და ბაკქანალია ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ ეს ტერორია! ჩვენს ქვეყანას სტაბილიზაცია, მოვლა-პატრონობა და საქმის კეთება სჭირდება.
კანონს რომ იღებ, ის ხომ უნდა მუშაობდეს, ხომ უნდა შეუწყოს ხელი ფეხბურთის განვითარებას? რად გინდა ისეთი კანონი, რომელიც ამხელა დესტაბილიზაციას იწვევს? საპარლამენტო კომისია რისთვის უნდა იყოს მოწადინებული? იმისთვის, რომ ისეთი კანონები მიიღოს, რომელიც დაეხმარება ფეხბურთის განვითარებას. ამის მაგივრად, რიგგარეშე ყრილობის მოწვევას ითხოვენ. ვინ ჰკითხავს მათ ამას?! ეს ჩვენი პრეროგატივაა. ჩვენი საქმეა, ყრილობას მოვიწვევთ, კონფერენციას ჩავატარებთ თუ კონგრესს. ასე სახელმწიფო შორს ვერ წავა.
დავარქვათ პირდაპირ – დღეს მოხდა ფეხბურთის ფედერაციაზე თავდასხმა. რას ჰგავს ეს!.. უკანონო ბრძანებას წერენ და ვერც ასრულებენ. ხვალ შეიძლება თავდასხმა მოხდეს სხვა ფედერაციაზე ან საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე, რომელთაც კონსტიტუციით უფლებები აქვთ მინიჭებული, თქვენ კი ამბობთ – ცოტა მიწყნარდაო, ცოტა მოწესრიგდაო… კიდევ ვიმეორებ – ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით!
მოგეხსენებათ, ქვეყნის პრეზიდენტი გახდა იძულებული, ჩარეულიყო საქმეში. მაგრამ ამას გაგრძელება უნდა მოჰყვეს. დესტაბილიზაციის გამომწვევებმა პასუხი უნდა აგონ! ბატონი შევარდნაძის იდეა იყო და ჩვენც დიდი ხანია გვსურს, შემუშავდეს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. შეიქმნა კომისია, რომელშიც ისევ ის ხალხია თავმოყრილი, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო. როგორ გგონიათ, ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ?
თქვენს გაზეთს რატომ ვაფასებ იცით? იმიტომ კი არა, რომ ნოდარ ახალკაცის პოზიცია დაიკავეთ, თქვენ იცავთ მომავალს – ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მომავალს. დემოკრატია ცხოვრებაში უნდა განვითარდეს. ყველა იდეა პრაქტიკაში ადამიანებმა უნდა გაატარონ. ზოგს სძულს სტალინი, მაგრამ ჩემთვის ის დიდი სტალინია. მას ასე აქვს ნათქვამი – Все решают кадры (“ყველაფერს კადრები წყვეტენ” – რედ).
ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს პოზიციებს! ეს არის ყველაზე მთავარი. აქ რაიმე გადაწყვეტილებას რომ ვიღებთ, ძალიან ბევრ ნიუანსს ვითვალისწინებთ, რასაც სახელმწიფო უწყებებში არ ითვალისწინებენ. მთელი კომისიის ლაპარაკი მხოლოდ რამდენიმე თემაზეა გამახვილებული. ერთსა და იმავეს ყვირიან, თუთიყუშებივით იმეორებენ – რატომ უნდა იყოს 16 გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში? უნდა იყოს ათიო.
ჩვენ საქართველოს სრულ წარმოდგენაზე ვზრუნავთ. ისედაც რამხელა ტერიტორიაზე არ ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია. აფხაზეთი რას ნიშნავდა ჩვენთვის, კარგად მოგეხსენებათ, რა კადრები მოდიოდა, რა გუნდები გვყავდა, რა ბაზები…
8 წლის წინ საქართველოს ჩემპიონატში აფხაზეთიდან თამაშობდნენ გაგრის, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გალის, ტყვარჩელის გუნდები – ეს მარტო საქართველოს პირველობაზე, არაფერს ვამბობ მეორე და მესამე ჯგუფებს და ბავშვთა ტურნირებს. ასევე ოსეთს ჰყავდა გუნდი. როგორ შეიძლება კიდევ შემცირებაზე ლაპარაკი? მართლა თბილისის გუბერნია ხო არ გავხდებით?!
კი არ უნდა შევამციროთ, სადაც არის, თავი უნდა მოვიკლათ და შევინარჩუნოთ. მოგეხსენებათ, რა დღეშია ბოლნისის გუნდი, მარნეულში ქართული გუნდი იყო და მოხსნეს. პოლიტიკურად რა შეფასებას მისცემთ ამას? მერე ის ბავშვები სად უნდა წავიდნენ? სად და ქუჩაში, რაღაც სიბინძურე უნდა ჩაიდინონ. აბა, რა ქნან, ვინ მისცემს მათ სამსახურს? ვინ მისცემს ოჯახის რჩენის საშუალებას?
აი ის ხალხი, ვინც დღეს სპორტის დეპარტამენტშია და კიდევ ისინი, კულტურის კომისიაში რომ იყვნენ ჩვენი კულტურის დიდი წარმომადგენლები, 10 წლის წინ იცით რისი ავტორები იყვნენ? საქართველოს პირველობაზე 23 წლის ფეხბურთელებს თამაში აუკრძალეს!
დღეს კი გუნდების რაოდენობის შემცირება უნდათ, ერთი მაგათ თავში ჩამახედა!.. შენ თუ სახელმწიფოს სამსახურში ხარ, ხომ უნდა ფიქრობდე, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული ფეხბურთში. ჩვენ ეს პერიოდი უნდა გავძლოთ, ხვალ კი, როცა ქვეყანა მომაგრდება, მერე შეიძლება შევამციროთ კიდეც.
მერე ის გუნდები, პირველ ჯგუფს მიღმა რომ დარჩებიან, დაბალ ლიგაში ითამაშებენ, დღეს კი რა ქნან? გუნდი რომ დაიშლება, წავლენ ფეხბურთელები, მწვრთნელები, მასაჟისტები, ადმინისტრატორი… აღარ იქნება ბავშვთა სექტორი. უფიქრიათ, ამ 6 გუნდის წევრები ახლობლებიანად რომ ჩამოვიდნენ თბილისში და გაიფიცონ, მაშინ რაღას აპირებენ?
I ნაწილის დასასრული
წყარო: lelo.ge