ინტერვიუ წლის საუკეთესო სპორტსმენთან: 500-იანის ზღვარიც ვერ იქნება მიჯნა

589

24 დეკემბერს საქართველოს სპორტის ჟურნალისტთა ასოციაციის საზეიმო საღამო გაიმართა, რომელზეც გაცხადდა, რომ პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა, რიოს თამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოს და ევროპის ოთხ-ოთხგზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, ჟურნალისტთა გამოკითხვით, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება ზედიზედ მეოთხედ დაიმსახურა.

– ეს აღიარება არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე შეჯიბრებებზე მოპოვებული მედლები, – გვითხრა სახელოვანმა სპორტსმენმა. – იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, რომ გარჯას გიფასებენ, ხალხს უყვარხარ და პატივს გცემს. ეს დამატებითი სტიმულია ახალ-ახალი მიღწევებისთვის. მადლობის მეტი რა მეთქმის.

– ოთხ წელიწადზე მეტია, საერთაშორისო სარბიელზე გამოდიხარ და პირველობას არ თმობ… 

– მაგრამ  2019 წელი განსაკუთრებულია  ჩემთვის, რადგან წლეულს ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვიასპარეზე საკუთარი ქომაგების თვალწინ. აპრილში ამ შეჯიბრებას ბათუმმა უმასპინძლა. მიზნად, ცხადია, პირველობა და ამ ტურნირის რეკორდებით გალამაზება განვიზრახე, რაც შევძელი. მაშინ ფიცარნაგზე გამოსვლისა და მის შემდეგაც იმდენი თანადგომა და სიყვარული ვიგრძენი ქომაგებისგან, რომ ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია.

– სეზონის მაჟორული დასაწყისი თამასის დაშვების საშუალებას არ გაძლევდა.

– ცხადია, და არც მიცდია, რადგან მსგავსი რამ ჩემი და მწვრთნელების გეგმაში არ შედის.  ამიტომაც იყო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტაილანდურ პატაიაში ისეთი შედეგი ვაჩვენე, რომლის მსგავსი მსოფლიოს ძალოსნობის ისტორიაში ჯერ არავის დაუფიქსირებია: ორჭიდის ჯამში 484 კილოგრამი მოვაგროვე და ასე გადავდგი კიდევ ერთი ნაბიჯი იმ 500 კილოგრამისკენ, რაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ დაგეგმა. შევეცდები, რომ ახლო მომავალში ეს ჩანაფიქრი რეალობად ვაქციო. პატაიაში 220 კილო ავიტაცე და 264 კილო ავკარი, რაც, ასევე, მსოფლიოს ახალი მიღწევებია.

– ჩემპიონობასთან, ოქროებსა და რეკორდებთან ერთად 2019 წელს ლაშა ტალახაძის ცხოვრებაში იყო ყველაზე დიდი ჯილდოც…

– დიახ, ჩემი მარიამი, რომელიც წლეულს მოევლინა ქვეყნიერებას – ცხოვრების უდიდესი სიხარული და სტიმული. წლევანდელი ჩემი გამარჯვებები მისი დამსახურებაცაა. არაფერს დავიშურებ, რომ წარმატებები 2020 წელსაც ვამრავლო და ამ მიღწევებსაც მარიამს, ჩემს ოჯახსა და სრულიად საქართველოს მივუძღვნი. წინ ბოლო ოთხწლეულის ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრება გველის – ტოკიოს ოლიმპიური თამაშები და მინდა, იქაც გავუმართლო იმედები ჩემს ქვეყანას. 27 იანვარს იტალიაში გავემგზავრები საერთაშორისო ტურნირზე. ეს მეექვსე სალიცენზიო სტარტი იქნება და ოლიმპიადის საგზურსაც დავიმსახურებ. მერე ევროპის ჩემპიონატზე გამოვალ, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, სად და როდის გაიმართება. არ არის გამორიცხული, ამ შეჯიბრებასაც საქართველომ უმასპინძლოს. მერე კი ტოკიოს თამაშებზე ვიასპარეზებ, რომელსაც ოთხი წელიწადია ველოდებით.

– ამომავალი მზის ქვეყანაში ხომ არ აპირებ 500-კილოიანი ზღვრის გადალახვას?

– არა, ოლიმპიადაზე რეკორდებზე გამოდევნებისა და შეცდომის დაშვების უფლება ნამდვილად არ გვექნება. იქ ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად, ამიტომ თითოეულ ცდას მაქსიმალურად გავუფრთხილდებით. მერე მოვა ორჭიდში 500 კილოგრამის დაძლევის დროც და, მერწმუნეთ, არც ეს იქნება ზღვარი.

– დიდი ხანია, გაზეთი „ლელო“ წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად მკითხველთა გამოკითხვას ატარებს. წლევანდელი რეფერენდუმი ჯერ არ დამთავრებულა და უკვე შეიძლება საიდუმლო გავთქვათ – ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ დიდი უპირატესობით იმარჯვებს.

– თქვენი გაზეთის მადლიერი ვარ – „ლელო“ ჩემს ყველა შეჯიბრებას მაქსიმალურად აშუქებს და მისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. რაც შეეხება გამოკითხვას, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ხალხის თანადგომა უდიდესი სტიმულია, ეს გვაძლიერებს. ბედნიერი ვარ, რომ ხალხის სიყვარული და თანადგომა არც მე მაკლია.

წყარო: lelo.ge

SHARE