…„ირანი და ამერიკა კი არა, მესამე მსოფლიო ომი ქუთაისიდან დაიწყება!“…

569

ქუთაისის “ტორპედოში” მიმდინარე ამბები ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. კლუბში იტალიელი ინვესტორის მსვლას არა და არ დაადგა საშველი. ამის გამო ქუთაისელი გულშემატკივრები ნერვიულობენ. ქომაგების გვერდზე (“ჩვენ ვართ ტორპედო”) ამასთან დაკავშირებით მორიგი წერილი გამოქვეყნდა:

“პარასკევს გვითხრეს, რომ იტალიელებთან შეხვედრა მერიაში იყო და ყველაფერი ნორმალურად მიდის, ორშაბათს ეკონომიკის სამინისტროსთან იქნება შეხვედრა და სამშაბათს ოფიციალური განცხადება გაკეთდებაო. მაგრამ დღესაც სიწყნარეა და ახალი არაფერი ვიცით. კლუბს ბოლო ვადა 26 იანვრამდე, ანუ შაბათამდე აქვს – თუ იქამდე დავალიანება არ გასწორდება, ოფიციალურად ეროვნული ლიგიდან გაგვაგდებენ. ყოველდღე გვეუბნებიან, რო ყველაფერი ლაგდება და ყველაფერი კარგადაა. იმედია, ასეც იქნება და ბოლო დღეს არ გამოვლენ და არ იტყვიან, ყველაფერ ვცადეთ, მაგრამ ვერაფერი შევძელითო...

“ტორპედო” თავისი უსახური თამაშით რომ გავარდნილიყო, არავინ ხმას არ ამოიღებდა. მაგრამ გუნდმა ჯოჯოხეთური პირობებისა და კრიზისის მიუხედავად იბრძოლა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ამიტომ, სხვა მიზეზით გავარდნას არავის შევარჩენთ. გუნდები უკვე დაკომპლექტებული შემადგენლობებით თურქეთში შეკრებებზე არიან, ზოგმა პირველი მატჩები ჩაატარა და ამ დროს, ჩვენთან რა ხდება? ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ისიც არ ვიცით, სად ვითამაშებთ”, – წერია “ჩვენ ვართ ტორპედოს” გვერდზე.

“ტორპედოს” გულშემატკივარი ქეთა ჯალაღანია სერიოზულ პოსტს ქუთაისური იუმორით აქვეყნებს: “100000 პროცენტით ვარ დარწმუნებულირომ გადავრჩებით და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გულშემატკივრებს ვერავინ და ვერაფერი გააჩერებს. მესამე მსოფლიო ომი ქუთაისიდან დაიწყება, არ ვიცი მე ირანი და ამერიკა. “ტორპედო” არ უნდა მოკვდეს“.

ქომაგები ვერც ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას სატელევიზიო კომენტარმა დაამშვიდა:

“ჩვენც მოლაპარაკების დასრულებას ველოდებით, სულ რამდენიმე დეტალი დარჩა შესათანხმებელი. შეთანხმების შემთხვევაში, იტალიელები მზად არიან, “ტორპედო” ბოლომდე გადაიბარონ და გუნდში და მის განვითარებაში ინვესტიცია ჩადონ. პოტენციურ ინვესტორები გასულ კვირას ჩამოვიდნენ, გავაცანით ჩვენი პირობები და მათ პირობებსაც გავეცანით. ვნახოთ, მოლაპარაკება როგორ დასრულდება. ყველა სურვილია, “ტორპედოს” საკითხი მოგვარდეს. ამიტომ, სამხარეო ადმინისტრაცია და ასევე მუნიციპალიტეტი და ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ, საკითხი დადებითად რომ გადაწყდეს. ჯერ კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის”,  ამბობს ჭიღვარია.

საინტერესო წერილს აქვეყნებს ჯგუფი “მე-13 სექტორი”: “დიდი პრობლემების წინაშე მყოფი კლუბის გასხვისება იოლი რომ არ არისამას მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ აჩვენებს. ღმერთმა ქნას, ქუთაისური კლუბისთვის ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდეს და ფინანსური კრიზის გამო უმაღლესი ეშელონის დატოვება არ მოუწიოს. საამისოდ კი ფეხბურთის ფედერაცია ყველანაირ ღონეს ხმარობს და ქუთაისის “ტორპედოს” დაქვეითებას არ ჩქარობს. “ტორპედოში” მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული, თუ სად გააგრძელებენ ასპარეზობას წლევანდელ სეზონში “რუსთავი”, “გურია” და “ბორჯომი”. “ტორპედოს” დაქვეითება როგორ შეიძლება საქართველოში ვინმეს გაუხარდეს, მაგრამ თუ ასეთი ცუდი შედეგი მივიღეთ, მაშინ ლიგა 3-დან დაქვეითებული გუნდი კვლავ ლიგა 3-ში დაბრუნდება, როგორც წინა სეზონის მეცხრეადგილოსანი, ასეთ შემთხვევაში ეროვნულ ლიგა 2ში ისევ ვიხილავთ ლანჩხუთის “გურიას”, რომლმაც, თავის მხრივ, მე8 ადგილი დაიკავა ლიგა 2ში და პლეი ოფით გავარდა, ხოლო “ტორპედოს” ადგილს ეროვნულ ლიგაში “რუსთავი” დაიკავებს. თუმცა იმედია, ამ ზომების მიღება აღარ გახდება საჭირო”.

წყარო: lelo.ge

SHARE