თოთხმეტწლიანი კარიერის განმავლობაში არათუ მთელი ბაშო, ერთი შეხვედრაც არ გამოუტოვებია, ბოლო სამ თვეში კი ზედიზედ მეორედ მოუწია “კიუჯოს” (ტურნირიდან ნაადრევად მოხსნა რ.შ.) გამოცხადებამ. ბევრისთვის ეს კარიერის დასრულებას ნიშნავს, თუმცა გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ვეტერან სუმოისტს, რომელიც თებერვალში 33 წლის ხდება, ორივე მუხლი ტრავმირებული აქვს და დოჰიოზე გადაადგილებაც კი უჭირდა, რასაც მოჰყვა კიდეც ლოგიკური გადაწყვეტილება – კიუჯო, თუმცა ჯერაც არ ვიცი, როგორ მოვიქცევიო, მითხრა შინაპატიმრობაში მყოფმა.
– გაგა, როგორ ხდება კიუჯოს გამოცხადება?
– უმეტესწილად, კიუჯო ცხადდება მაშინ, როცა სუმოისტი ტრავმის გამო ვეღარ ახერხებს ასპარეზობის გაგრძელებას. მენისკის პრობლემა ორივე ფეხზე მაქვს და გასული წლის სექტემბრის შემდეგ მუხლებიდან სამ ლიტრზე
მეტი სითხე ამომიღეს… შარშან, ნოემბრის ბაშოს მიწურულს, კარიერაში პირველად გამოვაცხადე კიუჯო, რადგან ტრავმის გამო დოჰიოზე გადაადგილებაც კი მიჭირდა. მაინც ვაპირებდი ბაშოს ჩამთავრებას, თუმცა სუმოს ფედერაციაში უთხრეს ჩემი კლუბის პრეზიდენტს, ყველა ვხედავთ, როგორ წვალობს და ჯობს, ტურნირიდან მოიხსნასო. სამწუხაროდ, იანვრის ტურნირის დაწყებიდან მალევე გამოჩნდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას ისევ ვერ ვახერხებდი და ამჯერად კიუჯო თვითონ გამოვაცხადე.
– წარმოიდგინეთ, რომ თოთხმეტი წლის განმავლობაში ყოველდღე დარბაზში ხარ და უცებ… ტურნირი მიმდინარეობს, შენ კი იქ არ ხარ… უნდა ჭიდაობდე და ამ დროს ტელევიზიით უყურებ ბაშოს… ასეთ დროს რაღაცნაირად დანაშაულის შეგრძნებაც კი გეუფლება, თითქოს რაღაცას არასწორად აკეთებ… რამდენჯერმე, ინსტინქტურად, ლამის ავდექი კიდეც და ბაშოზე წავედი!
– ასეთ დროს არათუ ბაშოზე დასწრების, კლუბიდან გასვლის უფლებაც კი არ გაქვს. ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში ხარ! ფედერაციის წარმომადგენლებმა თუნდაც მაღაზიაში გასული რომ დაგინახონ, გეტყვიან, ქუჩაში სეირნობა თუ შეგიძლია, ტურნირს რაღატომ ტოვებო?! მახსოვს, წლების წინ იოკოძუნა ასაშორიუმ ჯუნგიო (საჩვენებელი ორთაბრძოლების ტურნე ბაშოებს შორის. – რ.შ.) გამოტოვა, მშობლიურ მონღოლეთში წავიდა და მას შემდეგ, რაც იქ ფეხბურთის თამაშის დროს “გამოიჭირეს”, იაპონიაში ისეთი ამბავი ატყდა, ლამის ტურნირიდან მოხსნეს… ბაშოს დასრულების შემდეგაც სასურველია, იშვიათად გამოჩნდე ხალხმრავალ ადგილებში.
– დღესაც ძლივს ვიჯერებ, ტრავმირებული რომ ვარ, რადგან აქამდე ტრავმა არასდროს მიმიღია. ჭიდაობის ჩემი სტილიდან გამომდინარე, არ უნდა მიმეღო და არც ვიღებდი. იაპონელებს უკვირდათ კიდეც – ამდენი წელია, ტრავმის გარეშე ჭიდაობო… მეტოქეს სასტარტო შეჯახებით თუ ვაჯობებ ხოლმე, ხომ კარგი, თუ არადა მერე, გაჩერებაც კი მიჭირს. სხვა სუმოისტებისგან განსხვავებით, არ შემეძლო დოჰიოს საზღვართან შეჩერება და მოწინააღმდეგისთვის წინააღმდეგობის გაწევა. როცა მეტოქე გაწვება, შენ კი მის შეჩერებას უკან გაწეული ცალი ფეხით ცდილობ, ფეხი ყველაზე მეტად იტვირთება. მე ამას ვერ ვაკეთებდი და ტრავმის ალბათობაც ნაკლები იყო. მარჯვენა მუხლის მენისკი ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მაწუხებდა, თუმცა იშვიათად შემახსენებდა ხოლმე თავს. სამწუხაროდ, გასული წლის სექტემბერში, სოკოკურაისთან შეჯახებისას მარცხენა მუხლის ტრავმაც მივიღე… სექტემბრის ბაშო კი ჩავამთავრე, მაგრამ სამწუხაროდ, შესვენების დროსაც ვერაფერი ვუშველეთ. ტკივილი არ მაძინებდა, მუხლიდან სითხის ამოღება კი 2-3 დღეში ერთხელ ხდებოდა საჭირო…
– ყველაზე ცუდი ის არის, რომ შენს შემთხვევაში მენისკის პრობლემას ვერც ქირურგიული ჩარევა მოაგვარებს…
– ერთი ძვალი უკვე იმ დონეზე ეხება მეორეს, რომ დეფორმაცია აქვს დაწყებული, კუნთოვანი მასაც დაჟეჟილია და მუხლიდან ამოღებულ სითხეს უკვე სისხლიც მოჰყვება… უამრავი კლინიკა მოვიარე და ყველა ექიმი ერთსა და იმავეს მეუბნება – თუ ასეთი ფეხებით სუმოში ვარჯიშს გააგრძელებ, ხუთ წელიწადში სიარულიც კი გაგიჭირდებაო! ოპერაციის შემთხვევაში ერთი წელი მომიწევს დასვენება. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ეს დიდი დროა, მაგრამ ამასაც დავთანხმდებოდი, რომელიმე ექიმი მაინც რომ მაძლევდეს გარანტიას, რომ ახალი ხრტილი დატვირთვას გაუძლებს.
– როცა 212 კილოგრამი ვიყავი, სულ ჩემი წონა იყო სალაპარაკო, არადა, როცა წონა მქონდა და ჯანზეც ვიყავი, ყველას სიამოვნებდა დანახვა, ერთი დაჯახებით როგორ ვატრიალებდი მეტოქეებს. როდესაც მუხლებზე პრობლემა შემექმნა, თვითონაც მივხვდი, რომ წონის დაკლება აუცილებელი იყო. დავიკელი კიდეც, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ეს ძალიან რთულია – ყველანაირად ვცდილობ, ვწვალობ, მაგრამ ზოგჯერ რამდენიმე თვის შრომა ორ დღეში ჩამეყრება ხოლმე წყალში…
– ამაზე უკვე რამდენიმე წელიწადია, ვფიქრობ…
ჩემს სამშობლოში ჩამოსვლა როგორ არ მინდა, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა – რის გაკეთებას შევძლებ საქართველოში, როცა ამდენი წელიწადია ვცხოვრობ იაპონიაში, აქ მყავს მეგობრები, რომლებსაც სახელიც აქვთ და სიტყვაც ეთქმით… საქართველოში ჩამოსვლას და დაჯდომას ყველაზე კარგ ადგილას – თამადად, სჯობს, იაპონიაში ვაკეთო ქართული საქმე…
– ყოფილ სუმოისტებს სუმოს კლუბში რა პოზიციაზე შეუძლიათ საქმიანობა?
– შეგიძლია, კლუბის ოიაკატა (კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი. – რ.შ.) გახდე, მაგრამ ამისთვის საჭიროა სპეციალური ლიცენზიის ყიდვა, რომელიც მხოლოდ 105-ია. აქამდე, ოიაკატა ვალდებული იყო, თანამდებობა და ლიცენზია 65 წლის ასაკში დაეთმო, მაგრამ ერთი წლის წინ ახალ “საპენსიო ასაკად” 70 წელი განისაზღვრა, ასე რომ, სანამ რომელიმე კლუბის პრეზიდენტი 70 წლის არ გახდება ან არ გარდაიცვლება, ლიცენზია არ თავისუფლდება. ამ ეტაპზე პრეზიდენტობაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, რადგან რამდენიმე წელი მომიწევს ლოდინი და უამრავი მსურველის პირობებში ისიც საკითხავია, შემხვდება თუ არა ლიცენზია.
– ტოჩინოშინმა რა გითხრა მეორე კიუჯოს შემდეგ?
– თვითონ როგორ გრძნობს თავს?
– თავდაპირველად ისე აწუხებდა გატეხილი ნეკნი, ლაპარაკს და გაცინებასაც კი ვერ ახერხებდა. ნაახალწლევს ცოტა გამოკეთდა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ წლების მატებასთან ერთად სულ უფრო რთულდება ენერგიის აღდგენა. დრო არც ჰქონია და იანვრის ბაშოს მოუმზადებელი შეხვდა, მაგრამ იმედია, შეძლებს ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებას.
– რა გავარდნაზეა ლაპარაკი?! თუ გულით მოინდომებს, დარწმუნებული ვარ, ლევანი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლებს უმაღლეს დონეზე ასპარეზობას! პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ: ტოჩის არ უყვარს ხოლმე თქმა, რომ კარგად არის და არაფერი აწუხებს. როგორც ჩანს, ეშინია, რომ ნათქვამი უკუღმა შეუბრუნდება…
– პირველად რომ გადავედი ჯურიოში, სულ მიკვირდა, უფროსი სუმოისტებისგან რომ მესმოდა, წლები რა სწრაფად გადისო. ახლა კი, როცა ჩემს 14-წლიან კარიერას გადავხედავ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მხოლოდ ერთი დღეა გასული! კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც, მაგრამ ის წლები მაინც საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში… მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა,
იყო პერიოდები, როცა პასიური ვიყავი, მეტი აქტიურობა მომეთხოვებოდა, მაგრამ საერთოდ მადლობელი ვარ, იაპონიაში რომ მოვხვდი და სუმოში მეც დავწერე ჩემი პატარა ისტორია…
– დიახ, იოკოძუნა ჰარუმაფუჯი 2015 წლის მარტის ბაშოზე დავამარცხე. მაშინ თითქოს ჯილდო მივიღე იმ ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გავიღე სპორტისთვის… დედაჩემი ცოცხალი იყო და როცა მის თვალებში სიხარულის ცრემლები დავინახე, ლამის მეც ავტირდი… დედას პირდაპირ ეთერში არასდროს უნახავს ჩემი ორთაბრძოლა – არ შემიძლიაო, მაგრამ როცა ვიგებდი, ყველაზე ბედნიერი იყო… უფლის მადლობელი ვარ, რადგან ისეთ პერიოდში მომიწია ჭიდაობამ, როცა ჰაკუჰო (მონღოლი იოკოძუნა, თანამედროვე სუმოს ისტორიაში იმპერატორის თასის ყველაზე მეტჯერ (43) მფლობელი. – რ.შ.) შეუჩერებელი იყო, როცა ლევანმა იმპერატორის თასი და ოძეკის წოდება მოიპოვა… ვიმეორებ, ეს წლები დაუვიწყარია ჩემთვის და იმედი მაქვს, რომ თუ არ იამაყებენ, ჩემი შვილიშვილები იმას მაინც იტყვიან, გაგამარუ ჩვენი ბაბუააო.
– სუმოს კლუბებში უცხოელების მიღების პროცესიც გართულდა და სიმართლე გითხრათ, საქართველოდან არც არის დიდი მოთხოვნა. თუმცა არიან ჩამოსვლის მსურველი ბიჭები და ვნახოთ, რა გამოვა.
– კარიერაც რომ დავასრულო, ოლიმპიადაზე დასწრებაში ხელს არც ეს შემიშლის. უბრალოდ, დაახლოებით ერთი წლის წინ ერთად ვისხედით მე, ლევანი, ჰაკუჰო და კაკურიუ და ვისურვეთ, კარგი იქნება, თუ 2020 წლის ოლიმპიადამდე მაინც შევინარჩუნებთ ადგილს ელიტაშიო. მე ვერ შევძელი, მაგრამ ხომ მივუახლოვდი მაინც?
– დიდ მადლობას ვეტყვი როგორც სიყვარულის, მხარდაჭერის, გვერდში დგომის, ასევე – კრიტიკისთვისაც. მათი დამსახურებაა თუნდაც ის ბოლო წელი, რაც სუმოში გავატარე! ბევჯერ ისეთი სიტყვები მოუწერიათ, ცრემლის შეკავება გამიჭირდა… ვეცდები, ამ სიყვარულისთვის მადლობა გადაგიხადოთ ყველგან – სპორტში ვიქნები თუ სხვა სფეროში.
წყარო: kvirispalitra.ge