WBF-ის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი: თბილისში ძალიან მაგარ ბრძოლას ველი!

521

მხოლოდ ერთი დღე დარჩა იმ დიდ საკრივო დაპირისპირებამდე, რომელშიც ქართველი პროფესიონალი მოკრივე ლაშა გურგულიანი WBF (მსოფლიო კრივის ფედერაციის) ვერსიით 69 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის დასაცავად იბრძოლებს.

გურგულიანმა ჩემპიონის ქამარი შარშან მაისში მოიპოვა, როდესაც ეგვიპტეში გამართულ ბრძოლაში ადგილობრივი მოკრივე ანდრეას ვალავანისი დაამარცხა 12 რაუნდიან დაპირისპირებაში და ქამარი საქართველოში წამოიღო.

ტიტულის დასაცავად გასამართ ბრძოლაში ლაშას მეტოქე მექსიკელი ედგარ ორტეგა იქნება. პაექრობა ისევ 12 რაუნდიანი უნდა იყოს.
იგი 26 იანვარს თბილისის ვერის ბაღის კალათბურთის სასახლეში 16 საათზე დაიწყება. მთავარი ბრძოლის დაწყებამდე კი მაყურებელს საშუალება ექნება 11 სარეიტინგო ორთაბრძოლა იხილოს ქართველი პროფესიონალი მოკრივეების მონაწილეობით.

საჩემპიონო ორთაბრძოლისთვის უშუალოდ თვალის სადევნებლად საქართველოში გუშინ ჩამოვიდა WBF–ის (მსოფლიო კრივის ფედერაციის) პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის სტუმრობა საკრივო პაექრობისადმი ინტერესს ცხადია კიდევ უფრო ზრდის.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გოლდბერგთან, სადაც იგი ქართული კრივის, ზემოთაღნიშნული საჩემპიონო ორთაბრძოლის და საქართველოს შესახებ საუბრობს.

– ბატონო ჰოვარდ, მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრძოლა საქართველოში ადრე არ გამართულა. პაექრობის მიმართ სპორტის ქომაგთა ინტერესი დიდია. თქვენ რას ელით გურგულიანი – ორტეგას ორთაბრძოლიდან?
– თბილისის რინგზე ძალიან საინტერესო ბრძოლას ველი. ორტეგა ძლიერი მოკრივეა და ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გაიღებს. ძალიან მაგარი მოკრივეა გურგულიანიც. მე ვესწრებოდი ეგვიპტეში მის შეხვედრას ვალვანისთან, როდესაც ლაშამ თავისი ბრძოლისუნარიანობით ყველა გააოცა და მსოფლიოს ჩემპიონის ქამარიც დაისაკუთრა.

– გურგულიანის ძლიერ მხარეებზე რას გვეტყვით?
– ვახსენე კიდეც მისი ბრძოლის ჟინი. ამასთან ის ფიზიკურად ძლიერია და ტაქტიკურად განსწავლული ჩანს. დიდწილად სწორედ სწორი ტაქტიკის დამსახურებით დაჯაბნა გურგულიანმა ვალავანისი. ეს უკანასკნელი ვფიქრობ არ ელოდა იმ სტილით ჩხუბს რაც ქართველმა შესთავაზა და ვიდრე ამ ერთგვარი სიურპრიზის შედეგად ბრძოლიდან გამოთიშული ისევ შეძლებდა დაბრუნებას – ქართველს უკვე დაჯაბნილი ჰყავდა.

– საზოგადოდ ქართულ კრივის შესახებ რა შთაბეჭდილების ხართ?
– მე რამდენიმე ქართველი მოკრივეს ასპარეზობა მინახავს ზოგი უშუალოდ და ზოგი ვიდეოჩანაწერით. აშკარაა, რომ ქართველი მოკრივეები ყველა მეტოქისთვის უხერხული მეტოქენი არიან. ქართველ მოკრივეთა უდიდესი უმრავლესობა დიდი საბრძოლო შემართებით გამოირჩევა. შემთხვევითი არაა, რომ აგერ ერთ–ერთ წონაში მსოფლიოს ჩემპიონიც გყავთ, სარეიტინგო ორთაბრძოლებში წარმატებების შემდეგ სხვებსაც ექნებათ უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლის საშუალება.

– ხვალინდელი საკრივო შოუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი პროფესიული კრივის განვითარებისთვის?
– უაღრესად მნიშვნელოვანია. ხვალინდელ შეხვედრაში გურგულიანის გამარჯვება თქვენს ქვეყანაში პროფესიული კრივის დონეს კიდევ ერთი საფეხურით აამაღლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეფერხდება. მე კარგად ვხედავ რამდენს შრომობენ საქართველოში პროფესიული კრივის თავკაცები და კერძოდ გიორგი კანდელაკი საქართველოში ამ სახეობის მაღალ დონეზე განვითარებისათვის. საქმე ნაბიჯ–ნაბიჯ წინ მიიწევს. მინდა გისურვოთ რომ ეს წინსვლა არ შეჩერდეს.

– ჩვენს ქვეყანაში თუ იყავით ადრე ნამყოფი?
– არ ვიყავი აქამდე საქართველოში და ვნახე საკმაოდ კარგი ქვეყანა. როდესაც გადაწყდა ჩემი წამოსვლა ამ ორთაბრძოლაზე დასასწრებად, ინტერნეტში მოვიძიე ინფორმცია მის შესახებ. რაღაც–რაღაცები გავიგე კიდეც, მაგრამ უშუალოდ ნანახი უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ლამაზი ქვეყანაა და სტუმართმოყვარე ხალხი ყოფილხართ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ახლა კი ხვალინდელ ბრძოლას დაველოდოთ. ხვალ მე მაგარ ბრძოლას ველი!

წყარო: lelo.ge

SHARE