როგორ აშანტაჟებდა რანდერსი ლობჟანიძეს! თურქული ტრანსფერის უცნობი დეტალები

413

საქართველოს ნაკრების შემტევი საბა ლობჟანიძე დანიური “რანდერსი” დატოვა და თურქეთს მიაშურა, სადაც კარიერას “ანკარაგიუჯუში” გააგრძელებს. 25 წლის შემტევი ახალ გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ულტიმატუმი

დანიური გამოცემა “რანდერს ამტსავიზენის” ინფორმაცია, თითქოს, საბა ლობჟანიძე “რიზესფორში” გადადიოდა, მცდარი აღმოჩნდა. მართალი ის იყო, რომ “რიზესფორის” წარმომადგენლები მასზე  დასაკვირვებლად დანიის სუპერლიგის ერთ-ერთ მატჩს დაესწრნენ და სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება ინფორმაცია ამ თურქული კლუბის თაობაზე.

ლობჟანიძის ტრანსფერზე საინტერესო ამბები შევიტყვეთ. “რანდერსთან” კონტრაქტი მას 2020 წლის ზაფხულში უმთავრდებოდა და იმედი ჰქონდა, რომ ბევრად უკეთეს ლიგასა და გუნდში მოხვდებოდა, თან ძალიან საინტერესო შეთავაზებები ჰქონდა – გერმანიის, ბელგიის, შოტლანდიისა და რუსეთის გუნდები იწვევდნენ…

მაგრამ ყველაფერი რამდენიმე დღის წინ აირია. დანიელებმა მიზანს რომ ვერ მიაღწიეს, ლობჟანიძეს დაშანტაჟება დაუწყეს – ან ახალ კონტრაქტს გააფორმებ და “რანდერსში” დარჩები, ან აღარ გათამაშებთო!..

6 თვით…

…სწორედ ამის გამო გახდა იძლებული, ნაჩქარევად დათანხმებოდა თურქულ ვარიანტს, რომელსაც თავიდან საინტერესოდ არც მიიჩნევდა. ფეხბურთელის ოჯახში გვითხრეს, რომ “რისეზფორის” ვარიანტი თავად საბამ უარყო, ისევე, როგორც კიდევ ორი თურქული კლუბის შეთავაზება.

საბოლოოდ, ლობჟანიძემ თურქეთის დედაქალაქის კლუბთან კონტრაქტი ნახევარი წლით გააფორმა. თურქეთის 18-გუნდიან სუპერლიგაში ნათამაშები 19 ტურის შემდეგ, “ანკარაგიურჯუს” მხოლოდ 13 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.

ვარიანტები

როგორც შევიტყვეთ და ზემოთაც დავწერეთ, ლობჟანიძეს ჰქონდა გერმანიის, ბელგიის, შოტლანდიისა და რუსეთის ვარიანტები. რუსული ფული საინტერესო იყო, მაგრამ ამაზე ბევრი არ უფიქრია და თავიდანვე უარი თქვა.

განსაკუთრებით საინტერესო იყო შოტლანდიური ვარიანტი. ბრიტანეთში მას ედინბურგის “ჰიბერნიანი” იწვევდა. 1875 წელს ირლანდიელი ემიგრანტების მიერ დაარსებული კლუბი (ირლანდიას ლათინურად “ჰიბერნიას” უწოდებენ). ეს ის გუნდია, სადაც ჯორჯ ბესტსაც უთამაშია. შოტლანდიის 4-გზის ჩემპიონი (ბოლოს 1952 წელს) და თასის 3-გზის მფლობველი (ბოლოს 2016 წელს).

შოტლანდიელები ჰპირდებოდნენ, რომ საბას სანაკრებო პროცენტებისა და რეიტინგის (75 პროცენტი ბოლო ორ წელიწადში, პლუს ქვეყანა ფიფას რეიტინგში 70 საუკეთესოში უნდა იყოს) პრობლემას მოუგვარებდნენ, მაგრამ დიდი ბრიტანეთის შრომის სამინისტროსგან სამუშაო ვიზის მიღება ადვილი არ არის…

ადებაიორისა და რობინიოს გვერდით?

ამ ეტაპზე, 25 წლის ლობჟანიძისთვის უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა ხანმოკლე თანამშრომლობა კლუბთან, რომელიც თურქეთის სუპერლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.

უცნაურია, რა უნდა იყოს მისი სტიმული ასეთ გუნდში? ჯერ ის, რომ თურქები მოღონიერებას აპირებენ. მათ 35 წლის ემანუილ ადებაიორის დამატება სურთ – ტოგოს ნაკრების სახელგანთქმული თავდამსხმელის, რომელიც თამაშობდა “ტოტენჰემსა” და “მანჩესტერ სიტიში”, ბოლოს კი თურქული “ქაისერისფორის” ღირსებას იცავდა.

ასევე აპირებენ ბრაზილიის ნაკრებისა (100 მატჩი, 29 გოლი) და “რეალის” (101 მატჩი, 25 გოლი) ყოფილი შემტევის, 36 წლის რობინიოს გადაბირებას. ბრაზილიელი ფეხბურთელი ახლა თურქული “ისთანბულ ბაშაქშეჰირის” თავდამსხმელია.

რაც შეეხება სტიმულს. წინასწარ შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის ძალითაც ლობჟანიძე  გარანტირებულ სათამაშო დროს მიიღებს – ასეთი რამ შესაძლებელია და სწორედ ამით ისარგებლა.

სტიმულია ისიც, რომ საკმაოდ მაღალი დონის თურქეთის ჩემპიონატში სათამაშო პრაქტიკა ექნება, მარტში გასამართ სანაკრებო პლეი ოფს ფორმაში მყოფი რომ შეხვდეს.

და ბოლოს – ზაფხულში კონტრაქტი დაუსრულდება და მისი გახანგრძლივება ან სხვა კლუბის არჩევა მასზე იქნება დამოკიდებული. რაც მთავარია, თუ “ანკარაგიუჯუ” ლიგიდან გავარდება, ექნება უფლება, კლუბი მინიმალური საკომპენსაციო თანხის საფასურად დატოვოს.

საკომპენსაციო

“რანდერსს” ქართველის ტრანსფერში 1,2 მილიონი ევროს გამომუშავება სურდა, მაგრამ ამ მოთხოვნას არავინ დათანხმდა. ახლა კი იძულებულია, თითქმის მილიონით ნაკლები მიიღოს – კონტრაქტის დასრულებამდე 4 თვე იყო დარჩენილი და ჩვენი ინფორმაციით, “ანკარაგიუჯუმ” “რანდერსს” მხოლოდ 200 ათას ევროზე ოდნავ მეტი გადაუხადა.

თუმცა, ამის გარდა დანიური კლუბი ქართველის შემდგომი ტრანსფერიდანაც მიიღებს წილს – “ანკარაგიუჯუსთან” შეთანხმებაში მათი პროცენტიც არის გათვალისწინებული.

ლობჟანიძეს ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია, მანამდე ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მერე იქნება ხელშეკრულებაც და პრეზენტაციაც. ამას გარდა, თურქებმა უკვე შეურჩიეს ბინაც და მანქანაც.

წყარო: lelo.ge

SHARE