მამა ნარკოდილერი, დედა ნარკომანი – ბავშვობაში ის კინაღამ ბიძამ მოკლა

577

დღეს, ფლოიდ მეივეზერი – ყველაზე მდიდარი სპორტსმენია მსოფლიოში და ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე ისტორიაში. მას ათამდე სახლი აქვს მთელ მსოფლიოში, ასობით მდიდრული მანქანა, პირადი თვითმფრინავი და რამდენიმე ჩანთა ნაღდი ფული. აი, ეს არის ნამდვილი ფლოიდი.

2020 წელს, 43 წლის ასაკში ის კვლავ გავა რინგზე. მეივეზერმა შეთანხმებას მიაღწია აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტ დანა უაიტთან იმაზე, რომ შერეული ორთაბრძოლების რომელიმე ვარსკვლავთან იჩხუბებს.

არადა, ცხოვრებისა და კარიერის დასაწყისში, მეივეზერისთვის არც ისე კარგად იყო ყველაფერი. ის საშინელ სიღარიბეში იზრდებოდა და კინაღამ საკუთარმა ბიძამ გამოასალმა სიცოცხლეს.

ფლოიდის მამა ნარკოდილერი იყო, დედა – ნარკომანი

ფლოიდი 1977 წელს, მოკრივეების ოჯახში დაიბადა: მამამისი ფლოიდი-უფროსი და ბიძები – ჯეფი და როჯერი ასევე კრივით იყვნენ დაკავებულნი. როჯერი ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონიც კი იყო. მეივეზერის მამა ცუდი მოკრივე არ ყოფილა, მაგრამ ვარსკვლავის სტატუსზე პრეტენზიას არ აცხადებდა. მას თვით შუგარ რეი ლეონარდთან უჩხუბია თუმცა, ვაჟისგან განსხვავებით, ბრძოლებს მაინც აგებდა.

გაცილებით დიდ წარმატებას უფროსმა მეივეზერმა ნარკოტიკების გავრცელებაში მიაღწია. ფლოიდის დედაც ნარკოდამოკიდებული იყო. რეალურად, მან სწორედ ასე გაიცნო მეივეზერის მამა. მანამდე ქალს ორი ქალიშვილი ჰყავდა სხვა მამაკაცებისგან. მეივეზერების სახლი ნამდვილი ნარკოპრიტონი იყო.

ფლოდი ორი წლისაც არ იყო, როცა მამამისს ესტუმრა მოკრივის დედის დებორა სინკლერის ბიძაშვილი – ტოლი სინკლერი. მას ხელში თოფი ეჭირა. მეივეზერს მისი ფული ემართა. იმის ნაცვლად, რომ ვაჟიშვილი დაეცვა, მამამ ის წინ აიფარა. არ იმოქმედა: გაისმა გასროლა და უფროს მეივეზერს ტყვია ფეხში მოხვდა. ბავშვი სასწაულებრივად გადარჩა.

მეივეზერის ბავშვობამ მუშათა პატარა ქალაქ გრანდ-რაპიდსში ჩაიარა, სადაც გადარჩენის ვარიანტი ძალიან ცოტა იყო: სამუშაო ავეჯის წარმოება, ავტონაწილების დამზადება ან ნარკოტიკების გასაღება იყო. გარკვეული დროის შემდეგ, ოჯახი ნიუ ჯერსიში გადაბარგდა.

თავად მოკრივე შეძრწუნებით იხსენებს მაშინდელ დროს: „არასოდეს დამავიწყდება, რასაც მაშინ ვუყურებდი. სადარბაზოებში არ იყო შუქი, თუ არასწორ ადგილას შეუხვევდი, ულაპარაკოდ გაგძარცვავდნენ, შეიძლება მოეკალით კიდეც. ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე. შვიდი ადამიანი ვიყავით! საერთოდ არაფერი გვქონდა. თავი გავქონდა, როგორც შეგვეძლო“.

მოკრივის ნიჭი ბებიამ დაინახა

დიდი ხანი ფლოიდი დედის გვარს – სინკლერს ატარებდა, რადგან უკანონო შვილი იყო. შვიდი წლისა მამამ პირველად მიიყვანა მეივეზერი საკრივო დარბაზში, მაგრამ მთავარი ადამიანი, ვინც მისი ბედი განსაზღვრა, არა მამა, არამედ, ბებია იყო.

„იყო დრო, როცა ვფიქრობდი კრივის მიტოვებას და სამსახურის პოვნას, მაგრამ ბებიამ ნახა, რინგზე როგორ ვჩხუბობდი და მითხრა: „არა, შენ კრივით უნდა იყო დაკავებული. აუცილებლად გახდები წარმატებული და ფულიც საკმარისზე მეტი გექნება“. ალბათ, ამ სიტყვებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში“, – იხსენებდა ფლოიდი.

როცა მეივეზერმა ეროვნულ ტურნირებში დაიწყო გამოსვლა, მან მაინც მამის გვარი აირჩია – უბრალოდ იმიტომ, რომ ის საკრივო სამყაროში უფრო ცნობილი იყო. უფროსი მეივეზერი მისი პირველი მწვრთნელი გახდა. სწორედ მან ჩაუდო ის თვისებები და საკრივო განათლება, რასაც უკვე 23 წელია ვადევნებთ თვალს. მაგალითად, მეტოქის დარტყმებისგან საფირმო თავდაცვა – მეივეზერების ოჯახის საფირმო ნიშანია. თუმცა უფროსი ფლოიდი ვაჟს არც ისე დიდხანს ავარჯიშებდა. ის ხუთი წლით დააპატიმრეს ნარკოტიკების გასაღებისთვის. უკანონო ქმედება მან იმით ახსნა, რომ ოჯახის გამოკვებას ცდილობდა და რინგის მომავალ ვარსკვლავს ეხმარებოდა.

ამის შემდეგ, მწვრთნელი გახდა ბიძია როჯერი, რომელმაც მიიყვანა კიდეც რინგზე დიდ გამარჯვებებამდე. ამას თავად ფლოიდიც ადასტურებს: „მამაჩემს უყვარდა იმის თქმა, რომ მის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. მაგრამ ერთადერთი, რაც მან გააკეთა – სპორტულ დარბაზში მიმიყვანა“.

როჯერი ნათესავს 15 წელი ავარჯიშებდა, მაგრამ 2016 წელს ჯანმრთელობა ძალიან შეერყა – ის დიაბეტით და კიდევ ბევრი რამით არის დაავადებული, ამჟამად კი მეხსიერების სერიოზული პრობლემები აქვს. როჯერს შეუძლია სახლიდან გავიდეს და ქუჩებში უაზროდ ისეირნოს. როცა პოლიცია უკან სახლში აბრუნებს, მას არ შეუძლია გაიხსენოს – რატომ წავიდა და სად იყო.

მამასა და შვილს შორის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო, მაგრამ დღეს მეივეზერები ძალიან კარგად ეწყობიან ერთმანეთს: მენი პაკიაოსთან ბრძოლის (2015) შემდეგ, უფროსი მეივეზერი ყოველთვის შვილის გვერდით დგას რინგის კუთხეში.

ამბობენ, როცა ფლოიდმა კრივში პირველ წარმატებებს მიაღწია, მან, უბრალოდ, მიაგდო სკოლა და ბოლომდე არც იცოდა გამრავლების ტაბულა. ცნობილი არ არის, იცის თუ არა დღეს მაინც გამრავლება, მაგრამ სწორედ მეივეზერია – ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ისტორიაში.

2020 წელს, ის თავის საბანკო ანგარიშს დაახლოებით 200 მილიონ დოლარს დაამატებს. და შემდეგ, მართლა გავა პენსიაზე. მაგრამ, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ 50 წლის ასაკში იტყვის, რომ ახალი მოტივაცია იპოვა.

n n n

2020 წლის სუპერბოულის დროს, „ჰარდ-როკ სტედიუმის“ VIP-ლოჟაში სხვა სტუმრებთან ერთად ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერიც იჯდა.

ფლოიდი ამერიკული ფეხბურთის ფინალზე Louis Vuitton-ის ქურთუკით მივიდა, რომლის ღირებულება 5 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ქურთუკის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია მასში ჩაკერებული იმავე ბრენდის ჩანთები – სამი წინ და ერთი დიდი უკან.

ფოტომ Instagram-ში მილიონობით მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ქურთუკი ყველას არ მოეწონა და ფანებმა მოკრივის დატროლვა დაიწყეს.

„ასეთი საჭიროა მაშინ, როცა არ გინდა აეროპორტში ცალკე ტვირთისთვის თანხის გადახდა“.

„ტყავის ჩანთას ჰგავხარ“.

„თავიდანვე ჩანს, რომ ბევრი ფული არ ნიშნავს გემოვნებას. თუ ეს Louis Vuitton-ის ნივთია – ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ლამაზია“, – წერდნენ სოციალურ ქსელში.

წყარო: lelo.ge

SHARE