(ვიდეო) ესპანეთი-საქართველო 10:23. ლომების აღლუმი არ დავუშვით

452

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ნაქები ესპანეთის ნაკრები მადრიდში, მისსავე მოედანზე 23:10 დაამარცხა და გათამაშებას ლიდერობს.

„ბორჯღალოსნებს“ ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი გამოუვიდათ – თუ პირველ ნახევარში ჩვენი გუნდი საკამოდ საზრიანად და ტაქტიკურად სწორად ირჯებოდა, მეორე ტაიმში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ქართველი მორაგბეები ესპანელებს მათ თამაშში აყვნენ. შესაბამისად, შეცდომებმაც იმატა და მეტწილად დაცვაში დგომა მოგვიწია.

არადა, პირველ ტაიმში ყველაფერი იადეალურთან თითქმის მიახლოებული იყო. „ბორჯღალოსნებმა“ სამი ერთმანეთზე უკეთესი ლელო გაიტანეს, რაზეც მასპინძლებმა მხოლოდ ერთით გვიპასუხეს და ტაიმი 23:5 მოვიგეთ.

თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო. ესპანელებმა მაღალ ტემპში ხელდახელ თამაშს ალღო ვერ აუღეს, ზედიზედ სამჯერ დაჯარიმდნენ, რასაც ხუთმეტრიანი დერეფანი მოყვა. აუტი შალვა სუთიაშვილმა მოიგო, მასპინძლებმა მოლის შეჩერება ვერ მოახერხეს და შერკინების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა ლელო გაიტანა. გარდასახვა თედო აბჟანდაძემ ვერ გამოიყენა – 5:0.

ესპანელებმა საპასუხო ლელო მალევე გაიტანეს. მე-9 წუთზე საჯარიმო კარში არ დაარტყეს, აუტში გადაიტანეს და დერეფნიდან მოლი ააგორეს. ამჯერად ლელო ესპანელების კვაჭმა მარკო პინტომ გაიტანა. გარდასახვა ვერც ესპანელებმა გამოიყენს – 5:5.

მიუხედავად ამისა, მატჩის სადავეები ჩვენს გუნდს ხელიდან არ გაუშვია. ბორჯღალოსნების გამუდმებულ შეტევებს მალე ჯარიმა მოყვა, რომელიც აბჟანდაძემ კარში დაარტყა და გაიტანა – 8:5.

მე-20 წუთზე მეტოქის 22-მეტრიან ზონასთან მორკინალების დარტყმების შემდეგ, თედო აბჟანდაძემ ბურთი მარჯვენა ფრთაზე ფეხით გადაკიდა. იქ მას დროულად მიუსწრო ჩვენი ნაკრების დებიუტანტმა გარემარბმა აკაკი ტაბუცაძემ, რომელმაც ლელოში იოლად შეაღწია. აბჟანდაძემ გარდასახა – 15:5. მანვე ხუთ წუთში საჯარიმოც გაიტანა და „ბორჯღალოსნები 18:5 დააწინაურა. პირველი ტაიმის დასასრულს ორი წუთი აკლდა, როცა შალვა მამუკაშვილმა დუბლი გაახერხა. მეტოქის 22-მეტრიან ზონაში, დერეფანში ბურთი ნოდარ ჭეიშვილმა მოიგო და ბექა გორგაძეს ჩამოუგდო, რომელმაც მოკლე ფრთაზე, ზედ კიდესთან მეტოქისთვის მოულოდნელად მამუკაშვილს გადააწოდა და ჩვენმა მორკინალმაც მეორე ლელო მიითვალა. აბჟანდაძემ ამჯერად ვერ გარდასახა – 23:5. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ, როგორც უკვე ვთქვით, „ბორჯღალოსნებს“ დაცვაში მოუწიათ თამაში. თუმცა, ესპანელები ბევრს ვერაფერს გამორჩნენ. მეტოქემ მატჩის ბოლო წამებზე ლელო ისევ მოლით გაგვიტანა და „ბორჯღალოსნებმა“ საბოლოოდ 23:10 გაიმარჯვეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი – II ტური

პორტუგალია-რუმინეთი               22:11

ბელგია-რუსეთი                            38:12

ქ(ს)
1. საქართველო 2 2 0 0 41 9(1)
2. პორტუგალია 2 2 0 0 17 8(0)
3. ბელგია 2 1 0 1 20 6(2)
4. ესპანეთი 2 1 0 1 6 5(1)
5. რუმინეთი 2 0 0 1 -39 0(0)
6. რუსეთი 2 0 0 2 -45 0(0)

III ტური

22 თებერვალი: საქართველო-ბელგია, რუმინეთი-ესპანეთი, რუსეთი-პორტუგალია.

წყარო: lelo.ge

SHARE