სისხლიანი მეთოდებით შეცვლილი კოლუმბიური ფეხბურთი პაბლო ესკობარის მიერ

686
გასული საუკუნის 70-იან წლებში სამხრეთ ამერიკაში იწყება მსხვილი ნარკოტიკული იმპერიების აღმაფრენა, ხოლო მათი გავლენა ყოველგვარ საზღვარს სცდება. კოლუმბია რამდენიმე პირობით რეგიონად დაიყო, სადაც დანაშაულებრივ ბიზნესს შესაბამისი კარტელები მართავდნენ.
1973 წელს თავის ნარკობიზნესის კარიერას იწყებს ამბიციური და სასტიკი პაბლო ესკობარი, რომელიც მომავალში მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე გავლენიანი კრიმინალი გახდება.

1977 წლის ზაფხულში პაბლომ თავის 3 მეგობართან ერთად დააარსა მედელინის კარტელი, რომელიც სულ რაღაც 2 წელიწადში გააკონტროლებს ამერიკაში შემავალი კოკაინის 80%-ს. ამ დროისთვის ის 30 წლის იყო, თუმცა მსოფლიოში უკვე ყველაზე გავლენიან და მდიდარ ადამიანად ითვლებოდა.

პაბლო ესკობარის ფინანსურ-ნარკოტიკული იმპერია ისეთ მასშტაბებს აღწევდა, რომ დამკვეთს კოკაინს უზარმაზარი რაოდენობით აწვდიდნენ. ამისთვის მუდმივად იყენებდნენ საჰაერო ტრანსპორტს და ზოგჯერ წყალქვეშა ნავსაც კი.

არალეგალურად პაბლომ იმდენი ფული გამოიმუშავა, რომ მასზე სპეცსამსახურებმა ნამდვილი ომი გამოაცხადეს. მსხვილი ნარკომოვაჭრის წინაშე დადგა საკითხი, როგორ შეიძლებოდა ფულის გათეთრება სწორად, რომ მაქინაციები როგორმე მიემალა. ამისთვის პაბლომ მედელინის ინფრასტრუქტურაში ფულის ჩადება დაიწყო. ესკობარის წყალობით ქალაქში დაიწყო სატრანსპორტო გზის სრული განახლება, სტადიონების მშენებლობა და გაჭირვებულებისთვის მთლიანი საცხოვრებელი კვარტლების აშენება.

Sportall.Ge

თუმცა უზარმაზარი ქონების ლეგალიზებისთვის ეს საჭირო არ იყო და “ელ პატრონმა” გადაწყვიტა, პოლიტიკური კარიერია გაეკეთებინა. 1982 წელს ის კოლუმბიის კონგრესში მოხვდა და სერიოზულად დაიწყო ქვეყნის პრეზიდენტობაზე ფიქრი. თუმცა იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა როდრიგო ლარა ბონილიამ პაბლოს გეგმები გააცამტვერა. მას ჰქონდა მთელი კამპანია ესკობარისა და მისი “ბინძური კოკაინით” გამომუშავებული ფულის წინააღმდეგ. შედეგად, 1984 წელს პაბლო კონგრესიდან გარიცხეს. მისი პოლიტიკური კარიერა როდრიგო ლარამ დაასამარა, თუმცა გამარჯვება ლარას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. გარიცხვიდან 4 თვეში მისი ლიმუზინი ორმა მოტოციკლისტმა დაცხრილა, მინისტრი სასიკვდილოდ დაიჭრა.

Sportall.Ge
ესკობარი ფეხბურთში პრინციპულად მიდის…

მიუხედავად არშემდგარი პოლიტიკური კარიერისა, პაბლოს შემოსავალი გიჟური ტემპებით იზრდებოდა. მის წინაშე ისევ დილემა იდგა: როგორ გაეგრძელებინა ფულის გათეთრება.

ზუსტად ამ დროს ნარკობარონის ცხოვრებაში ჩნდება ახალი გატაცება – ფეხბურთი. ის ეტაპობრივად აკვირდება ადგილობრივი ჩემპიონატის გუნდებს, მისი ფულით მედელინის გარშემო შენდება სტადიონები, ხოლო თავად პაბლოს სიმპათიები ადგილობრივი “ინდეპენდენტეს” მიმართ უჩნდება.

Sportall.Ge

კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტი, თუ რატომ გადაწყვიტა ესკობარმა ფეხბურთში პრინციპულად ჩართვა, იყო ის, რომ მისმა ბიზნესკოლეგებმა დაიწყეს ფეხბურთის “ათვისება”. მაგალითად, პაბლოს ახლობელი ხოსე გაჩა ასპონსორებდა დედაქალაქურ “მილიონარისს”, ხოლო მთავარი კონკურენტი მიგელ როდრიგესი “ამერიკა დე კალიში” უზარმაზარ თანხებს აბანდებდა.

Sportall.Ge

კალისა და მედელინის კარტელებს შორის კონკურენცია საბაზრო წილის კონტროლზე დიდი ხანი მიმდინარეობდა. ეს მეტოქეობა ფეხბურთშიც გადმოვიდა. თავისი ძალისა და ძალაუფლების დემონსტრირება ესკობარმა ფეხბურთის მეშვეობით გადაწყვიტა: ამიერიდან მედელინმა კალიზე დომინირება ნებისმიერ ფასად უნდა შეძლოს.

თუმცაღა ფულის მიმოსაქცევად ესკობარმა არა საყვარელი “ინდეპენდენტე” აირჩია, არამედ მისი მთავარი მეტოქე იმავე ქალაქიდან – “ატლეტიკო ნასიონალი”.

Sportall.Ge როცა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, თუ ვინ გახდა მედელინის გუნდის ახალი მფლობელი, ცნობილმა ფეხბურთელებმა კატეგორიულად უარი განაცხადეს კოლუმბიაში თამაშზე. ესკობარი მზად იყო, ასტრონომიული თანხები ეხადა მაშინდელი საუკეთესო ფეხბურთელებისთვის, ოღონდ მათ “ატლეტიკო ნასიონალში” ეთამაშათ, თუმცა მისი ავტორიტეტი, როგორც სასტიკი კრიმინალის და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების მუდმივი შიში არავის აღუძრავდა სურვილს, ფეხბურთის სათამაშოდ კოლუმბიაში წასულიყო.

მაშინ “ნასიონალის” ხელმძღვანელობამ განვითარების სხვა კურსი აირჩია. გუნდში დაიწყეს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების მოზიდვა – მათ არ უნდოდათ დიდი ხელფასები, ხოლო თამაშის სურვილი მოზღვავებულად ჰქონდათ. 80-იან წლებში გუნდში მოვიდნენ: მეკარე რენე იგიტა, შემტევი ლეონელ ალვარესი და მცველი ლუის პერეა. თითოეული მათგანი მომავალში კოლუმბიის ფეხბურთის ლეგენდა გახდება, თუმცა იმ დროს მათი სახელები არავინ იცოდა.

Sportall.Ge

მთავარ მწვრთნელად ფრანსისკო მატურანი მოიყვანეს (ფოტოზე არც დენზელ ვაშინგტონი და არც სამუელ ელ ჯეკსონი გეგონოთ), რომელსაც პრაქტიკულად გამოცდილება არ ჰქონია. 1993 წელს ეს ადამიანი სამხრეთ ამერიკის “საუკეთესო მწვრთნელად” დასახელდა, ხოლო 2001 წელს კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს პირველი საკონტინენტო თასი მოაგებინა. თუმცა 1987 წელს, ფეხურთელებივით, ფრანსისკოზეც არავინ არაფერი იცოდა.

Sportall.Ge

ესკობარის გავლენის წყალობით, კოლუმბიურმა გუნდმა ისტორიაში პირველად მოიგო ლიბერტადორესის თასი 80-იანი წლების შუა პერიოდამდე მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო ლიბერტადორესის ფინალში მოხვედრა. ეს იყო კალის “დეპორტივო”, რომელმაც არგენტინულ “ბოკა ხუნიორსთან” წააგო.

1885 წლიდან 1987 წლის ჩათვლით, კალის “ამერიკა” 3-ჯერ მოხვდა ლიბერტადორესის ფინალში და 3-ჯერვე დამარცხდა. ერთხელ პენალტების სერიაშიც. მიუხედავად მარცხისა, ის, რომ კალის გუნდი ასე ხშირად გადიოდა ფინალში, ნიშნავდა იმას, რომ კალი სრულად დომინირებდა მედელინზე, რაც ესკობარის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა.

1988 წელს ესკობარის “ნასიონალს” უკვე პირველი მცირე წარმატება ჰქონდა, ადგილობრივ ჩემპიონატში ის მე-2 ადგილზე გავიდა. მე-2 ადგილზე გასვლა იმას ნიშნავდა, რომ “ატლეტიკო” ლიბერტადორესის თასზე ითამაშებდა.

“მწვანეების” წარმატების ახსნა ნიჭიერი ფეხბურთელების და ამბიციური თავკაცის არგუმენტით შეიძლებოდა, მთელ კონტინენტს რომ არ სცოდნოდა, ვინ იყო გუნდის მფლობელი. “ტყვია ან ვერცხლი” – ეს იყო ესკობარის და მისი ხალხის მთავარი პრინციპი, როცა საქმე ქრთამზე მიდგებოდა. “ატლეტიკო ნასიონალის” გზას ლიბერტადორესის ფინალამდე ეს ფრაზა ყველაზე კარგად ახასიათებდა.

ყველაფერი ეჭვის გარეშე დაიწყო… “ატლეტიკო” პლეი-ოფში მეორე ადგილიდან გავიდა. აღასანიშნავია ის, რომ პირველ 4 შეხვედრაში გუნდმა მატჩი ვერ მოიგო, 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა და მხოლოდ დანარჩენში აიღო გამსვლელი ქულები.

1/8-ფინალში “ნასიონალმა” არგენტინული “რასინგი” გამოთიშა. თანაც, პირველი შეხვედრა არგენტინაში 2:1 დათმო, ხოლო საკუთარ სახლში 2:0 იმარჯვა.

და მხოლოდ 1/4-ფინალიდან დაიწყო ინტენსიური საუბრები იმაზე, რომ ნარკობარონი თამაშის ბედზე დიდ გავლენას ახდენდა. მათი მოწინააღმდეგე “მილიონარისი” აღმოჩნდა. ეს ის გუნდი იყო, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში წაართვა პირველობა “ატლეტიკოს” და ლიბერტადორესზე “ატლეტიკო” მეორე ადგილზე დატოვა, თავად კი წაუგებელი სერიის წყალობით გავიდა ჯგუფიდან. რა თქმა უნდა, “მილიონარისი” უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, სახლში მათ “ნასიონალთან” 1:0 წააგეს  და გასვლაზე 1:1 ითამაშეს. “მილიონარისის” ფეხბურთელები საშინლად უკმაყოფილონი იყვნენ მსაჯობით და ღიად აცხადებდნენ, რომ ეს თამაში გაყიდული იყო.

ნახევარფინალში კოლუმბიურ გუნდს ურუგვაის “დუმბიო” დაუპირისპირდა, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება არასდროს ჰქონია, არ წარმოადგენდა პრობლემას “ნასიონალისთვის”. გასვლაზე მათ 0:0 ითამაშეს, რაც ერთი მხრივ, კომფორტული შედეგი იყო, ხოლო მეორე მხრივ, მაინც რისკი იყო, რამდენადაც ფინალამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა, საჭირო იყო გარანტიები.

მედელინში არგენტინელ არბიტრს, კარლოს ესპოსიტოს თავის კოლეგებთან ერთად უნდა ემსაჯა. აი, ასე იხსენებს მსაჯი მატჩის წინა დღეს: “ჩემს დამხმარეებთან ერთად აბელ ნიეკოსთან და ხუან ბავოსთან ერთად ვივახშმეთ და ნომერში დასაძინებლად წავედით. ძილის წინ წყლის შეკვეთა გადავწყვიტე, რამდენადაც გაგვაფრთხილეს, რომ ონკანიდან დალევა არ ღირდა. მაგრამ გოგოს ნაცვლად, რომელსაც ჩემთვის ბოთლი წყალი უნდა მოეტანა, ნომერში ოთხი შეიარაღებული კაცი შემოვარდა. ჩვენ წინ დააგდეს ჩანთა, სადაც მათი თქმით, 200 000 დოლარი იყო და გვითხრეს, რომ ეს ჩვენი საჩუქარი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ხვალ “ატლეტიკო” გაიმარჯვებდა. მათ იარაღი ნიეკოს თავზე ედოთ. ჩვენ დიდი ნებისყოფა დაგვჭირდა, რომ უარი გვეთქვა. ვუთხარით, რომ სამუშაოს პატიოსნად შევასრულებდით, რაზეც გვიპასუხეს: “გასაგებია, მაგრამ კარგი იქნება, თუ “ატლეტიკო” მოიგებს. იცოდეთ, თქვენი სიცოცხლე აქ არაფრად ღირს.” მერე ნომერი გაანადგურეს, ტელეფონიც კი დაამტვრიეს. იმ ღამეს არავის გვეძინა. ნახევარი წლით ადრე სიგარეტს თავი დავანებე, თუმცა იმ ღამეს მე ისევ ვეწეოდი…”

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა მსაჯებმა უარი განაცხადეს დამორჩილებოდნენ ესკობარს, თამაში “ატლეტიკოსა” და “დანუბიოს” შორის უცნაური სცენარით წარიმართა. მაყურებლები ჰყვებოდნენ, რომ ურუგვაელ ფეხბურთელებს თითქოს შიში ჰქონდათ და ნებისმიერ ინიციატივას უთმობდნენ მოწინააღმდეგეს. გამომდინარე აქედან, “ატლეტიკომ” უპრობლემოდ გაანადგურა მოწინააღმდეგე 6:0 ანგარიშით და ფინალის საგზური მოიპოვა.

კარლოს ესპოსიტო, ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი იხსენებს: “სტადიონი მაყურებლით გადაჭედილი იყო. ესკობარიც იქ იყო, ოღონდ ბრბოს შორის გადაცმული. ჩვენ მას ვერ ვხედავდით, მაგრამ ვიცოდით, რომ აქ იყო. ეს ჩვენ პოლიციის უფროსმა გვითხრა, რომელიც გვიცავდა. თვითონ ეგ პოლიციელი მატჩიდან 9 დღის შემდეგ დახვრიტეს. სიმართლე თუ გაინტერესებთ, ჩვენ (მსაჯების გუნდს) ძალიან გაგვიმართლა, რომ “ატლეტიკომ” გაიმარჯვა. მაგრამ გამარჯვებაც კი არ გვაძლევდა იმის გარანტიას, რომ ცოცხლები გავაღწევდით, ესეც პოლიციის უფროსმა გვითხრა. ზეიმის დროს აგრესია იგრძნობოდა. იმ ღამეს 9 ადამიანი შეეწირა. ქუჩაში დაძრწოდნენ ნარკოტიკით გაჟღენთილი არსებები. მედელინი საშინელი ქალაქია.”

ფინალში “ნასიონალი” პარაგვაის “ოლიმპიას” ხვდებოდა, რომელსაც ერთხელ უკვე ჰქონდა ლიბერტადორესის თასი მოგებული. ჯერ კიდევ პირველი მატჩის წინ ესკობარის ხალხი აშინებდა მთავარ მსაჯს, ხუან კარლოს ლუსტოს, რომელსაც მიუთითეს, რომ იცოდნენ, თუ სად ცხოვრობდა ის, სად ატარებდა დროს ყველაზე ხშირად და ისიც კი, თუ სად სწავლობდნენ მისი შვილები. პირველ მატჩში “ოლიმპიამ” მოწინააღმდეგეს 2:0 სძლია. “ატლეტიკო” კოლუმბიაში მძიმე მდგომარეობით გაემგზავრა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მეორე შეხვედრას გუნდები არა მედელინში, არამედ ბოგოტაში ჩაატარებდნენ, რამეთუ მედელინში მოსახლეობა მტრულად იყო განწყობილი და სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლებოდა კონტროლიდან გამოსულიყო. თუმცა ოფიციალურ მიზეზად ტრიბუნების არასათანადო რაოდენობა იყო ნახსენები (საჭირო იყო მინიმუმ 50 000 ადგილი).

“ატლეტიკომ” სასწაულად შეძლო წონასწორობის აღდგენა და მათ პენალტების სერიამდე მიაღწიეს. თამაშის მთავარი გმირი მეკარე რენე იგიტა გახდა, რომელმაც 4 პენალტი მოიგერია. პენალტების სერია 5:4, კოლუმბიელების სასარგებლოდ დასრულდა. “ატლეტიკო” პირველი კოლუმბიური გუნდი გახდა, რომელმაც ლიბერტადორესის თასი მოიგო, რაც ესკობარის მიზანს წარმოადგენდა.

თუ თქვენ ჩათვლით, რომ ორივე მსაჯი, რომლის მოსყიდვას ცდილობდა ესკობარი, მათი გადაჭარბებული მონათხრობია, მაშინ აი, კიდევ ერთი საზარელი ისტორია: როგორც უკვე ვთქვით, პაბლოს საყვარელი გუნდი იყო “ინდეპენდენტე”. ადგილობრივ ჩემპიონატში ის კალის “ამერიკას” ეთამაშებოდა და 3:2-ს აგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ესკობარის საყვარელმა გუნდმა გოლი გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. თუმცა იმ მატჩის ლაინსმენმა ალვარო ორტეგამ მიიღო სადავო გადაწყვეტილება და გოლი არ ჩათვალა. შესაბამისად, “ინდეპენდენტე” დამარცხდა. იმავე საღამოს ორტეგა თავისი კოლეგის თვალწინ, საჯაროდ დაცხრილეს. მოგვიანებით, ჯონ ველასკესმა, ესკობარის ახლო მეგობარმა აღიარა, რომ უშუალოდ პაბლომ გასცა ორტეგას დახვრეტის ბრძანება, რამდენადაც მისი გადაწყვეტილება შეურაცხყოფად მიიღო.

2016 წელს “ნასიონალმა” მეორედ მოიგო ლიბერტადორესის თასი. გუნდის ისტორიაში ეს მეორე საკონტინენტო თასი გახდა, კოლუმბიის ისტორიაში – მესამე. გუნდი დღემდე ინარჩუნებს განვითარების მაშინდელ პრინციპს და აქცენტს ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებზე აკეთებს.

წყარო: sportall.ge

SHARE