გიორგი მერებაშვილი პოლონეთში ისევ დააფასეს. ის ერთბაშად ორ სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, თუმცა მისთვის პლოცკის “ვისლას” შემადგენლობაში კარგი თამაში ერთგვარად საქართველოს ეროვნული გუნდის უახლოესი მატჩებისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპიცაა. 33 წლის შემტევი “ლელოსთან” საკლუბო და სანაკრებო თემებზე ლაპარაკობს. მერებაშვილი ორ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრით გახარებულია, თუმცა მისი გუნდის მარცხმა (“ვისლა” შინ 2:0-ს უგებდა “პოგონს”, თუმცა მატჩის დასკვნით ნაწილში 3 გოლი გაუშვა და დამარცხდა) გული ძალიან დასწყვიტა:
“ცუდია რომ დავმარცხდით. თუმცა ეს ფეხბურთია და ხდება. იმედია, მომავალში ასეთი რამ ჩემი და ჩემი გუნდის თავს აღარ მოხდება. თუმცა, საკუთარი თავით და ამ აღიარებით კმაყოფილი ვარ, ოღონდ, ეგ არის, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო… ძალიან კარგია, რომ სეზონი კარგად განვაახლე. ვგრძნობ, რომ ფორმაში შევედი და სათამაშოდ 100 პროცენტით მზად ვარ. სასიამოვნოა, წაგებული თამაშის შემდეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებში რომ ხვდები. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი შრომა ფასდება. თუმცა, მე პირადად, მერჩივნა, 3 ქულა აგვეღო და სიმბოლურში არ მოვხვედრილიყავი“, – გვითხრა გიორგი მერებაშვილმა.
მან უშუალოდ “პოგონთან” წაგებულ მატჩზეც ილაპარაკა: “ყველა დამეთანხმება, რომ დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. ფეხბურთში ამაზე უარესებიც მომხდარა, მაგრამ 2:0-ის შემდეგ 2:3 წაგება ძალიან გულდასაწყვეტია. ცუდია, როცა ეს შენ გემართება, მე კი ასეთი ცუდი რამ პირველად მომივიდა. ფაქტობრივად, მოგებული თამაში 5-წუთიანი ჩავარდნის გამო წავაგეთ. ვინც ამ თამაშს თვალი მიადევნა, დამეთანხმება, რომ “პოგონს” 76-ე წუთამდეარანაირი შანსი არ ჰქონია… მაგრამ მერე მოხდა სასწაული და სამი გოლი გაგვიტანეს. ვცდილობთ, ეს წაგება დავივიწყოთ, რადგან შემდეგ ტურში, 15 თებერვალს, “ლოძთან” უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გველის. ვეცდებით, ეს თამაში მოვიგოთ და გულშემატკივრები გავახაროთ“.
მერებაშვილი პლოცკის “ვისლას” გულშემატკივრებმაც გამოარჩიეს – საქართველოს ნაკრების 33 წლის შემტევი გუნდში ნოემბრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამავე დროს, 107 მატჩში 19 გოლით გუნდის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერი ბომბარდირი გახდა, პლუს უცხოელებიდან პლოცკელების ფორმა ყველაზე მეტჯერ მოირგო.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი უკავშირდება 26 მარტის მატჩს, როცა საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს თბილისში უმასპინძლებს. ახლა ყველა ფეხბურთელი ცდილობს ფორმაში იყოს და ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში “ჯვაროსნების” ფორმა მოირგოს. გამოცდილი შემტევი ამ ფაქტორს არ უარყოფს:
“ბუნებრივია, მინდა, ასევე გავაგრძელო და სულ უფრო შედეგიანად ვითამაშო, ჩემს კლუბსა და საქართველოს ნაკრებს რომ გამოვადგე. პლეი ოფს აუცილებლად მაღალ დონეზე მომზადებული უნდა შევხვდე, თუ, რა თქმა უნდა, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს დავჭირდები. რა დასამალია და, როცა “ვისლა” შეკრებაზე იყო და სეზონისთვის ვემზადებოდით, ჩემი ფიქრები სანაკრებო მატჩებს უკავშირდებოდა. მარტში ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება“.
მისი თქმით, ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზადება 2018 წლიდან დაიწყო და ნაკრების ყველა წევრი განსაკუთრებულად მონდომებულია:
“იმ დღიდან, როცა ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფში გავიმარჯვეთ, ვფიქრობდი, რომ საუკეთესო ფორმაში 2020 წლის მარტში ვყოფილიყავი. მე არ ვარ გამონაკლისი – ამაზე ნაკრების ყველა წევრი ფიქრობს. უმნიშვნელოვანესი სანაკრებო თამაშები გვიახლოვდება და ყველა განსაკუთრებულად მოტივირებულია, რომ ბელარუსთან მატჩისთვვის მზად იყოს“.
მერებაშვილის აზრით, არ შეიძლება თავის დამშვიდება იმის გამო, რომ ბელარუსს შინ ვეთამაშებით: “ხშირად მესმის – რადგან 26 მარტის მატჩს შინ ვატარებთ, ამის გამო ფავორიტები ჩვენ ვართ. ბელარუსის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. მით უმეტეს, რომ ნახევარფინალი ერთმატჩიანია და ამ ერთი მატჩის კარგად ჩატარება ყველას შეუძლია. რთული თამაში გველოდება. თუმცა, ძალიან კარგია, რომ “დინამო არენაზე” ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, ტრიბუნები გაივსება, რაც ჩვენთვის დამატებითი პლუსი იქნება. ეს პლუსები კი უნდა გამოვიყენოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რადგან ამ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლება! მაგრამ ჯერ ნახევარფინალი უნდა მოვიგოთ და ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გავიდეთ, ფინალზე კი მერე უნდა ვიფიქროთ და, რა თქმა უნდა, წარმატებით ვითამაშოთ“.
წყარო: lelo.ge