Mamba Mentality – ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად კობისთან მიმართებაში გაიგონებ. Black Mamba კობი მაშინ გახდა, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა, როდესაც სულ მარტო იყო. უფრო სწორად, თითქმის მარტო. იმისთვის, რომ კობი კარგად გავიგოთ, თითქმის 20 წლით უკან უნდა ვიმოგზაუროთ.
ჩემპიონობა მშობლების გარეშე
2001 წელს კობის და შაკის ლეიკერსმა აივერსონის ფილადელფია სუპერფინალში 4:1 დაამარცხა. 4-დან 3 თამაში კალიფორნიელებმა ფილადელფიაში, კობის მშობლიურ ქალაქში მოიგეს. კობის მშობლები და ოჯახის სხვა წევრები არცერთ თამაშზე არ ყოფილან. ამ დროს მათ უკვე ღია ომი ჰქონდათ ერთმანეთთან. მას მხოლოდ ბიძამ, ჩაბი კოკსმა მიულოცა.
მეოთხე, საჩემპიონო თამაშის შემდეგ, კობი გასახდელში ატირდა – „მამის გამო“ – ასე ახსნა მან თავისი ემოცია. ეს ჯერ კიდევ ის კობია, რომელმაც შეიძლება მსგავსი ემოციები გამოხატოს – ანუ, ეს Black Mamba-მდე პერიოდია.
კონფლიქტი მშობლებთან
კობის კონფლიქტი მშობლებთან ამ ეპიზოდამდე დაახლოებით წელიწადნახევარით ადრე დაიწყო. მიზეზი ძალიან პროზაული იყო. კობი ერთ-ერთი კლიპის გადაღებაზე 17 წლის ვანესა ლეინს შეხვდა, მოცეკვავე გოგონას, რომელიც კლიპში ეპიზოდურ როლს ასრულებდა. მათი ისტორია ძალიან სწრაფად განვითარდა. სულ რამდენიმე კვირაში ვანესამ საჩუქრად ასიათასიანი ბეჭედი მიიღო, კობის სტუმრობები ვანესას სკოლაში სასწავლო პროცესის პარალიზებას იწვევდა, კობიმ მისი ოჯახის ყველა ვალი გადაიხადა და ვანესას მე-18 დაბადების დღეს წყვილს უკვე ნიშნობა ჰქონდა. ეს ყველაფერი კობის მშობლების და ფაქტობრივად, მთელი ოჯახის დაკარგვად დაუჯდა.
საქმე ის არის, რომ ვანესასთან შეხვედრამდე, მაშინაც კი, როცა კობი NBA-ს სუპერვარსკვლავი იყო, ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მის მთელ ცხოვრებას და მათ შორის მის ფინანსებს მისი დედა, პამელა აკონტროლებდა. კობის საერთო სახლში ოთახი ჰქონდა, მეორე სართულზე, სადაც დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა – ძალიან უცნაური სურათი NBA-ს სუპერვარსკვლავისთვის.
კობი დიდ და შეკრულ ოჯახში აღიზარდა, რომელსაც დედამისი ხელმძღვანელობდა. ეს სიტუაცია NBA-ს წლებშიც არ შეცვლილა. პირიქით, მთელი ოჯახი ფილადელფიადან ლოს ანჯელესში, მასთან, გადავიდა. 1999 წელს კობიმ საკალთბურთო გუნდის, მილანოს აქციების 50 პროცენტი იყიდა, რათა მამამისს გენერალური მენეჯერის თანამდებობა მიეღო. პარალელურად, მუსიკალური სტუდია შეიძინა, რომელშიც მისი დები და დის ქმრები იყვნენ დასაქმებულები. და მერე მისი მთელი ეს დიდი ოჯახი ვანესას დაესხა თავს.
კონფლიქტის ზუსტი მიზეზი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოჯახი ყველა ხერხით ცდილობდა კობის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას. კერძოდ, კობიზე ზეწოლისთვის ცდილობდნენ, გამოეყენებინათ კობის მეგობრები, მისი მწვრთნელი ფილ ჯეკსონი, მისი აგენტი არნ ტელემი და სონი ვაკარო ‘ადიდასიდან’, რომელიც კობის და ‘ადიდასის’ ურთიერთობას არეგულირებდა.
ოჯახს არ უნდოდა, რომ კობიზე გავლენა დაეკარგა და ვანესას იმ საფრთხედ აღიქვამდნენ, რომელიც კობის დამოუკიდებლობისკენ უბიძგებდა. მათ არც ის მოსწონდათ, რომ ვანესა არა აფროამერიკელი, არამედ ლათინოამერიკელი იყო. უთანხმოება ჰქონდათ ფინანსურ საკითხებშიც, რადგან ბევრი წლის შემდეგ კობი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ასაკში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მშობლების საკუთარი ფინანსებიდან დისტანცირებაა.
ეს ბრძოლა ოჯახმა პირწმინდად წააგო. მათ ლოს ანჯელესიდან ფილადელფიაში უკან დაბრუნება მოუწიათ, მუსიკალური სტუდია დაიხურა და მის დებს და დისქმრებს ახალი სამსახური უნდა მოეძებნათ, აგენტი არნ ტელემი კობიმ რობ პელინკათი შეცვალა, ‘ადიდასის’ ნაცვლად კი ‘ნაიკი’ აირჩია.
ოჯახთან კობის ურთიერთობა აღარასოდეს გამოსწორებულა. ისინი არ იყვნენ კობის ბოლო თამაშზე. სულ რამდენიმე წლის წინ კი, კობიმ დედამისს უჩივლა მისი ბავშვობისდროინდელი დღიურების უნებართვოდ გაყიდვის გამო. 2016 წელს კი აღიარა, რომ მათთან ბოლო 3 წლის მანძილზე არ ულაპარაკია.
თითქმის 20 წლის მანძილზე კობის მთელი ოჯახი ვანესა იყო.
მარტო გუნდში
კობის ქორწილში არცერთი მისი გუნდელი არ ყოფილა. ისინი უბრალოდ არ დაუპატიჟებიათ. კობის თანაგუნდელებთან ახლო ურთიერთობა არასოდეს ჰქონია, ის საშუალო სტატისტიკური NBA-ს მოთამაშისთვის ზედმატად ჭკვიანი და კომპლექსური იყო. რთული წარმოსადგენია, მათ ერთიანობა ჰქონოდათ.
საერთოდ, კობის ცოტა მეგობარი ჰყავდა. ყველა, ვინც მას კარგად იცნობს, სტივენ ეი სმიტიდან დაწყებული, ადრიან ვოინაროვსკით დამთავრებული, ერთხმად აღნიშნავს, რომ ის ძალიან რთულად უშვებდა ადამიანებს ახლოს. მაგალითად, ის არასოდეს ყოფილა ახლოს ლებრონთან, ან ჯორდანთან.
მენტორი იგი ბევრისთვის იყო, თვითონ მასაც ძალიან უყვარდა წარსულის დიდ კალათბურთელებთან, მაგალითად, მეჯიქ ჯონსონთან, ან ბილ რასელთან, მისთვის საინტერესო საკითხების განხილვა. თუმცა ახლო ურთიერთობა საკალათბურთო სამყაროში თითქმის არავისთან ჰქონია, თუ არ ჩავთვლით რობ პელინკას, ალბათ მის ყველაზე ახლო მეგობარს, ყოფილ აგენტს და ლეიკერსის ამჟამინდელ გენერალურ მენეჯერს.
2000-იანების დასაწყისში თავის გუნდთან კობის ღია მტრობა ჰქონდა. კობისა და შაკილ ო’ნილს შორის კონფლიქტი უკვე დაწყებულია. კობის უკვე აქვს იმის პრეტენზია, რომ იგი შაკზე უკეთესია. შაკმა ჯერ კობის დატრეიდება მოითხოვა, შემდეგ თვითონ დაიმუქრა წასვლით. პრესაში ორივე ერთმანეთს მოურიდებლად აკრიტიკებდა – კობი შაკს სიზარმაცეს უწუნებდა, შაკი კობის ეგოიზმში ადანაშაულებდა.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ერთ-ერთი უნდა წასულიყო. მარტივი მისახვედრია, რომ მთელი გუნდის მხარდაჭერა შაკს ჰქონდა – მხიარულ გიგანტს, ყველა გართობის და ხუმრობის მთავარ სულის ჩამდგმელს. კობი კი მათთვის უცნაური, ჯიუტი, აგრესიული და ძალიან თავისებური იყო. როცა სხვები ერთობოდნენ, კობი დარბაზში მიდიოდა, რათა თავისი კუთვნილი დღის ნორმა, 2000 სროლა მარტოს შეესრულებინა. ამ წლებში კობი თავის გუნდშიც მარტო იყო.
ამ ამბის კულმინაცია კი კობის კოლორადოს სკანდალია. როდესაც იგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, მაშინაც კი, როცა კობის ადვოკატებმა ბრალმდებლის ჩვენებაში ბევრი ხარვეზი იპოვეს, იმდენად ბევრი, რომ დაზარალებულმა საქმის ლეგალურ წარმოებაზე თვითონვე უარი თქვა (ანუ, საჩივარი გაიტანა), კობი საჯაროდ არცერთმა მისმა თანაგუნდელმა არ დაიცვა.
რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, კითხვაზე, თუ რამდენად გაკვირვებული იყო, როდესაც კობის ბრალდების შესახებ შეიტყო, ლეგენდარულმა ფილ ჯეკსონმა უპასუხა, რომ ‘გაუკვირდა, თუმცა, არცთუ ისე ძალიან.’
ვანესა ერთადერთი იყო კობის ძალიან ახლო წრეში, რომელმაც მას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა და ბოლომდე გვერდში დაუდგა. კობი მთელი ცხოვრება მადლიერი იყო, რომ სკანდალის მიუხედავად, ის მისგან არ წავიდა.
ძლიერი მოკავშირე
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ კობი ლეიკერსიდან უნდა წასულიყო. ყველა თანხმდებოდა, რომ ლოს ანჯელესში შაკი დარჩებოდა კობის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევდა. მით უმეტეს, რომ ლეიკერსი დატოვა კობის მენტორმა და გუნდში მისმა ყველაზე ერთგულმა მოკავშირემ, ლეგენდარულმა ჯერი ვესტმა – კაცმა, რომელმაც კობის ლეიკერსში ჩამოსაყვანად ყველაფერი გააკეთა. შაქისკენ (და კობის წინააღმდეგ) იყო ფილ ჯეკსონი და მთელი გუნდი.
ამ ვითარებაში ისტორიული როლი ითამაშა ლეიკერსის მფლობელმა დოქტორმა ჯერი ბასმა. ალბათ მთელ საკალათბურთო სამყაროში თუ არა, მთელ ლეიკერსში ის ერთადერთი იყო, რომელმაც კობის დაიჯერა. მან დაიჯერა, რომ კობი უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე შაკი, ჯეკსონი და მთელი გუნდი. დაიჯერა, ის, რომ ლეიკერსის მომავალი მხოლოდ კობი იყო.
‘მალე შენს მამიკოს წასვლა მოუწევს’ – შეატყობინა ჯერი ბასთან შეხვედრიდან დაბრუნებულმა კობიმ შაკს. მართლაც, 2004 წელს ლეიკერსიდან წავიდნენ ფილ ჯეკსონი და შაკილ ო’ნილი – იმ წლებში NBA-ას საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო მოთამაშე.
Mamba Mentality
სწორედ ამ ამბების შემდეგ გახდა კობი Black Mamba. ეს მისთვის ადამიანურად ძალიან რთული 2001-2004 წლების შემდეგ მოხდა – იმ წლების შემდეგ, როდესაც იგი, ფაქტობრივად მარტო დარჩა, გუნდის და ოჯახის მხარდაჭერის გარეშე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მეტსახელს კობისთვის მხოლოდ მარკეტინგული და სარეკლამო მნიშვნელობა ჰქონდა, ძალიან ცდება. უფრო სწორად, კობის არ იცნობს.
არ იცნობს იმ კაცს, რომელმაც, მაგალითად, აივერსონის შეჩერების რეცეპტის ძიების პროცესში თეთრი ზვიგენის ნადირობა შეისწავლა.
კობისთვის ეს კარიერის, ცხოვრების, ახალი ეტაპის დასაწყისი იყო. 2001-2004 წლებში კონფლიქტების, სკანდალების და მარტოდ დარჩენის შემდეგ, კობი თითქოს უფრო ძლიერი გახდა. ზებუნებრივი, თითქოს დემონური, ენერგიით დაიწყო მთელი სამყაროსთვის იმის მტკიცება, რომ სწორი და მართალი ის არის, რასაც კობი ბრაიანტი აკეთებს და რისიც მას სწამს. მისი ყველაზე დიდი გამარჯვებაც ეს იყო.
თუკი ამ წლებში კობი უფრო მეტს არ უყვარდა, ვიდრე უყვარდა და ბევრისთვის ის ეგომანიაკი იყო, მოძალადე, კაცი, რომელმაც დაშალა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკალათბურთო გუნდი და დინასტია, მან ყველა აიძულა მისთვის პატივი ეცათ. მისი თამაში და საქმეები იმდენად დიადი იყო, რომ სიმართლედ, ჭეშმარიტებად, სწორედ ის იქცა, რასაც კობი ამტკიცებდა და რისიც მას სჯეროდა. ის არ შეცვლილა, ეს ჩვენ შევიცვალეთ, ჩვენი აღქმა, ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა კობის მიმართ – ის ისეთად დარჩა, როგორიც ყოველთვის იყო.
მეტიც, კობიმ ჩვენი (და მათიც, ვისაც ის სძულდა) გემოვნება, ესთეტიკა, ღირებულებები და მსოფლმხედველობა განსაზღვრა. მილიონობით ადამიანისთვის ის საკულტო ფიგურად, თითქოს სულიერ ლიდერად იქცა.
თუკი ბევრისთვის 15 წლის წინ შაკი მხიარული და გულკეთილი გოლიათი იყო, ხოლო ღამისთენებით მოვარჯიშე კობი ეგოისტი და ცუდი თანაგუნდელი, დღეს შაკი მთელი მისი სიდიადის მიუხედავად, უფრო სიზარმაცის და ბოლომდე ვერგამოყენებული შესაძლებლობების სიმბოლოა, კობი კი – სწორი სამუშაო ეთიკის და მონდომების მაგალითი! თუკი ფიქრობდნენ, რომ, კობი გუნდის შიგნით ტოქსიკურია, დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლიდერად მიიჩნევა. შემდეგი საკალათბურთო თაობებისთვის – რასელ ვესტბრუკით დაწყებული, ჯოელ ემბიიდით დამთავრებული, ის მენტორად იქცა. სულ მცირე ამ საუკუნეში მაინც არ მახსენდება არცერთი ათლეტი, რომელმაც ასე შეცვალა ადამიანების ცნობიერება.
მთელ ამ ხანგრძლივ პროცესში ვანესა ბრაიანტი იყო ერთადერთი, ვინც მუდამ კობის გვერდით იდგა.
ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით მათი ურთიერთობის შესახებ – ვანესა ინტერვიუებს არ იძლევა, კობი ამაზე არ ლაპარაკობდა და საერთოდაც, ვარსკვლავური სტატუსის მიუხედავად, ისინი დროის უდიდეს ნაწილს სახლში ატარებდნენ. თუმცა, ვიცით ის, რომ ვანესა კობისთვის მთავარი დასაყრდენი იყო.
P.S. ეს მოცემულობა კობის წასვლის შემდეგაც კი არ შეცვლილა – 24 თებერვალს კობის დამშვიდობების დღესთან დაკავშირებულ ყველა ამბავს სწორედ ვანესა ხელმძღვანელობს, მისი ოჯახის სხვა წევრებისგან (მათ შორის მშობლებისგან) კი არცერთი ოფიციალური გამოხმაურება არ გვაქვს.
წყარო: popsport.ge