შენგელიას თვის MVP-ს ტიტული ერგო – თორნიკე ესპანეთში საუკეთესოა

580

28 წლის ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

იმას, რომ ლიგა ენდესამ თვის MVP ნაადრევად დაასახელა, თავისი მიზეზები აქვს. თებერვალში ჯერ ესპანეთის თასის მატჩებია დაგეგმილი, შემდეგ კი, ეროვნული გუნდებისთვის გამოყოფილი ფანჯარაა.

შედეგად, ქვეყნის ჩემპიონატის მომავალი ტურის მატჩები 29 თებერვლიდან 1 მარტის პერიოდში ჩატარდება და ის უკვე შემდეგი თვის მონაცემებში იქნება შეტანილი.

ქართველი კალათბურთელის ბასკონიამ თებერვალში 2 მატჩი ჩაატარა. მალაგის უნიკახასთან შეხვედრაში შენგელიამ 15 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. იმ მატჩში თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა.

ქართველი ლეგიონერი შედეგიანად გაისარჯა ობრადოიროსთან შეხვედრაშიც, სადაც მისი მონაგარი 19 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 4 ჩაჭრა და 6 გამომუშავებული ფოლი იყო. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 33 გახლდათ.

2 მატჩის ჯამში, შენგელიას მაჩვენებლები ასეთი იყო: 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 პასი და სარგებლიანობის კოეფიციენტი 29.

შედეგად, ბასკონიას კაპიტანმა უნიკახელ ხაიმე ფერნანდესსა (26.5) და მანრესას კალათბურთელ დავიდ კრავიშს (22) აჯობა.

შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეორედ აღიარეს. პირველად, ეს, 2018 წლის ოქტომბერში მოხდა.

წყარო: popsport.ge

SHARE