„კენი ფავორიტია, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა მოვიგო!“ – ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან

602
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადება. 16 თებერვალს, გამთენიისას, დვალიშვილი ქეისი კენის დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, მერაბი UFC-ის საუკეთესო 15 მებრძოლში მოხვდება, რაც დიდი წარმატებაა.
ფავორიტად კენია მიჩნეული, რომელიც რეიტინგში უფრო მაღალ საფეხურზეა, კარიერაში კი მხოლოდ ერთი მარცხი აქვს და მაშინაც, მსაჯების აზრები გაყოფილი იყო. მოკლედ, ქართველ მებრძოლს კარიერის მთავარი ბრძოლა ელოდება. იქამდე, მერაბ დვალიშვილმა პოპსპორტის კითხვებს უპასუხა…

– პირველ რიგში გვაინტერესებს, როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა ეტაპმა და როგორ ფორმაში ხარ მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ?

– კარგ ფორმაში ვარ. მაქსიმალურად მოვემზადე. ერთი დღეც არ დამისვენია და ერთხელაც არ გამიცდენია ვარჯიში. გაციებული ვიყავი, მაგრამ მაინც ვვარჯიშობდი. თავს კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ. ბრძოლისთვის მზად ვარ!

– რას გვეტყვი მეტოქეზე, როგორ დაახასიათებ მას და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ის ყველზე ძლიერია, ვისთანაც აქამდე გიბრძოლია?

– კი, მართლაც ყველაზე ძლიერია, ვისთანაც აქამდე მიბრძოლია. სულ შეტევაზე მიდის და უკან ერთი წამითაც არ იხევს. თან, ცაციაა და ესეც მისი პლუსია. გარდა იმისა, რომ ძალიან ძლიერია, უხერხული მეტოქე იქნება.

– ფავორიტად მას მიიჩნევენ და ეს ის შემთხვევაა, როდესაც სენსაცია უნდა მოახდინო. ფსიქოლოგიურად და მენტალურად თუ ხარ ამისთვის მზად? 

– ბევრი მიიჩნევს ფავორიტად კენის და ეს ასეც არის. თითქმის დაუმარცხებელია. მხოლოდ ერთი ბრძოლა წააგო, სადაც მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მის მეტოქეს მიანიჭეს უპირატესობა, რასაც ბევრი არ დაეთანხმა. რეიტინგშიც ჩემზე წინაა და ლოგიკურია, რომ ფავორიტად მიიჩნევენ.

– ამ ბრძოლის მოგება რამდენად წინ წაგწევს კარიერაში?

 აქ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. რეიტინგში დავწინაურდები და ტოპ 15-ში დავიმკვიდრებ ადგილს. შემდეგ უკვე თავისუფლად შეიძლება შევებრძოლო ყოფილ ჩემპიონებს, ან მეორე-მესამე ნომრებს, დიდი სახელის და რეიტინგის მქონე მებრძოლებს. ფინანსურადაც მნიშვნელოვანია, რადგან მოგებაში გაცილებით მეტ თანხას ავიღებ, ვიდრე აქამდე ვიღებდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, UFC-ში თითოეული გამარჯვება ძალიან დიდი სახელის მომტანია როგორც ჩემთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

'კენი ფავორიტია, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა მოვიგო!' - ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან

– მოკლე პერიოდში 10 კილოგრამის დაკლება გიწევს. როგორ მიდის ეს პროცესი და ხომ არ აისახება ეს ცუდად ფიზიკურ კონდიციაზე?

 წონის კლება ყოველთვის ძნელია და რთულია. ნამდვილად აისახება, მაგრამ ჩემს მოწინააღმდეგესაც იგივე აქვს გასაკეთებელი. ასე რომ, თანაბარ მდგომარეობაში ვართ.

– და ბოლოს, როგორ მერაბ დვალიშვილს იხილავს გულშემატკივარი კესი კენის წინააღმდეგ?

 ძალიან მონდომებულს, ჭკვიანს, აგრესიულს, მომღიმარს და მრისხანეს. ყველა იმ თვისებას გავაღვიძებ ჩემში, რაც გამარჯვებაში დამეხმარება. კიდევ ერთხელ გავაჟღერებ ჩემი ქვეყნის სახელს UFC არენიდან.

წყარო: popsport.ge

SHARE