ძალიან მაგარი გამარჯვება! საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში მოიგო

618

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი 2021-ს საკვალიფიკაციო ციკლში მე-2 მატჩი ჩაატარა და ბელგრადში, E ჯგუფის აშკარა ფავორიტ სერბეთს საოცარი მატჩი 94:90 მოუგო.

Embedded videoილიას ზუროსის შეგირდებმა თამაში სუსტად დაიწყეს და მეტოქეს 0:9 ჩამორჩნენ. შედეგად, ჩვენი გუნდის ბერძენ მწვრთნელს სწრაფი ტაიმ-აუტის აღება მოუხდა, რასაც გიორგი ცინცაძისა და ბექა ბურჯანაძის ზუსტი ორქულიანები მოჰყვა.

სერბეთი, რომელსაც ჩვენი კარგი ნაცნობი იგორ კოკოშკოვი ავარჯიშებს, სტუმართა შევიწროვებას პრესინგის ხარჯზე ცდილობდა, რასაც შედეგი მოჰქონდა. უკვე პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს 9 (!) დაკარგვა ჰქონდა, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია.

Embedded video
საინტერესოა, რომ “თერნოვერების” უმეტესი წილი (8) უკანახაზელებზე – რატი ანდრონიკაშვილზე (5) და გიორგი ცინცაძეზე (3) მოდიოდა. შემთხვევითი არ ყოფილა, ზუროსმა ეს უკანასკნელი მხოლოდ 04:38 წუთი დატვირთა, თუმცა, შესაძლოა, გიორგიმ ტრავმაც მიიღო.

მიუხედავად ყველაფრისა, საწყის ნახევარში მეტოქის გაქცევის შეჩერება შევძელით, რაშიც დიდი როლი გიორგი შერმადინმა და თად მაკფადენმა ითამაშეს. ქართველმა ცენტრმა ყველა შეტევა ზუსტად დაასრულა და 10 ქულა მიითვალა, ეროვნული გუნდის ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა კი 11 ქულა ჩააგდო.

5 ქულა ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს. კარგად ჩაერთო თამაშში თსუ-ს ახალგაზრდა ცენტრი გიორგი ტურძილაძეც, რომელმაც 08:47 წუთში ნაკრებს 4 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.

აღსანიშნავია, რომ დიდ შესვენებამდე ნასროლი 10 სამქულიანიდან სერბებმა 5 ჩააგდეს, საქართველოს კი ერთადერთი ზუსტი შორეული ტყორცნა ჰქონდა, რომელიც მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე იყო.
შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრები მოედანზე გაცილებით მობილიზებული გავიდა, რამაც შედეგი გამოიღო. სტუმრები ბურთს უფრო მეტად უფრთხილდებოდნენ, სერბებიც უფრო ანერვიულდნენ და ჩამორჩენამ შემცირება იწყო.

შეუჩერებელი იყო მაკფადენი, რომელმაც მე-3 მეოთხედში ქულათა მონაგარი 23 ქულამდე აიყვანა. შედეგად, ერთ ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრებაც (65:65) კი მოხერხდა, ბოლო მეოთხედის წინ კი, მხოლოდ ორ ქულას ვაგდებდით.

საქართველოს ნაკრებმა სენსაციური მოგებით გაიხარა

საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი ათწუთეულიც კარგად დაიწყო და საფინალო სირენამდე შვიდიოდ წუთით ადრე, ანდრონიკაშვილის სწრაფი გარღვევის შემდეგ, პირველად დავწინაურდით. საინტერესოა, რომ გუნდებმა პერსონალური ფოლების ლიმიტი სწრაფად ამოწურეს, ამდენად, კალათბურთელები საჯარიმო ხაზზე ხშირად დგებოდნენ.

დასკვნით ხუთ წუთში თამაში, ფაქტობრივად, ქულა-ქულაში წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ძირითადად წინ იყო, ძირითადად, სამქულიანების ხარჯზე საქართველო წამოწევას მუდმივად ახერხებდა. შორეული ტყორცნა ჯერ სანაძემ გამოიყენა, შეუდარებლად მოთამაშე მაკფადენის საოცარი ტყორცნის შემდეგ კი, ჩვენი გუნდი 92:90 დაწინაურდა.

გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა

 

სერბებს დასკვნითი შეტევა ჰქონდათ, რომელიც გაუცუდდათ, იქვე მაკფადენზე დაჯარიმდნენ და თადმაც 2 ზუსტი ჯარიმით საბოლოო წერტილი დასვა – 90:94. საბოლოოდ, შეხვედრის გმირი სწორედ “ქართველი ამერიკელი” გახდა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, გიორგი შერმადინის აქტივში კი 23 ქულა და 11 მოხსნა იყო, ბურჯანაძემ კი 11 ქულას 8 მოხსნა წაამატა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებს 2 ტურის თავზე 2 გამარჯვება მოუგროვდა და E ჯგუფს სათავეში მოექცა, რაც უდიდესი წარმატებაა.

შეგახსენებთ, რომ ვინაიდან საქართველო მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ციკლში, ასე ვთქვათ, უკონკურსოდ თამაშობს, შედეგად, ილიას ზუროსს ექსპერიმენტების განხორციელება თამამად შეუძლია.

ილიას ზუროსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტია

 

წლეულს, საქართველოს ნაკრებს შესარჩევ რაუნდში კიდევ 2 მატჩი ელის და ორივე სტუმრად შედგება. 27 ნოემბერს, ქართველი კალათბურთელები ფინეთს ეთამაშებიან, 30-ში კი, შვეიცარიას, რომელსაც პირველ ტურში შინ ოვერტაიმში 96:88 მოვუგეთ.

წყარო: popsport.ge

SHARE