რას გვიმზადებს ერთა ლიგის წილისყრა და როგორ შეიძლება მოვხვდეთ მუნდიალზე?

390

ორშაბათს ამსტერდამში დაიწყო უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წლის პირველი სხდომა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი დრო აღარ არის დარჩენილი. აღმასკომზე კორონავირუსისგან წარმოქმნილ საფრთხესაც განიხილავენ.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამბები უეფას კონგრესის დასრულების შემდეგ მოხდება. The Amsterdam Beurs van Berlage-ის საკონფერენციო დარბაზში ერთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის წილისყრა გაიმართება.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები, ერთა ლიგის სადებიუტო გათამაშების შედეგების მიხედვით, D ლიგიდან C ლიგაში გადავიდა. ერთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპი 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება.

წილისყრა ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება. 55 ნაკრები ოთხი ლიგის ჯგუფებში გადანაწილდება. A, B და  C ლიგებში 4-4 კალათაა, D-ში – ორი.

A ლიგა
1) პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, შვეიცარია
2) ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია
3) ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი
4) ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია

B ლიგა
1) რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი
2) შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი
3) სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია
4) ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი 

C ლიგა
1) საბერძნეთი, ალბანეთი, ჩერნოგორია, საქართველო
2) ჩრდ. მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი
3) ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი
4) სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა

D ლიგა
1) გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტენშტაინი
2) ანდორა, მალტა, სან მარინო

უეფას რეგულაციის მიხედვით, ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან იმ ქვეყნების წარმომადგენელი ნაკრებები, რომელთა შორისაც საჰაერო სივრცის დაფარვას 8 საათზე მეტი უნდა. ასევე არ იქნება ერთ ჯგუფში სამი ისეთი ქვეყნის ნაკრები, სადაც მკაცრი ზამთარია.

პირველი სამი ლიგის წარმომადგენელი გუნდები შინ და სტუმრად იასპარეზებენ. მთიანობაში ჩატარდება 6 ტური. A ლიგის ჯგუფების 4 პირველადგილოსანი 2021 წელს გასამართ ფინალში იასპარეზებს. ლიგებში პირველადგილოსნები  შემდეგ სეზონში ერთი ლიგით მაღლა იასპარეზებენ. A და B ლიგების ჯგუფების აუტსაიდერები დაქვეითდებიან. C ლიგაში, სადაც ჩვენ ვართ, სულ 4 ჯგუფია. ხოლო D ლიგაში ჯგუფი მხოლოდ ორია.

აქედან გამომდინარე, იმ დივიზიონიდან, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, მხოლოდ 2 ნაკრები დაქვეითდება. 2022 წლის მარტში ჯგუფების ბოლოადგილოსნების დუელში გაირკვევა ორი გავარდნილი ნაკრები.

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის გასული გათამაშება იმით იყო მიმზიდველი, რომ ის უკავშირდებოდა ევროპის ჩემპიონატს. მომავალი ერთა ლიგა კი 2022 წელს ყატარში გასამართ მუნდიალზე გასვლის შანსს წარმოადგენს.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი მთლიანობაში უცვლელი რჩება. 10 ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ ხვდება ყატარში ფინალურ ეტაპზე. კიდევ 3 საგზურის მფლობელი პლეი ოფების საშუალებით უნდა გაირკვეს. ამ პლეი ოფებში ითამაშებს 10 ჯგუფის ყველა მეორე ადგილოსანი, პლუს ერთა ლიგის ჯგუფების 2 საუკეთესო გუნდი (ტურნირის რეიტინგის მიხედვით) მათგან, ვინც პირდაპირ ვერ მოხვდა მუნდიალზე და ვერც პლეი ოფებში თამაშის უფლება მოიპოვა.

უკვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სტარტს აიღებს 3-5 სექტემბერს და დასრულდება 15-17 ნოემბერს. ფინალური ეტაპი დაგეგმილია 2021 წლის 2-6 ივნისს, ხოლო პლეი ოფის მატჩები – 2022 წლის 24-29 მარტჩს;

წყარო: lelo.ge

SHARE