(ვიდეო) საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონი ერთი ტურით ადრე გახდა

695

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი პორტუგალიასთან საფრანგეთში ჩაატარა და მეტოქე 39:24 დაამარცხა. ქართველებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს და 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონები ერთი ტურით ადრე გახდნენ. პირველი ნახევარი “ბორჯღალოსნებმა” 17:14 მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში პორტუგალია 22:10 დაამარცხეს.

60 წუთის განმავლობაში პორტუგალიის ნაკრები კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა საბოლოოდ ქართველებმა მაინც გატეხეს მეტოქე და 15 ქულით გაიმარჯვეს. პორტუგალიელები ძირითადად ბურთის გაშლაზე იყვნენ ორიენტირებული და ცდილობდნენ ხაზი გაეჭრათ, რაც კარგად გამოსდიოდათ და უპირატესობის მოპოვებას ახერხებდნენ. სამაგიეროდ ქართველებმა მეტოქე მოლში დაჩაგრა. შერკინებაში ქართველებს უპირატესობა კი ჰქონდათ, თუმცა რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და პორტუგალიას ქულების მოპოვების შანსი მისცეს.

მეოთხე წუთზე პორტუგალია შერკინების დროს დაჯარიმდა და ქართველებმა ბურთი აუტზე გადაიტანეს, საიდანაც წარმატებით მოაწოდეს, მოლი შეკრეს და შალვა მამუკაშვილმა მატჩის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვა სოსო მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა.

მეშვიდე წუთზე შეტევა პორტუგალიელებმა დაიწყეს, ერთხელ ხაზი გაჭრეს და სწრაფი შეტევა საბოლოოდ მანუელ პინტომ ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვის შემდეგ კი ანგარიში 7:7 გახდა. საქართველომ მალევე უპასუხა მეტოქეს, მეათე წუთზე დემე თაფლაძე ბექა გორგაძის გადაცემის შემდეგ ფლანგზე გაიჭრა, რამდენიმე მეტოქეს გასცდა და კვლავ გორგაძეს დაუბრუნა ბურთი, რომელიც კარგად მიყვა, და კაპიტანმა ლელო მიითვალა. გარდასახვა კი მათიაშვილმა ზუსტად ვერ შეასრულა.

23-ე წუთზე საქართველო მეტოქის ნახევარზე იყო და უტევდა, როდესაც ლაშა მალაღურაძის გადაცემა პორტუგალიის მე-11 ნომერმა, დანი ანტუნეშმა ჩაჭრა და მისი გაჩერება ვერავინ შეძლო – შედეგად მასპინძლები წინ გავიდნენ – 14:12. ორიოდე წუთში პორტუგალიელებმა ფლანგზე კვლავ შეძლეს უპირატესობის მოპოვება, თუმცა აუტზე გადავიდნენ და სახიფათო მომენტი განიმუხტა. 29-ე წუთზე საქართველო შერკინებაში დაჯარიმდა, ხოლო დანიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად ვერ შეასრულა.

32-ე წუთზე პორტუგალიელ მორაგბეს შეტევის დრო ბურთი დაუვარდა წინ და შერკინება დაინიშნა, სადაც საქართველოს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დაჯარიმდა. ქართველებმა აუტში გადაიტანეს ბურთი – ქართველებმა ბურთი ზუსტად შემოიტანეს და მოლი შეკრეს, მიაწვნენ და ჩაიქცა, შემდეგ კი ბრეგვაძემ სწრაფად გაათამაშა ბურთი, ხოლო ლაშა ხმალაძის გადაცემის შემდეგ დავით კაჭარავამ ფლანგიდან ლელო დააფიქსირა. მესამე ლელოს შემდეგ მათიაშვილმა გარდასახვა კვლავ არაზუსტად შეასრულა და ანგარიში 17:14 დარჩა. შეხვედრის ბოლო წუთზე პორტუგალია დაჯარიმდა, შეტევის დროს უბურთოდ მყოფ ლაშა მალაღურაძეს დაეჯახა პორტუგალიელი – აუტზე გადატანილი ბურთი ქართველებმა შემოიტანეს და მოლი წარმატებით დააყენეს, თუმცა ლელოს ხაზთან “ბორჯღალოსნებს” ბურთი წინ დაუვარდათ და მსაჯმა პირველი ტაიმი დაასრულა.

მეორე ნახევარი პორტუგალიის უპირატესობით დაიწყო, ჟოაუ ბელუმ მეორე წუთზე ხაზი გაჭრა და მასპინძლები წინ გაიყვანა – 21:17. მეხუთე წუთზე ქართველები სახიფათო შებოჭვის გამო დაჯარიმდნენ, ხოლო ანტუნეშმა ჯარიმა გააფუჭა და ანგარიში უცვლელი დარჩა. 49-ე წუთზე მსაჯმა ქართველები დააჯარიმა, რადგან აუტიდან შემოტანილი ბურთზე ქართველებმა თამაშის წესების დარღვევით ითამაშეს და პორტუგალიას დარტყმის საშუალება მიეცა, თუმცა ანტუნეშმა კვლავ ვერ გამოიყენა სამი ქულის მოპოვების შანსი.

პორტუგალიელების შეტევების შემდეგ ქართველები გამოფხიზლდნენ და 57-ე წუთზე აუტიდან შემოიტანეს ბურთი, მოლი დააყენეს და ბექა საღინაძემ ლელოთი დააგვირგვინა შეტევა. სამწუხაროდ გელა აფრასიძემ გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა და ანგარიში 22:21 დაფიქსირდა.

63-ე წუთზე ქართველები შერკინებაში დაჯარიმდნენ, ხოლო ანტუნეშმა ამჯერად სამი ქულა მოუტანა გუნდს და პორტუგალია წინ გავიდა – 24:22. ოთხ წუთში ქართველებმა კარგი შეტევა განახორციელეს, ბექა საღინაძის გარღვევის შემდეგ ფლანგისკენ გაგრძელდა შეტევა, სადაც მალაღურაძეს მეტოქემ ხელი ჩაარტყა და პორტუგალია საჯარიმო ლელოთი და ყვითელი ბარათით დაისაჯა – 29:24. აღნიშნული მომენტიდან ორ წუთში საქართველომ საკუთარი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო და რამდენიმე პასის შემდეგ დემე თაფლაძე მარტო დარჩა და ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი ლელო გაიტანა, ხოლო აფრასიძემ გარდასახვა კუთხიდან ვერ შეასრულა – 34:24. ამის შემდეგ მასპინძლების თამაში აირია და ქართველებმა ამით ისარგებლეს – 34-ე წუთზე პორტუგალიელებმა შეტევის დროს ბურთი დაკარგეს, დემე თაფლაძემ ბურთს ფეხი მიარტყა, შემდეგ მათიაშვილმა ფეხით გაიგდო წინ ბურთი, დაიჭირა და ანგარიში 39:24 გახდა.

ამრიგად, საქართველო ნაადრევად გახდა ჩემპიონი და “ბორჯღალოსნებს” ბოლო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ელის. აღნიშნული დაპირისპირება 14 მარტს 16:00 საათზე დაიწყება.

წყარო: worldsport.ge

SHARE