ხინჩეგაშვილის ვერცხლი და ოდიკაძის ბრინჯაო

534

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (65 კგ) ქართველი ფალავანი ფინალში გავიდა, მაგრამ იქ მარცხი განიცადა და ვერცხლის მედლით მოუწია დაკმაყოფილება.

ფინალში ჩვენებურის მეტოქე აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი იყო, რომელსაც ბრძოლა გაუმართა, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი ანგარიშით დამარცხდა – 2:10.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ელიზბარ ოდიკაძემ. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (97 კგ) ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველ მურაზ მჭედლიძეს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

პირველი პერიოდი ელიზბარმა მინიმალური უპირატესობით მოიგო (1:0), ხოლო მეორე პერიოდში უპირატესობა განიმტკიცა და საბოლოოდ 5:0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ოდიკაძემ ევროპულ თამაშებზე მეორედ მოახერხა პრიზიორობა – 4 წლის წინ ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამასობაში კი, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი დაისაკუთრა – 2 ვერცხლი (გივი მაჭარაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი) და 2 ბრინჯაო (ელიზბარ ოდიკაძე და ავთანდილ კენჭაძე).

მთლიანობაში ქართული დელეგაციის მონაგარი ამ დროისთვის 24 მედალია – 6 ოქრო, 7 ვერცხლი, 11 ბრინჯაო.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE