დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე, ქართველი გულშემატკივრის რჩეული და “ჯვაროსნების” ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია 52 წლის გახდა. ფამაგუსტის “ანორთოსის” თავკაცი კვიპროსში პოპულარულ რადიო “აქტივში” მიიწვიეს, დაბადების დღე მიულოცეს და ინტერვიუც ჩაწერეს…
თემურ ქეცბაიამ ილაპარაკა კორონავირუსულ პანდემიაზე, კვიპროსულ ფეხბურთზე, რომელიც კარანტინის გამო შეჩერდა, მიმდინარე სეზონში “ანორთოსისისთვის” გაღებულ უზარმაზარ ძალისხმევასა და სხვა საინტერესო თემებზე…
კორონავირუსსა და ამ პერიოდში მომხდარ ამბებზე…
– ათი დღეა სახლში ვზივარ და ვცდილობ, არსად გავიდე. არის მომენტი, როცა რაღაც აუცილებელ ნივთებზე მივდივართ. სახლში მეუღლესთან ერთად ვარ. ჩემი ქალიშვილი ინგლისში დარჩა. საერთოდ, შვილზე ვზრუნავ და ჩვენ კონტაქტი ყოველდღიურია, ვსაუბრობთ და ვიცით, რას აკეთებს. ვეუბნები, სახლიდან არ გავიდეს. მაგრამ პანიკის მიზეზი არ არსებობს, რადგან ასეთი მიდგომა უფრო მეტ პრობლემას ქმნის. ამ დაავადებების შესახებ ცოტა რამ ვიცით. უნდა ილაპარაკონ მათ, ვისაც ამ სფეროში სიტყვა ეთქმის – ექიმებმა, მეცნიერებმა… მათ უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ… მაგრამ პანიკაში ნუ ჩავვარდებით. უმჯობესია ჩემი შვილი ინგლისში იყოს, ვიდრე ასეთ დროს კვიპროსში ჩამოვიდეს. ინგლისი დიდი ქვეყანაა, სადაც იციან, როგორ არ უნდა შექმნან პანიკა. საერთოდ, უკეთესია სახლში დავრჩეთ, რათა თავს და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.
გუნდსა და ფეხბურთელებზე…
– რა შემიძლია მათ ვუთხრა? მხოლოდ ფეხბურთზე თუ დაველაპარაკები, მეცნიერებაზე მსჯელობა არ შემიძლია. შაბათ-კვირის შემდეგ მოთამაშეებთან არანაირი შეხება არ გვქონია. ორშაბათს არც ბაზაზე მივსულვართ და არც გვივარჯიშია. ლიგის ორგანიზატორები გვეუბნებიან – ჩემპიონატს დავამთავრებთო, მაგრამ დღეები გადის და ისევ გაურკვევლობაში ვართ. მოთამაშეებს დასჭირდებათ დრო, ნორმალურ ცხოვრებას რომ დაუბრუნდნენ. ეს არის მთელი პრობლემა. ახლა გვეუბნებიან, რომ ყველანი სახლებში უნდა ვიყოთ, ოჯახთან ერთად – მხოლოდ ეს არის, რისი თქმაც ფეხბურთელებისთვის შეგვიძლია.
ვარჯიშის განახლების სცენარი…
– კვიპროსში ფეხბურთელებს დასასვენებლად დრო თითქმის არ აქვთ. მაგრამ ჩემპიონატი თუ 15-16 აპრილს განახლდება, მაშინ გამოდის, რომ დასვენება მთელი თვე გაუგრძელდებათ. როდის დავიწყებთ მომზადებას? ეს პრობლემაა და არ ვიცი, ასეთი პაუზის შემდეგ გუნდი როგორ უნდა მოვამზადოთ. ზოგიერთმა, შესაძლოა, ამ პერიოდში ივარჯიშოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სათამაშოდ მზად იქნებიან. სეზონის რომ დასრულეს, მსხვერპლი უნდა გავიღოთ. წარმატებას ის მიაღწევს, ვინც უკეთ მომზადებული იქნება. სხვა რა შემიძლია გითხრათ?..
შანსი, რომ პირვეადგილოსანი გუნდი ჩემპიონად გამოცხადდეს…
– მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს სწორი იქნება. სხვა გუნდები იტყვიან, რომ ეს უსამართლობაა. ჩვენ და “ომონიას” თანაბარი ქულები გვაქვს. უეფასა და მრავალ ქვეყანაში ასეთ დროს ჩემპიონად აცხადებენ მათ, ვისაც მეტი გოლი აქვს გატანილი. კვიპროსში კი ეს საკითხი ურთიერთშეხვედრებით წყდება. არიან “ჭკვიანი” ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩემპიონატი უნდა გაუქმდეს, ხოლო ზოგიერთი თვლის, რომ ევროსარბიელზე იგივე გუნდები უნდა გავიდნენ, ვინც შარშან ითამაშა – საოცარ, აღმაშფოთებელ რამეებზე ვსაუბრობთ!..
ჩემპიონატის განახლების შესაძლებლობაზე…
– უპირველესად, საჭიროა კორონავირუსის პრობლემები გადავლახოთ. ეს არ არის ფეხბურთის პრობლემა და მხოლოდ კვიპროსში არსებული დაბრკოლება. ყველგან ასეა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი რამ მოხდებოდა. მე ვარ იმ ქვეყნიდან, სადაც ხალხმა გამოიარა ომები, ჰყავს უამრავი ლტოლვილი. მაგრამ არსებობს შიში, რომ ეს ყველაზე დიდი პრობლემა იქნება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც გაჭირვებაა.
რა თქმა უნდა, ახლა ფიქრის მეტი დრო გვაქვს. თუმცა პრობლემა არ გვაძლევს საშუალებას, გარკვეულ საკითხებზე ნათელი გონებით ვიფიქროთ. მოდით, ჯერ ეს ვირუსი დავამარცხოთ. თუმცა, არ ვიცით, ეს სეზონი დასრულდება თუ არა. ამიტომ, ვერ ვილაპარაკებ, ვის მოწვევას ვაპირებთ. სეზონი ჯერ არც დასრულებულა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალ მოთამაშეებს მოვიყვანთ და გარკვეული ცვლილებებიც მოხდება.
კარიერაში საუკეთესო და ყველაზე რთულ პერიოდებზე…
– კარგი დრო ბევრჯერ მქონია. ყოველთვის, როცა რაღაცას მიაღწევ, დიდი სიხარულია. ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს საქართველოს ნაკრებთან, “ანორთოსისთან”, “ნიუკასლთან”… ცუდი დრო იყო მაშინ, როცა ტრავმები მქონდა. მაგრამ ახლანდელი პერიოდი ყველასთვის ცუდი დროა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მთელი პლანეტა ასეთ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. ამ ვითარებიდან ერთად უნდა გამოვიდეთ. ეს პრობლემა ყველა ქვეყანას აახლოვებს. უმჯობესია, ახლა გაერთიანდნენ და პრობლემა ერთად გადალახონ.
ანორთოსისის დაკარგულ ქულებზე
– შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, ვინც სეზონის განახლების შემდეგ სუპერლიგასა და თასზე ძლიერ გუნდებს შევხდით – ბოლო პერიოდში იოლი თამაში არ გვქონია. არ მინდა ვინმეს დაკნინება, მაგრამ “ომონია” უფრო სუსტ გუნდებს შეხვდა – “ოლიმპიაკოსსა” და “ნეა სალამინას” ერთმანეთს ვერ შევადარებთ. მაგრამ როდესაც ვთქვით, რომ ჩემპიონობა გვსურდა, ვიცოდით ჩვენი გუნდის ძალა. ჩვენ დაკარგული ქულებიც ვერ შეგვაჩერებს.
მარტივი თამაში აღარ იქნება. ლიდერებს ქულებს შედარებით სუსტი გუნდებიც წაართმევენ და ფინალური ეტაპი ყველასთვის რთული იქნება. არის სეზონი, როცა გუნდი ერთ-ორ თამაშს აგებს და პირველობას ასე იგებს. მაგრამ ახლა ქულა ყველამ დაკარგა. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ლიგა კონკურენტუნარიანი და საინტერესო, რაც ძალიან კარგია. პირველ ოთხეულში ჩემპიონობა ყველას შეუძლია. ჩვენ ჩემპიონობა გვინდა და ვიმედოვნებთ, რომ მიზანს მივაღწევთ.
2005 წლის ჩემპიონატში უფრო მეტი სირთულეები იყო, ვიდრე დღეს: მაშინ ჩვენი ბიუჯეტი სულ რაღაც 800 ათასი ფუნტი იყო. საზღვარგარეთიდან რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი “ანორთოსისში” მასობრივად პირველად სწორედ მაშინ მოვიწვიეთ და მათ ჩვენს წარმატებაში დიდი როლი შეასრულეს. ჩვენთან იყვნენ კაცავაკისი, ბაუერსი, პურსაიტისი, ქინქლაძე… და მაშინ მეც ვთამაშობდი…
წყარო: lelo.ge