გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს რაც დაუბრუნდა, ევროპულ საფეხბურთო ბაზარზე ისევ აქტუალური ფიგურა გახდა. საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევის შესახებ დღეს რამდენიმე ქვეყნის მედიაში დაწერეს.
მხითარიანის შემცვლელი
თურქული „მილიეთი“ ამტკიცებს, რომ ქართველის მიმართ ინტერესს არა მხოლოდ „ტრაბზონსპორი“ ავლენს – წერილში („ტრაბზონის“ მეტოქეები ჩაკვეტაძისთვის ბრძოლაში“) გამოცემამ თურქეთის სუპერლიგის ლიდერის ევროპელი კონკურენტები დაასახელა.
„ტრაბზონის“ გარდა, „გენტის“ ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძისადმი ინტერესს ევროპის მრავალი გუნდი იჩენს. აღმოჩნდა, რომ 20 წლის შემტევი ნახევარმცველით ასევე დაინტერესდნენ ინგლისის „ვესტ ჰემ იუნაიტედი“, იტალიური „რომა“ და ფრანგული „ბორდო“. ჩაკვეტაძე საქართველოში ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა მოთამაშედ ითვლება, და ბელგიურ კლუბ „გენტთან“ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს“ – წერს გამოცემა.
ამავე დროს, „მილიეთი“ წერს იმ მიზეზებზე, რის გამოც ქართველისადმი ინტერესი გაიზარდა: „სეზონის დასაწყისში, ამ კლუბებმა, რომლებიც ფეხბურთელის დამატებას ცდილობდნენ, უკან დაიხიეს, რადგან „გენტის“ გადაწყვეტილებით, ფეხბურთელი კლუბს არ დატოვებდა. სეზონის პირველი ნახევარი ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო გამოტოვა. თუმცა, როდესაც მეორე ნახევარში ფორმა აღიდგინა და სკაუტებმა მასზე დაკვირვება კვლავ დაიწყეს“.
თურქული გამოცემა ქართველის სავარაუდო ფასს ასახელებს: „გაცხადდა, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობის გამო, „გენტს“ნიჭიერი მოთამაშის სატრანსფერო ფასის მნიშვნელოვნად, 5-6 მილიონი ევრომდე შემცირება შეეძლო. რომაული კლუბი ჩაკვეტაძეს, რომელიც ორი ლეგენდარული ფეხბურთელის, შოთას და არჩილის სამშობლოდანაა, მათი წარმატებული ისტორიისა და მხითარიანის შემცვლელად განიხილავს. არველაძეების მშობლიური ქალაქი თბილისი ტრაბზონიდან ახლოს მდებარეობს და ტყუპების ფაქტორის გამო, თურქეთისკენ ყოველთვის კარგი განწყობით იყურებიან“.
„აიაქსის“ ზიეშის შესაძლო შემცვლელი
ნიდერლანდური გამოცემა „ვოეტბალზონა“ კი ჩაკვეტაძეს მაროკოელი ვარსკვლავის, ჰაკიმ ზიეჩის შემცვლელად ასახელებს.
„გასულ კვირას ერედვივიზიეში სეზონში დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაკიმ ზიეჩმა „აიაქსში“ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა. შესაძლოა, 1 ივლისს 27 წლის პლეიმეიქერი „ჩელსის“ მოთამაშედ გახდება რომელიც მაროკოელის გადასაყვანად 40 მილიონ ევროს იხდის. „აიაქსის“ ერთ-ერთი ლიდერი მიდის და ჯერჯერობით უცნობია, ზიეჩის წასვლით გაჩენილ ამ უფსკრულს გუნდის მწვრთნელი ერიკ ტენ ჰააგი როგორ შეავსებს.
ამსტერდამელთა მწვრთნელს ახალი სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში რამდენიმე ვარიანტი აქვს, „იოჰან კრუიფის არენაზე“ მაროკოელი რომ შეცვალოს. ჩვენ ზიეჩის შესაძლო შემცვლელებს დავასახელებთ“ – ვკითხულობთ „ვოეტბალზონაში“.
გამოცემა ასახელებს ალექს ბერენგერს (24 წლის, ესპანეთი, „ტორინო“), რომანო შმიდტს (20, ავსტრია, „ვოლფსბერგერი“), ეზე ებერეჩი (21, ინგლისი, „ქუინზ პარკ რეინჯერსი“), ლუდოვიკ ბლასს (22, საფრანგეთი, „ნანტი’), კელვინ სტენგსს (21, ნიდერლანდები, „ალკმაარი“), პედრინიოს (22 წლის, ბრაზილია, „კორინთიანსი“) და გიორგი ჩაკვეტაძეს.
ცნობისთვის: კომპანია SciSkill პროფესიონალ ფეხბურთელთა მარგი ქმედების კოეფიციენტს ინდივიდუალურად, სხვადასხვა სათამაშო სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აფასებს (როგორც ისნტატ ინდექსი). 2013 წელს, რამდენიმე კლუბმა კომპანიას სთხოვა დახმარება, რათა შეერჩიათ სასურველი მოთამაშეები, რადგან მწირი ბიუჯეტის პირობებში შესაფერისი ფეხბურთელების მოძებნა უჭირდათ.
SciSkill- ის ინდექსმა შექმნა შესაძლებლობა, რომ კლუბებს ასეთი არჩევანი გაეკეთებინათ, რადგან მოთამაშის ხარისხსა და პოტენციალს 200-ზე მეტი მახასიათებლით ადგენენ და საკმაოდ ზუსტ დასკვნას დებენ, ფეხბურთელს გუნდზე რა გავლენის მოხდენა შეუძლია.
საერთაშორისო სპორტულ ანალიტიკურ კომპანია SciSports-ს ამჟამად საფეხბურთო ინფორმაციები გააჩნია ყველა მსხვილ პროფესიულ საფეხბურთო ორგანიზაციაზე, ფეხბურთელებსა და მედიაზე. ევროკავშირმა SciSports აირჩია, როგორც მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური სპორტული კომპანია. ოფისები აქვს ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და გერმანიაში. მისი მომხმარებლები არიან კლუბები, აგენტები, ასოციაციები, მოთამაშეები, მედია, მათ შორის, ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო ასოციაცია. SciSports-ის სათაო ოფისი ქალაქ ენსჰედეშია, ხოლო ფილიალები მდებარეობს საფრანგეთსა და გერმანიაში.
ნიდერლანდური გამოცემა ჩაკვეტაძეს ასე ახასიათებს: „თითქმის სამი წლის წინ, „გენტმა“ ჩაკვეტაძის თბილისის „დინამოდან“ წაყვანა მოახერხა და ამ ბრძოლაში ბევრი დიდი რეპუტაციის კლუბი დაამარცხა. ქართველი „კაკას“ წასვლიდან მალევე, „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, რომ თბილისელთა ყოფილ ფეხბურთელს ასევე იწვევდნენ „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ჰოფენჰაიმი“ და ლევერკუზენის „ბაიერი“. ჩაკვეტაძეს ოცი წლისაა და განვითარებისთვის ჯერ კიდევ საკმარისი დრო აქვს. ის გასულ სეზონში „გენტის“ თამაშის ერთ-ერთი განმსაზღვრელი იყო თავისი მოქმედებებით, გოლებითა და საგოლე გადაცემებით, სანამ მუხლის სერიოზულმა ტრავმამ არ შეაჩერა“.
ამავე დროს, „ვოეტბალზონა“ მოლაპარაკებისას შესაძლო პრობლემასაც ახსენებს: „მიმდინარე საფეხბურთო წელს, ტრავმის გამო ფლეიმეიქერის როლი გუნდში შეიზღუდა, თუმცა ახლა ის კვლავ ფორმაშია. დიდი ხანია, სატრანსფერო ბაზარზე ჩაკვეტაძეს თურქული „ტრაბზონსპორი“ და იტალიური „რომა“ აკვირდებიან. თუმცა, „გენტს“ ჯონატან დავიდის დაკარგვის ეშინია და როგორც ჩანს, ჩაკვეტაძეს შენარჩუნება სურს. თუმცა, არაა გამორიცხული, ბელგიური კლუბი მოლაპარაკებისას საიმედო პარტნიორი გახდეს“.
წყარო: lelo.ge