ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი ადასტურებენ, რომ ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, ნარეკვავში გამართულ იმ წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც წამოსვლის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
“კურიერთან” საუბრისას ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ამბობს, რომ ტატიაშვილი იმყოფებოდა 18 ივნისს გამართულ დაბადების დღეზე, თუმცა მონაწილეობდა თუ არა ჩხუბის ინციდენტში, მას ინფორმაცია არ აქვს.
“კურიერის” ინფორმაციით, ტატიაშვილის წვეულებაზე ყოფნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, ის იყო ნარეკვავში დაბადების დღეზე და თავად დაურეკა “ნახალოვკელ” უბნელებს, რომ მის დასახმარებლად ჩასულიყვნენ;
მეორე ვერსიით კი ის წვეულებაზე არ ყოფილა, დაურეკეს და იმ ადამიანებთან ერთად ჩავიდა მცხეთაში, რომლებიც “ტოიოტას” მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.
“დაველოდებით შესაბამის უწყებებს, ექსპერტიზას და გამოძიება იტყვის ობიექტურ ჭეშმარიტებას. ის ვიცი უბრალოდ, რომ ვესაუბრე მის პირად მწვრთნელს და გიგა საკუთარი ავტომობილით იმყოფებოდა იქ. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. მწვრთნელმა მითხრა, რომ შენიშვნასაც არ ვაძლევდი, ისეთი განვითარებული და ჭკვიანი ბავშვიაო” – ამბობს “კურიერთან” სატელეფონო საუბარში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი.
რაც შეეხება ტატიაშვილის პირად მწვრთნელს, ლევან ნოზაძე ადასტურებს, რომ ძიუდოისტი დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა: “ვიცი, რომ კლასელის დაბადების დღე ყოფილა. ვინ რომელ მანქანაში იჯდა და ასეთი დეტალები ნამდვილად არ ვიცი” – განუცხადა ნოზაძემ “კურიერს”.