ასე ჩაერია პოლიტიკა შენგელიას კარიერაში

575

რუსულმა გამოცემა “ჩემპიონატმა” თორნიკე შენგელიაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. ავტორი რომან დიომინი ქართულ სოც-მედიაში თორნიკეს ცსკა-ში გადასვლასთან დაკავშირებულ კომენტარებს ეხმაურება და გაკვირვებით წერს – რატომ ასეთი მძაფრი რეაქციაო…

“საქართველოს სოციალური ქსელებისა და ინტერნეტსაიტების მომხმარებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც უახლოეს ხანში შეიძლება “ბასკონიადან” ცსკა-ში გადავიდეს.

“სირ­ცხვი­ლია, რუ­სუ­ლი არ­მი­ის გერ­ბი რომ გვაქვს მკერ­დზე. იმ არ­მი­ის, რო­მე­ლიც შენს ქვე­ყა­ნას ბომ­ბავ­და”, “მონური თვითდამცირება”, “საზოგადოებისთვის სილის გაწნა”, “შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, პოლიტიკა და სპორტი განუყოფელია, მტერი – ის ყველგან მტერია”, – ციტირებს შენგელიას შესაძლო ტრანსფერზე მომხმარებელთა რეაქციას ინტერნეტპორტალი ambebi.ge.

უნდა ითქვას, ეს ყველაზე მკაცრი კომენტარები არაა. უარესებიც არის. უბრალოდ მათი აქ გამოქვეყნება “არაცენზურულობისა” და ზედმეტი აგრესიულობის გამო არამართებულია”.

ავტორს აგრეთვე crystalsport.ge-ზე გამოქვეყნებული კომენტარები მოჰყავს და აგრძელებს:

“ყველაზე დიდ ქართულ პორტალ sportall.ge-ზე გამოთქმული მოსაზრებები:

“სამწუხაროდ, პოლიტიკა მსოფლიოში ყველაფერზე ახდენს გავლენას. ჩემი ქვეყნის ნაკრებში არ მინდა ვიხილო კალათბურთელი, რომელიც რუსეთის სახელის განდიდებას ეცდება. შეიძლება ითქვას, რომ ცსკა უკვე კერძო კლუბია, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. “გაზპრომი” რუსული კლუბების სპონსორია. 2006 წელს მათ გაყინეს თბილისი. ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია, სადაც ენებება, იქ წავიდეს, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს უფლება აქვს, “რუსული არმიის კლუბის” წარმომადგენლებს აუკრძალოს მათი სახელით ასპარეზობა. ქართული სახელმწიფოს მტერი რუსეთია და არამარტო მისი მთავრობა (მთავრობას ხალხი ირჩევს).

“ვისმა არმიამ დაგლიჯა შენი სახელმწიფო ნაწილებად? როგორია არმიული გერბის ისტორია, რომელიც თამაშებისას შენს გულზე იქნება?”.

“თუ ეს სიმართლეა და მართლა აპირებს ცსკა-ში გადასვლას, პირადად მე მისდამი ინტერესი დავკარგე და მეტად არ მინდა მისი სახელის გაგონება”.

ამ საიტზე მომხმარებლებს პლუსების და მინუსების დასმა შეუძლიათ, რაც აუდიტორიის საერთო აზრის გაგების შესაძლებლობას იძლევა. შენგელიას მიმართ აგრესიულ კომენტარებს მუდმივად “აპლუსებენ” სამის ერთთან პროპორციაში (მაგალითად, 45 პლუსი 15 მინუსის წინააღმდეგ ან 75 პლუსი 25 მინუსის წინააღმდეგ).

კომენტარებში უმცირესობა მოუწოდებს, არ აურიონ ერთმანეთში სპორტი და პოლიტიკა, მიანიშნებენ იმაზე, რომ ცსკა შენგელიასთვის როგორც სათამაშო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს. თუმცა მათ უბრალოდ “ამინუსებენ”. აი, ასე ჩაერია თორნიკეს სპორტულ კარიერაში პოლიტიკა.

კრიტიკოსებმა თითქოს დაივიწყეს, რომ რუსეთში რიგი ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. თანაც, ცსკა-ს კალათბურთელთა გუნდში არც ისე დიდი ხნის წინ ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობდა – 2014/15 წლების სეზონში. მაშინ ასეთი აგრესიული რეაქცია არ შეინიშნებოდა. თუმცა შენგელია ელიტური დონის მოთამაშეა. ალბათ, თანამემამულეები ასე მკაცრად ამიტომ რეაგირებენ თორნიკეს იმ კლუბში გადასვლაზე, რომელიც რუსულ არმიასთან ასოცირდება”.

წყარო: lelo.ge

SHARE