(ვიდეო) გოლი – ტკივილების, განცდებისა და მძიმე სენზე გამარჯვების შემდეგ!

401

ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ბათუმის „დინამოსთან„ თბილისის „ლოკომოტივის„ მძიმე მარცხის (1:4) მიუხედავად, ბათუმელთა კარში მამია გავაშელიშვილსერთადერთი გოლი ამ დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა – 25 წლის თავდამსხმელმა „ლოკომოტივში“ გოლი წელიწადის და 8 თვის შემდეგ გაიტანა – ხაგრძლივი პაუზის, ტკივილების, განცდებისა და მძიმე სენზე გამარჯვების შემდეგ!..

ამას ყველა დიდხანს ველოდით. 2018 წლის 30 ნოემბერს მამია გავაშელიშვილმა ფოთის “კოლხეთს” გაუტანა. მას მერე დიდი დრო და “ლოკომოტივის” ფორვარდისთვის რთული თვეები გავიდა… 2020 წლის 9 ივლისს მამია მოედანზე 53-ე წუთზე გამოჩნდა და ექვს წუთში მეტოქის კარის აღება შეძლო. გვიყვარხარ და გვეამაყები, გავაშ!” – ასე მიულოცა ფეხბურთელს გოლი “ლოკომოტივმა”, რომელიც იმის მაგალითად იქცა, როგორ უნდა დაუდგეს გუნდი გაჭირვებაში ფეხბურთელს.

თბილისური კლუბის გაზრდილი მამია გავაშელიშვილი ეროვნულ ლიგა 2-ში გატანილი გოლებით გათამაშების რეკორდსმენი გახდა – 2014/2015 წლების სეზონში “ლოკომოტივის” თავდამსხმელმა 39 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა, ანუ საშუალოდ 1,2 გოლი თამაშში, რაც 19 წლის ბიჭისთვის ფენომენალური შედეგი იყო.

გავაშელიშვილი 2019 წლის იანვარში თურქეთში გუნდთან ერთად სეზონისთვის ემზადებოდა, როცა მძიმე სენი დაუდგინეს. ერთი წელი მკურნალობამ და უდიდესმა ნერვიულობამ წაართვა. მაგრამ მოხდა სასწაული – სენიც დაამარცხა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფორმაც აღიდგინა და ახლა ისევ გამოიჩინა თავი.

ვინც ეს მატჩი ან მისი კადრები იხილა, შენიშნავდა, როგორი ემოციური და ამაღელვებელი მომენტი იყო – სტადიონზე შეკრებილი მცირე პუბლიკა ორივე მხრიდან მამიას წამოუდგა და ტაშს უკრავდა, მათ შორის, ჟურნალისტები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. მამია კი ემოციებს ვერ ფარავდა.

ამ წამს ძალიან დიდხანს ველოდი. უდიდეს ემოციებში ვიყავი და უზომოდ გამიხარდა. მაგრამ გუნდი აგებდა და ეს სიხარული ვერ გამოვხატე. ეს გოლი თავდაჯერებულობისთვის ძალიან მჭირდებოდა. კიდევ ცოტა დრო მჭირდება და სასურველ ფორმაში შევალ. მაგრამ ჩემთვის მხოლოდ ჩემი წარმატება მთავარი არასოდეს ყოფილა. მინდა, რომ გუნდს ჩემპიონატშიც დავეხმარო და ევროტურნირებზეც. ევროპალიგის მატჩები მოახლოებულია და იმედი მაქვს, მანამდე ფორმაში შევალ”, – ამბობს მამია გავაშელიშვილი.

წყარო: lelo.ge

SHARE