სუმო მაყურებლებთან ერთად ბრუნდება – ტოკიოს ბაშოს აღარაფერი ემუქრება

496

იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ დღეს დილით გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას “კოკუგიკანის” სასახლე და გულშემტაკივრებს ივლისის ბაშოზე დასწრების უფლება მისცეს.

თუმცა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დარბაზის ტევადობის მხოლოდ ერთ მეოთხედზე გაიყიდება ბილეთები. ანუ, ყოველდღიურად მხოლოდ 2500 მაყურებლის დაშვება იქნება შესაძლებელი სასახლეში.

ამის წინაპირობა იყო ის, რომ იაპონიის მთავრობამ 10 ივლისიდან გარკვეულ სპორტულ ღონისძიებებზე არსებული შეზღუდვები შეამსუბუქა და იმ არენებზე, რომელთა ტევადობაც 10 ათასს არ ჩამოუვარდება, მაქსიმუმ 5000 მაყურებლის დასწრების ნებართვა გასცა. გულშემატკივრები უკვე ესწრებიან იაპონიის ბეისბოლისა და ფეხბურთის შიდა ჩემპიონატის მატჩებს.

დღევანდელ სხდომაზე ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ წლევანდელი ნოემბრის ბაშო ქალაქ ფუკუოკას ნაცვლად ტოკიოში გაიმართოს. ამრიგად, თუკი პანდემიამ რომელიმე ტურნირის ჩატარებას საფრთხე არ შეუქმნა, ზედიზედ უახლოესი 4 ბაშო ტოკიოში ჩატარდება, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იქნება სუმოს ისტორიაში.
შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშო დამდეგ კვირას, 19 ივლისს აიღებს სტარტს.

წყარო: ქართული სუმოს ქომაგები

SHARE