ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე საზაფხულო სუპერტურნირის მე-9 დღეს მე-6 გამარჯვება იზეიმა და საბოლოო დადებით ბალანსსა და შესაბამისად, წოდებაში დაწინაურებას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი ამჯერად აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა იშიურას გაეჯიბრა და საერთო ჯამში, მისი დამარცხება არ გასჭირვებია. იაპონელმა სეკიტორმა სასტარტო შეჯახებას თავი აარიდა, თუმცა, ლევანმა ჰენკა აიცილა და როდესაც ბრძოლა ტაქტიკურ დაპირისპირებაში გადავიდა, 62 კგ-ით მსუბუქი (173 vs 111) მეტოქის დოჰიოდან იორიკირით გაყვანა აღარ გასჭირვებია.
ამგვარად, ტოჩინოშინს კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) დარჩენილი 6 შერკინებიდან ორის მოგებაც ეყოფა, რაც რთული მისია ნამდვილად არ უნდა იყოს. ქართველი სუმოისტის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-17 მაეგაშირა კოტოიუკი იქნება, რომელთანაც ჩვენებურს 100%-იანი შედეგი აქვს: 8-დან 8 მოგება.
წყარო: popsport,ge