საფრანგეთთან ტესტი მაინც იქნება – რამდენ მატჩს გამართავენ ბორჯღალოსნები 2020-ში

524

მართალია, საქართველოს ნაკრები, დიდი ალბათობით, ექვსი ერის ექსპერიმენტულ ტურნირზე არ დაპატიჟეს, მაგრამ “ბორჯღალოსნები” წლეულს მთლად უსაქმოდ მაინც არ დარჩებიან…

უკვე ვწერდით, რომ მაისაშვილის ნაკრები შოტლანდიაში მიიწვიეს – 31 ოქტომბერს შოტლანდია უელსს ლონდონში ესტუმრება, ეს ექვსი ერის გადადებული მატჩია, სკოტებს სწორედ ამ მატჩისთვის მოსამზადებლად (გასახურებლად) სჭირდებათ საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები, დიდი ალბათობით, თბილისში რუსეთის ნაკრებს რაგბი ევროპის გადადებულ მატჩში შეხვდება. შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” უკვე განაღდებული აქვთ ჩემპიონის ტიტული ამ ტურნირში.

შესაძლოა, ყველაფერი ამით არც დასრულდეს – წესით და რიგით, საქართველოს ნაკრებს 7 ნოემბერს სენტ ეტიენში საფრანგეთთან უნდა ეთამაშა. ეს შეხვედრა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის საიტზე ჯერაც წერია – ოფიციალურად ის არავის გაუუქმებია. ერთია, მსოფლიო რაგბის რეკომენდაციით, სანაკრებო პაუზა ოქტომბრის ბოლოს იწყება, 7 ნოემბერს შესვენებაა და შემდეგ 14 ნოემბრიდან განახლდება. ექსპერიმენტულ 6 ერში (რომელშიც 8 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას) გუნდები სამ-სამ მატჩს ითამაშებენ ჯგუფებში, რასაც 5 დეკემბრის ფინალი ემატება.

ფრანგებმა გარკვევით დაწერეს, რომ შემოდგომით ნაკრებს 6-მატჩიანი ფანჯარა ექნება. გუნდმა უნდა დაასრულოს ექვსი ერი ირლანდიასთან საშინაო მატჩით (სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს). ამას დავუმატოთ 4 მატჩი ექსპერიმენტულ ტურნირზე. გამოდის, რომ 7 ნოემბერს ფრანგები თამაშს მაინც აპირებენ. ასე რომ, დიდი შანსია, საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებების ისტორიაში პირველი ტესტმატჩი (მანამდე იყო ერთი შეხვედრა მსოფლიოს თასზე) მაინც შედგეს.

გადაწყვეტით ვერაფერს ვიტყვით, ჯერ ერთი, რომ ეს ყველაფერი მსოფლიო რაგბის საბჭოზე 30 ივლისს უნდა დამტკიცდეს, შემდეგ ექვსი ერის ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადოს. ბოლოს კი კორონავირუსმა უნდა შეუწყოს ხელი ევროპულ ქვეყნებს, რომ სარაგბო ასპარეზობები კვლავ არ ჩაიშალოს.

ქართულმა რაგბიმ წლეულს კორონავირუსის გამო, უკვე დიდი დარტყმა მიიღო, როცა ივლისის ტურნე სამხრეთ აფრიკაში გაუქმდა, რომელიც მსოფლიოს თასის გამარჯვებულ “ქურციკებთან” უნდა დაგვირგვინებულიყო. ნოემბერში თბილისს ფიჯისთან ტესტისთვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ 21 ნოემბერს ფიჯის ნაკრებს საქართველოსთვის აღარ ეცლება, ექსპერიმენტულ ექვს ერზე ითამაშებს. 14 ნოემბერს, დიდი ალბათობით, თბილისში აშშ-ს ნაკრები უნდა ჩამოსულიყო, ამ სავარაუდო დაპირისპირების სტატუსი ამ დროისთვის გაურკვეველია.

წყარო: popsport.com

SHARE