საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა უეფასთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა:
“სანაკრებო პაუზა 31 აგვისტოდან დაიწყება. ამის თაობაზე დამატებითი ვიდეოკონფერენცია 20 აგვისტოს გაიმართება და კიდევ ვიმსჯელებთ. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ევროტურნირები იყო. 9 აგვისტოს წილისყრა გაიმართება. ყველამ ვიცით, რომ ქვეყნებს შორის გადაადგილებაში პრობლემებია. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ყველა მატჩი, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფების გარდა, ერთმატჩიანი იქნება და უმაყურებლოდ გაიმართება“, – ამბობს დავით მუჯირი.
მან უეფას იმ გეგმაზეც ილაპარაკა, რომელზეც ლევან კობიაშვილმაც ილაპარაკა და რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ევროთასებს საქართველომაც უმასპინძლოს: “უეფამ დღესაც გაგვაცნო გეგმა, რომ კრიზისულ ვითარებაში მყოფი ქვეყნების გუნდების თამაშებს ნეიტრალური მოედნებზე გადაიტანენ, სადაც კარგი ეპიდემოლოგიური მდგომარეობაა. ასეთი 4 ქვეყანაა – კვიპროსი, საბერძნეთი, პოლონეთი და საქართველო. შევეცდებით, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ეს საკითხი გავიაროთ და თამაშებს ვუმასპინძლოთ, თუ მასპინძლის სტატუსი ჩვენს ქვეყანას ექნება“.
მუჯირის თქმით, ზოგიერთი სანაკრებო შეხვედრის თარიღი შეიცვალა: “საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნზე 31 აგვისტოდან უნდა ეთამაშა. მაგრამ თარიღი შეიცვალა და მატჩები ოქტომბერში გადაიტანეს. 17 და 19-წლამდელების შესარჩევი ეტაპები წელს აღარ გაიამრთება და, შესაძლოა, 2021 წლის მარტში ჩატარდეს. ასევე შეიძლება, ქალთა შესარჩევი ტურნირი სექტემბრიდან თებერვალში გადაიტანონ. ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების გრაფიკი კი, ჯერჯერობით, უცვლელია და ამაზე 20 აგვისტოს ვიმსჯელებთ“.
გენერალური მდივანი ჯერ ვერ აკონკრეტებს, ბელარუსთან და შემდგომაზე გასამართი ეროვნული ნაკრების სხვა თამაშებზე უეფა გულშემატკივრებს დაუშვებს თუ არა: “ეს საკითხი ჯერ ღიად რჩება და გადაწყვეტილებას ქვეყნიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე მიიღებენ“.
მუჯირმა ილაპარაკა იმაზეც, თუ რატომ ვერ ხერხდება ბათუმის სტადიონისთვის უეფას კეტეგორიის მინიჭება: “საკითხი პროცედურულად გაიწელა, რადგან უეფას ლიცენზირების კომიტეტი ბათუმის სტადიონის შუალედურ მონიტორინგს ისეთი სიხშირით ვერ ახერხებდა, როგორც ეს საჭიროა. სტადიონის აშენებისას სურვილი იყო, რომ არენას უეფას მეოთხე კატეგორიის სტატუსი მიეღო. სფფ-მ და ჩვენმა ლიცენზირების კომიტეტმა ივლისში მოვიპოვეთ უფლება, რომ შუალედური მონიტორინგი უეფას ნაცვლად ჩვენ ჩაგვეტარებინა და ინფორმაციას ყოველი ვიზიტის შემდეგ ვაწვდიდით. ბოლო ვიზიტი ორშაბათს იყო და კლუბთან დავაფიქსირეთ – თუ ბათუმის “დინამო” ევროპალიგაზე 27 აგვისტოს საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშის მასპინძლობის უფლებას მიიღებს, შევეცდებით, ბათუმში ითამაშოს. თუმცა ეს მატჩიც უმაყურებლოდ გაიმართება. 12 სექტემბერს ეროვნულ ლიგაში ბათუმელები თბილისის “დინაოს” იღებენ და გვსურს, ეს თამაში ახალ სტადიონზე გაიმართოს. მაგრამ ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით”.
წყარო: lelo.ge