მერაბ დვალიშვილი: დოდსონი ფეთქებადი მებრძოლია, მაგრამ გეგმას მივყევი და ყველაფერი გამომივიდა

632

მერაბ დვალიშვილი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ქართველმა მებრძოლმა ლას ვეგასში გამოცდილი ჯონ დოდსონი დამაჯერებლად დაამარცხა და ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა. მერაბმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოიგო (30-27, 30-27, 30-27). დიდი ალბათობით დვალიშვილი ქვემსუბუქ წონითი დივიზიონის (bantamweight) რეიტინგში სულ მალე მე-12 პოზიციაზე დაწინაურდება. მერაბს ამერიკაში დავუკავშირდით და რამდენიმე საინტერესო კითხვა დავუსვით.

– უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვე. როგორ შეაფასებდი დოდსონთან ბრძოლას?

– ვიცოდი რომ ჯონ დოდსონი ძალიან სახიფათო და ფეთქებადი მებრძოლია, ვცდილობდი, არ ავჩქარებულიყავი და გეგმას მივყოლოდი. ჩემი ამოცანა იყო სახიფათო ზონებს მოვრიდებოდი და მაქსიმალურად აქტიური ვყოფილიყავი შეტევაში. ვფიქრობ, კარგი ბრძოლა გავმართე და ყველაფერი გამომივიდა, რაც ჩაფიქრებული მქონდა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, ახლა უკვე მომდევნო ბრძოლაზე ვფიქრობ.

– ეს ის საკითხია, რომელიც ალბათ ყველას გვაინტერესებს. ძალიან გსურდა შონ ო’მალისთან დაპირისპირება. ახლა, როდესაც მან მარლონ ვერასთან წააგო, შენ კი გაიმარჯვე, მაინც გსურს მასთან ბრძოლა?

– დიახ, ო’მალიმ წააგო, მაგრამ ამის მიუხედავად სიამოვნებით შევებრძოლებოდი.​ დოდსონთან გამარჯვების შემდეგ, სიმართლე რომ გითხრათ, მომავალი მეტოქის ვინაობა არ მაღელვებს. ნებისმიერთან საბრძოლველად მზად ვარ. ვისაც შემომთავაზებს ორგანიზაცია, იმას დავუპირისპირდები.

– დოდსონთან ბრძოლის დროს ტრავმა ხომ არ მიიღე? თავს როგორ გრძნობ და როდის გსურს მომდევნო შეხვედრის გამართვა?

– კარგად ვარ, საბედნიეროდ, ბრძოლისას ტრვმა არ მიმიღია და მინდა გითხრთ, რომ უკვე მოვასწარი ვარჯიშის ჩატარებაც – ჩემს ყოფილ მეტოქესთან, გუსტავო ლოპესთან ერთად ვივარჯიშე. რაც შეეხება მომდევნო ბრძოლის თარიღს, ნებისმიერ დროს ვარ მზად ოქტაგონზე გასასვლელად. დაველოდოთ, ვის შემომთავაზებს ორგანიზაცია, თუმცა ამჯერად უკვე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ტოპ 15-ის წარმომადგენელი. დღეს ნიუ იორკში ვბრუნდები და ხვალიდან ვარჯიშს განვაახლებ.

წყარო: 1tv.ge

SHARE