ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპულ მედიაში გავრცელებული იფნორმაცია “ბარსელონას” ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა – რონალდ კუმანი კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ნიდერლანდების ნაკრების თავკაცმა “ბლაუგრანასთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
57 წლის სპეციალისტი ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში, 1989-1995 წლებში ესპანეთის ექს-ჩემპიონის ღირსებას იცავდა და ამ კლუბის ლეგენდადაც იქცა, 1998-99 წლებში კი გუნდის მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის ასისტენტად მუშაობდა.
წლების განმავლობაში, კუმანი “ვიტესს”, “აიაქსს”, “პსვ-ს”, “ბენფიკას”, “ვალენსიას”, “აზ ალკმაარს”, “ფეიენოორდსა“, “საუთჰემპტონსა” და “ევერტონს” წვრთნიდა, 2018 წლიდან კი ნიდერლანდების ნაკრებს ხელმძღვანელობს და გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
კიკე სეტიენის ჩანაცვლება “ბარსაში” ერთადერთი ცვლილება არ არის. ჩემპიონთა ლიგაში, მიუნხენის “ბაიერნთან” კრახის შემდეგ, გუნდის სპორტული დირექტორის თანამდებობა ვეტერანმა ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა დატოვა.
წყარო: live.ge