ბაიერნის მეექვსე ტრიუმფი! რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

438

გერმანიის რეკორდმაისტერმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის თასი კი – მესამედ. ჩემპიონთა თასი ბავარიელებს 1974, 1974 და 1976 წლებში ჰქონდათ მოგებული, ჩემპიონთა ლიგა კი – 2001 და 2013 წლებში. ჰანსი ფლიკის გუნდმა თანამემამულე თომას ტუხელის მიერ გაწვრთნილი პარი სენ-ჟერმენი 1:0 დაამარცხა.

ბაიერნის მეექვსე ტრიუმფი! რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ფინალისტების მთავარმა მწვრთნელებმა თომას ტუხელმა და ჰანსი ფლიკმა, წინა მატჩებისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში თითო ცვლილება განახორციელეს: პსჟ-ს მეკარე კეილორ ნავასი, რომელიც მეოთხედფინალში, ბერგამოს ატალანტასთან დაშავდა, გამოჯანმრთელდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ სერხიო რიკოს ადგილი დაიკავა.

ბაიერნში ცვლილება შეტევის მარცხენა ფლანგს შეეხო: ფლიკმა კინგსლი კომანს მიანიჭა უპირატესობა, ივან პერიშიჩი კი, რომელლიც ბარსელონასთან და ლიონთან სასტარტოში იყო, სათადარიგოთა სკამზე დატოვა. “პსჟ მისი მშობლიური კლუბია და ველოდები, რომ ამის გამო კიდევ უფრო მეტად მოტივირებული იქნება. კინგსლი ძალიან კარგი და სწრაფი ფეხბურთელია, მცველებისთვის ბევრი სერიოზული პრობლემის შექმნა შეუძლია,” – ასე ახსნა ბაიერნის დამრიგებელმა თავისი გადაწყვეტილება ფინალის წინ.

პირველ ტაიმში რობერტ ლევანდოვსკიმ ბურთი ძელს მოარტყა
პირველ ტაიმში რობერტ ლევანდოვსკიმ ბურთი ძელს მოარტყა

სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამედ მოხდა ისე, რომ ფინალში ერთმანეთს ერთი ქვეყნის წარმომადგენელი ორი მწვრთნელი დაუპირისპირდა (ტუხელი და ფლიკი). ამ სამი შემთხვევიდან ორჯერ მწვრთნელები გერმანელები იყვნენ! 2013 წელს ფინალში ერთმანეთს იუპ ჰაინკესის (ბაიერნი) და იურგენ კლოპის (დორტმუნდი) გუნდები შეხვდნენ, 2003 წელს კი იტალიელების, მარჩელო ლიპის (იუვენტუსი) და კარლო ანჩელოტის (მილანი) გუნდები.

პირველი ტაიმი ძალიან ინტენსიური, მაგრამ უგოლო გამოდგა. თუმცა მომენტები ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდა. მართალია, საგოლე შანსები პარიზელებს უფრო მეტი ჰქონდათ (ნეიმარი და მბაპე), მაგრამ გოლთან ბავარიელები უფრო ახლოს იყვნენ (ლევანდოვსკიმ ძელს მოარტყა). აღსანიშნავია, რომ სეზონის რესტარტის შემდეგ ბაიერნმა პირველად ვერ შეძლო პირველ ტაიმში გატანა! მანამდე, 14 ოფიციალურ მატჩში რეკორდმაისტერს პირველ ტაიმში მინიმუმ 1 გოლი გაჰქონდა.

ამ მომენტის შემდეგ მიუნხენელები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ
ამ მომენტის შემდეგ მიუნხენელები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ

ტაიმის მიწურულს პსჟ-ს კართან შექმნილი მომენტის შემდეგ მიუნხენელები პენალტს ითხოვდნენ: კომანი კერერს გასცდა, ეს უკანასკნელი კი ხელით მხარზე ეხებოდა. კომანი დაეცა, მაგრამ იტალიელმა მსაჯმა დანიელე ორსატომ მომენტი არცკი გადაამოწმა.

მეორე ტაიმი შედარებით ნელ ტემპში დაიწყო. სამაგიეროდ, გოლი მალე ვნახეთ: ბაიერნის მხრიდან ბურთი პარიზელმა კინგსლი კომანმა, იოზუა კიმიხის ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა! ფლიკის სიტყვები გახსოვთ? ჰანსის გადაწყვეტილებამ გაამართლა! სხვათა შორის, მალე კომანს დუბლის შესრულებაც შეეძლო. აღსანიშნავია, რომ კომანის გოლი ბაიერნისთვის ჩემპიონთა ლიგაში საიუბილეო, მე-500 გამოდგა!

საინტერესო ფაქტები

? თომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეოთხედ ითამაშა და გერმანული რეკორდი გაიმეორა, რომელიც აქამდე ტონი კროოსს ეკუთვნოდა.

? ბაიერნმა სეზონის რესტარტის შემდეგ პირველი ტაიმი გოლის გარეშე პირველად დაასრულა.

? კინგსლი კომანის გოლი რიგით მე-500 იყო ბაიერნის საჩემპიონთალიგო ისტორიაში. 500-გოლიანი ბარიერი მანამდე მხოლოდ ბარსელონამ და რეალმა გადალახეს.

? კომანის გადამწყვეტი დარტყმა იყო თავით გატანილი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2014 წლის ფინალის შემდეგ (მაშინ გარეთ ბეილმა ატლეტიკოს გაუტანა თავით).

? ბაიერნი პირველი კლუბია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც სეზონში, ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ყველა მატჩი მოიგო.

მატჩის გმირი: კინგსლი კომანი (ბაიერნი)

ბაიერნის მეექვსე ტრიუმფი! რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ძირითად შემადგენლობაში მას თითქმის არავინ ელოდა, მაგრამ ბაიერნის მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ასე გადაწყვიტა და ნამდვილად არ ნანობს. კომანმა თავისი ფლანგიდან პარიზელთა უკანახაზელებს, განსაკუთრებით კი კერერს ბევრი პრობლემა შეუქმნა. პირველი ტაიმის მიწურულს ფრანგმა კინაღამ პენალტიც მოიპოვა. ერთი სიტყვით, როგორც ფლიკმაც ივარაუდა, კომანი მშობლიური კლუბის წინააღმდეგ მართლაც განსაკუთრებით მოტივირებული იყო. გამარჯვების გოლზე აქ აღარაფერს ვიტყვით. 68-ე წუთზე ჰანსიმ კინგსლი ივან პერიშიჩით შეცვალა.

ფინალის იმედგაცრუება: ნეიმარი (პსჟ)

ბაიერნის მეექვსე ტრიუმფი! რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კარგი თამაშის შემდეგ ნეიმარმა ფინალში ბევრს გაუცრუა იმედები. მე-18 წუთის მომენტის შემდეგ ბაიერნის კართან რეალური ხიფათი ვეღარ შექმნა. შესვენების შემდეგ ბრაზილიელი ორჯერ დაეცა დრამატულად – როგორც სჩვევია. 81-ე წუთზე მან უაზრო ჯარიმის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო.

წყარო: popsport.com

SHARE