ცნობილ ირანელ მოჭიდავეს სიკვდილით დასჯიან

1613

ირანის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერსა და ქვეყნის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორ ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა მიესაჯა. 27 წლის სპორტსმენს ამგვარი ვერდიქტი ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობისთვის გამოუტანეს.

შეგახსენებთ, რომ მკაცრი კანონებით ცნობილ ისლამურ ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები სამიოდ წლის წინ იმართებოდა, როდესაც მოსახლეობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდა. აფკარი და მისი 2 ძმა – ვაჰიდი და ჰაბიბი სწორედ მაშინ დააკავეს და საერთო ჯამში, 20-მდე ბრალდება წაუყენეს (მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების შერყევა და ქვეყნის უმაღლესი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის უდიერად მოხსენიება).

სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ ახლაღა გამოიტანა და ირანელ მოჭიდავეს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა, თუმცა, მანამდე, მას გაროზგვაც ელის (74 დარტყმა). როგორი სათქმელია, თუმცა, იოლად გადარჩნენ მისი ძმები: ვაჰიდ აფკარი გაროზგვის შემდეგ ციხეში 54 წელს გაატარებს, ჰაბიბი კი – 27-ს.

აფკარების დედამ სპეციალური მიმართვა ჩაწერა, სადაც სასამართლოს “სიყალბით სავსე” უწოდა და აღნიშნა, რომ მათ შვილებს “თავის დაცვის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ”. სააგენტომ The Human Rights Activists News თავად ნავიდ აფკარის წერილიც მიიღო, სადაც ის ციხეში არადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე საუბრობდა.

ცნობისთვის, ირანში მასობრივი აქციები 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა და იმ პერიოდში 25 ადამიანი დაიღუპა, ათასამდე კი დაპატიმრებულ იქნა. ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მაშინდელ არეულობაში გარეშე ქვეყნებს, უპირველეს ყოვლისა კი, აშშ-ს ადანაშაულებდა.

წყარო: popsport.com

SHARE