საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ევროპისთვის მზადება დაიწყო

513

თბილისის ოლიმპიურ ღია საცურაო აუზში 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას დაიწყო საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც 2002 წელს დაბადებულთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება.

ეს შეჯიბრება წლეულს 11-18 აგვისტოს სწორედ საქართველოს დედაქალაქში გაიმართება. მედლებისთვის 16 საუკეთესო გუნდი იბრძოლებს. წილისყრით ისინი ოთხ ჯგუფში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი. რუსეთი, იტალია, თურქეთი, მალტა
B ჯგუფი. მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი
ჩ ჯგუფი. უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ჰოლანდია
D ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, გერმანია, საფრანგეთი

– ჯერჯერობით შეკრებაზე 15 წყალბურთელი მოვიწვიეთ, – გვითხრა 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო მაისურაძემ. – ღია აუზზე ორჯერადი ვარჯიშები გვექნება.

ჯგუფის ყველა მეტოქეს მეტ-ნაკლებად ვიცნობთ. ფავორიტია მონტენეგრო. შარშან 2001 წელს დაბადებულმა მათმა წყალბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვეს. საბაზო კლუბია “იადრანი”. წლეულს აპრილში მათთან ხუთდღიანი ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გვქონდა და ამხანაგური შეხვედრებიც გავმართეთ.

ძალიან ძლიერია საბერძნეთის ნაკრებიც, ხოლო რუმინეთი ჩვენი დონისაა. ყოველივეს მიუხედავად, სამივე მეტოქესთან ქომაგების თანადგომით გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ. წინა ჩემპიონატებში საქართველოს ნაკრები გუნდები ათეულში გადიოდნენ.

ვეცდებით, შედეგი გავაუმჯობესოთ. თბილისში ათდღიანი შეკრების შემდეგ ერთობლივი წვრთნისა და სპარინგმატჩებისთვის თურქეთს მივაშურებთ, ჩემპიონატის ფინალური რაუნდის წინ თბილისში საერთაშორისო ტურნირიც გვექნება. საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია ყოველმხრივ გვეხმარება. ჩვენი სამწვრთნელო შტაბი წყალბურთელებთან ერთად წარმატების მისაღწევად არაფერს დაიშურებს.
წყარო: sportall.ge
SHARE