რა გუნდია „ინდიანა პეისერსი” და რა მომავალი ელოდება გოგა ბითაძეს ინდიანაპოლისში?

556
“ინდიანა პეისერსი” 1967 წელს ინდიანაპოლისში 6-მა ინვესტორმა დაარსა. მაშინ ჯერ NBA არ იყო დაარსებული და გუნდები ABA-ს ფარგლებში თამაშობდნენ.
გუნდის სახელი “პეისერსი” ინდიანაპოლისის სარბოლო ტრადიციიდან მოდის , რომელიც ინდიანაპოლისი 500-ის ტრასაზე pace car-ებით იმართება, ანუ სპეციალური სარბოლო მანქანებით.
დაარსებიდან საკმაოდ მალე “ინდიანა პეისერსმა” ABA-ს ჩემპიონობა მოიპოვა. ინდიანას შტატის წარმომადგენლებმა ლიგა 1970, 1972 და 1973 წელს მოიგეს, თუმცა მას შემდეგ რაც NBA ჩამოყალიბდა “პეისერსი” ჩემპიონი არ გამხდარა.
საუკეთესო შედეგი მას შემდეგ კონფერენციის პირველი ადგილი (2000, 2004, 2014) და 2000 წელს NBA-ს
სუპერფინალში თამაში იყო, სადაც “ლეიკერსთან” სერიაში 2:4 დამარცხდა. სხვათა შორის, მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ლარი ბერდი იყო.
„ინდიანა პეისერსის” ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელი რეჯი მილერი გახლავთ, რომელმაც მთელი კარიერა ინდიანაპოლისურ გუნდში გაატარა და კარიერაში 25 279 ქულა დააგროვა. ამ მაჩვენებლით მილერი NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის 21-ე ადგილზეა. მწვრთნელებს შორის, კი აღსანიშნავია ისაია ტომასი, რა თქმა უნდა, ლარი ბერდთან ერთად.
რაც შეეხება უკანასკნელ წლებს, “ინდიანამ” ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ ვერ შეძლო პლეი ოფში გასვლა. თუმცა, ზედიზედ ბოლო 4 სეზონში პლეი ოფის პირველივე ეტაპზე გამოვარდა. 2010-დან 2017 წლამდე გუნდის ლიდერი პოლ ჯორჯი იყო, რომელიც “ინდიანამ” “ოკლაჰომას” გაუცვალა ვიქტორ ოლადიპოსა და დომენტოს საბონისის სანაცვლოდ.
წინა სეზონში “ინდიანამ” 48 თამაშის მოგება შეძლო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გავიდა. გუნდის ლიდერი ვიქტორ ოლადიპო გახლდათ, რომელიც საშუალოდ 18.8 ქულას აგროვებდა. ასევე, გუნდის უმნიშვნელოვანესი კალათბურთელი იყო ბოიან ბოგდანოვიჩი, მის ანგარიშზე საშუალოდ, 18 ქულა იყო.
რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, სასტარტო ცენტრი მაილს ტერნერი იყო. ის საშუალოდ 28.6 წუთს თამაშობდა, რა დროსაც 13.3 ქულასა და 7.2 მოხსნას აგროვებდა. ასევე, წელს გამორჩეული იყო ბლოკების მხრივ და კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა- საშუალოდ 2.7 ბლოკი. მისი შემცვლელი კი, დომანტას საბონისი იყო, რომელიც საშუალოდ 24.8 წუთს თამაშობდა და საშუალოდ 14.1 ქულასა და 9.3 მოხსნას აგროვებდა. ორივე მათგანი ისვრის 3-ქულიანებს, საბონისი ცოტა უკეთესი პროცენტულობით, თუმცა უფრო ცოტას, ვიდრე ტერნერი. თან, ორივე მათგანი სიმაღლეში 211 სმ არის, ანუ ზუსტად იმდენი, რა სიმაღლისაც გოგა ბითაძე.
ტერნერი “ინდიანამ” 2015 წლის დრაფტზე მე-11 პიკად აიყვანა, ხოლო საბონისზე ზევით გვწერა.

3 ცენტრის შედარება

ორივე კალათბურთელი დაახლოებით იმ სტილში თამაშობს, როგორც გოგა. ფიზიკაში უფრო საბონისი ჰგავს, 3-ქულინების სროლასა და დაფარებებში ტერნერი, რომელიც ფიზიკურად ცოტა უფრო ძლიერია ვიდრე საბონისი და ბითაძე. თუმცა, გოგა ორივე მათგანზე 3 წლით უმცროსია და გაცილებით უფრო სწრაფად შეუძლია მოღონიერდეს. ისე კი, მართლაც უნიკალური შემთხვევაა, ერთ კლუბში 3 ერთი და იგივე სტილის, დაახლოებით თანაბარი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა ცენტრების ყოფნა.
თავისი უფროსი თანაგუნდელებისაგან განსხვავებით, გოგას უფრო სწარაფად და ეფექტიანად შეუძლია მომატება, რადგან საბონისი და ტერნერი უკვე წლებია NBA-ში თამაშობენ. ფაქტია, დღევანდელი მონაცემებითაც ბითაძე კონკურენტებს დიდად არაფერში ჩამოუვარდება.
გოგას შეუძლია ფიზიკურად და 3-ქულიანების მხრივ აჯობოს საბონისს, ხოლო სათამაშო IQ-თი ტერნერს, რომელიც დიდად კარგი მეპასე არ არის, ცენტრის დონეზეც კი. სუბიექტურია, მაგრამ 1 წლის პერსპექტივაში გოგას შეუძლია უკეთესი კალათბურთელი იყოს, ვიდრე დომანტას საბონისია. ხოლო რაც შეეხება ტერნერის ჯობნას, ამისთვის ბითაძეს ფიზიკურად გაძლიერება სჭირდება.
თუ გასულ სეზონში ტერნერი და საბონისი დაახლოებით თანაბრად ინაწილებდნენ წუთებს, ახლა გოგას გამოჩენა კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველმა ცენტრმა პირველივე სეზონში სასურველი ოდენობის წუთები მიიღოს, თუ მისი რომელიმე კონკურენტი გუნდს არ დატოვებს. გოგას სათამაშო წუთები სჭირდება პროგრესისთვის, რაც უფრო მეტი დრო ექნება, უფრო სწარაფად შეძლებს განვითარებას.
ასე რომ, ყველაფერი მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება გუნდში ვითარება.

ლარი ბერდის ფაქტორი

სავსებით შესაძლებელია, რომ კლუბმა ერთ-ერთი ცენტრი გაუშვას, თუმცა თუ 3-ვე დარჩა, გოგას საკმარისი წუთები ნამდვილად არ დაეთმობა, რაც კარგი ნამდვილად არაა. თუმცა, აღსანიშნავია ერთი ფაქტორი, რომ გოგას გუნდში აყვანას გუნდის კონსულტანტი, ლარი ბერდი დაეთანხმა.
როგორც ჩანს, NBA-ს ლეგენდამ დაინახა გოგა ბითაძეში ის, რაც “ინდიანას” დანარჩენ 2 ცენტრს არ აქვს. ამიტომ, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
წყარო: sportall.ge
SHARE