უარი ვიტესსა და ალკმაარს… წავა თუ არა არველაძე აიაქსაში…

487

ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე დეკემბრიდან მოყოლებული უმუშევარია, მას შემდეგ, რაც ტაშკენტის “ფახთაქორთან” კონტრაქტი არ გაახანგრძლივა. 47 წლის სპეციალისტმა ajaxshowtime-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც ძირითადად “აიაქსზე” საუბარს და “ალკმაართან” კვირას გასამართა შეხვედრას დაეთმო.

თუმცა, ცხადია, შოთას კითხვები თავის კარიერულ მომავალზეც დაუსვეს. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, წინადადებები თურქული გუნდებისგან და ასევე ნიდერლანდებიდან აქვს. არველაძე არ გამორიცხავს, რომ ნიდერლანდებში მართლაც დაბრუნდეს. ისიც თქვა, რომ თუ ერთ დღეს “აიაქსის” წინადადებას მიიღებს, უარს ნამდვილად არ იტყვის.

– რას ფიქრობთ ამჟამინდელ „აიაქსზე“?

– ამ ბოლო დროს ფეხბურთში ბევრი ცვლილებაა, ყველას ახალი გუნდი ჰყავს, მათ შორის, „აიაქსს“. ძალიან რთულია მოთამაშეთა შეცვლა, „აიაქსი“ კი ამას აკეთებს აბსოლუტურად ფანტასტიკურად, განსაკუთრებით ბოლო წლებში. უფრო სწორად მას შემდეგ, რაც კლუბში ედვინ ვან დე სარი და მარკ ოვერმარსი მუშაობენ. ეს ყოველთვის იყო „აიაქსის“ კულტურა – კარგი მოთამაშეები მიდიან და მათ ადგილს ახალი მოთამაშეები იკავებენ. მიუხედავად ამისა, რთულია ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა, როდესაც ოთხი ან ხუთი მოთამაშე მიდის, უკიდურესად ძნელია მათი დაუყოვნებლივ შეცვლა. გუნდში მოდიან აკადემიიდან ახალგაზრდა ფეხბურთელები და ამას დრო სჭირდება, მწვრთნელებისთვისაც რთულია. ერთხელ ფრანკ დე ბურის ოფისში ვიყავი, იქ სურათი იყო, რომელზეც 22 ფეხბურთელი იყო აღბეჭდილი და იმ სეზონიდან 8-9 ფეხბურთელი წავიდა. ეს „აიაქსში“ ჩვეულებაა, მაგრამ მწვრთნელს უნდა ჰქონდეს გეგმა და შეასრულოს. ამიტომ, კომპლიმენტებს ვეუბნები გასული წლების მწვრთნელებს, მათ დიდი საქმე გააკეთეს. მე ვსაუბრობ ფრანკ დე ბურზე, პეტერ ბოშზე და ამჟამინდელ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგზე.

– „აიაქსში“ ყოველთვის ისე ხდება, რომ როდესაც დიდი ფეხბურთელები მიდიან, ახალი ბიჭები ჩნდებიან. ვინ მიგაჩნიათ „აიაქსში“ ყველაზე ნიჭიერად?

– „აიაქსში“ ბევრი დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია. ამ გუნდში ყოველთვის არის ორი-სამი ძალიან ნიჭიერი მოთამაშე და მათთან ერთად გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც ამ გამოცდილებას გადასცემენ. გამოვარჩევ გრავენბერხს, მაგრამ სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც არიან, მთავარია სწორ პოზიციაზე ითამაშონ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

– თქვენ კარიერაში „აიაქსსა“ და „ალკმაარში“ გითამაშიათ. ისინი კვირას ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ვის ანიჭებთ უპირატესობას?

– ეს ცოტათი ჰგავს შვილებს შორის არჩევანს. ორივე გუნდით ვისიამოვნებ. ორივე გუნდთან თბილი მოგონებები მაკავშირებს. „აიაქსში“ თამაშით ჩემი ოცნება ავისრულე, „ალკმაარში“ კი ფანტასტიკური დრო გავატარე. ორივე კლუბი მომწონს, როდესაც ისინი ერთმანეთში თამაშობენ, უკვე ვიცი, რომ არასდროს დავმარცხდები (იცინის). ამ სახის მატჩებს უფრო მწვრთნელის გადმოსახედიდან ვუყურებ, შემდეგ ვფიქრობ: ახლა რას მოიფიქრიბენ მწვრთნელები?

– „ალკმაარმა“ ცოტა ხნის წინ პსვ და ფეიენოორდი დაამარცხა. გარდა ამისა, გასულ სეზონში ყველა ტოპ გუნდს მოუგო, მათ შორის, ორჯერ „აიაქსს“. როგორ ფიქრობთ, როგორ მოახერხა ეს?

– „ალკმაარი“ ამ ტიპის მატჩებისთვის ცხოვრობს. მწვრთნელს არ სჭირდება მოთამაშეთა მოტივირება. როდესაც „ალკმაარი“ დიდ კლუბებს ეთამაშება, ყველა მოთამაშეს სურს თავის გამოჩენა, ყველას სურს ასეთ მატჩებში ითამაშოს. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინო. ყველაზე მეტად „აიაქსის“ წინააღმდეგ არიან ორიენტირებული, ვიდრე სხვა გუნდების წინააღმდეგ.

– რა იყო ყველაზე დიდი განსხვავება „ალკმაარსა და „აიაქსს“ შორის თქვენი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში?

– „აიაქსი“ ყოველთვის პირველი გუნდი უნდა იყოს, ნაკლები არა. ჩემს დროს „ალკმაარიც“ კარგი გუნდი იყო, ოთხეულში ხვდებოდა. ეს არის განსაკუთრებული განსხვავება, რადგან „აიაქსი“ დიდი კლუბია და სურთ მიაღწიონ მაქსიმალურ დონეს. განსხვავება იწყება იმით, თუ ვინ არიან ისინი და რას ამბობენ: „ჩვენ უნდა ვიყოთ პირველი“. ნომერ პირველი რომ იყო, სხვანაირად უნდა მოიქცე, როგორც კლუბი. ცხოვრების წესი, ქცევა და აზროვნება განსხვავებულია.

– თქვენ ტაშკენტის „ფახთაქორს“ ორ წელიწადნახევარი წვრთნიდით და საკმაოდ წარმატებითაც. რა არის იმის მიზეზი, რომ პიტერ ჰიუსტრა დანიშნეს მწვრთნელად?

– კლუბს ვუთხარი, რომ წასვლა მსურდა, რადგან უზბეკეთში ორ წელიწადნახევარი ძალიან დიდი დროა. მიუხედავად იმისა, რომ იქ სასიამოვნო იყო ყოფნა, სახლში დაბრუნება ძალიან მინდოდა. არ ვიცი რა იქნება ჩემი შემდეგი ნაბიჯი. პიტერი კლუბში ჩემი ასისტენტი იყო და არ გვინდოდა დაგვეკარგა ის, რაც ერთად ავაშენეთ. ჩვენ კლუბში ბევრს მივაღწიეთ, მათ შორის ახალგაზრდული აკადემიის წინ წამოწევას ვგულისხმობ. ასევე, ერთობლივად შევიმუშავეთ გარკვეული ფილოსოფია და შევქმენით სისტემა, რომელიც წარმატების მომტანია. არ გვინდოდა ეს ყველაფერი დაკარგულიყო და პიტერი არის ადამიანი, რომელიც ამ საქმეში თავიდანვე მონაწილეობდა. ამიტომ, ვუთხარი კლუბის ხელმძღვანელს: „თუ კმაყოფილი ხართ კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობით, ასე უნდა გააგრძელოთ“. შემდეგ მან მკითხა, ვის უნდა შევეცვალე – ვისაც ესმის ფილოსოფია, ენა და შეუძლია ყველანაირ პირობებში მუშაობა. შემდეგ მე ვუთხარი: „რატომაც არა პიტერი?” მათ ეს იდეა მოიწონეს და ჩემს მემკვიდრედ დანიშნეს.

– ახლა, როდესაც თურქეთში დაბრუნდით, გაქვთ ამბიცია, რომ ისევ იმუშაოთ?

– 7 წელია მწვრთნელი ვარ და ვფიქრობ, თურქეთში უცხოელებს შორის ყველაზე დიდხანს ვიმუშავე. ამ დროისთვის თურქული გუნდებისგან მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ ეს არ არის ჩემი პირველი ვარიანტი.

– რომელ ქვეყანაში გსურთ მუშაობა?

– ის, რაც მე მსურს, ძალიან განსხვავებულია. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. თურქეთში და ისრაელში უკვე ვიმუშავე, ახლა ისევ მოტივირებული ვარ და მინდა კარგად გავაკეთო ჩემი საქმე. შემოთავაზება მქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან, ასევე სხვა ეროვნული ნაკრებებისგან. საბოლოო ჯამში გავაკეთებ არჩევანს, რომელიც კარგი იქნება, როგორც ჩემი კარიერისთვის, ისე საკუთარი თავისთვის.

– როდის აპირებთ არჩევანის გაკეთებას?

– წარმოდგენა არ მაქვს, რადგან არსებობს შემოთავაზებები, რომელზეც უარს ვერ იტყვი და არის წინადადებები, რომელზეც ფიქრობ, რომ უმჯობესია, არ დათანხმდე. ორი თუ სამი თურქული გუნდისგან მივიღე შემოთავაზება, მაგრამ როდესაც ვეკითხები რას ითხოვენ ჩემგან, როგორც მწვრთნელისგან, მათ პასუხი არ აქვთ. რა თქმა უნდა, გამარჯვება ყველას სურს.

– ღია ხართ „აიაქსში“ დაბრუნების შესაძლებლობისთვის?

– ვის შეუძლია უარის თქმა „აიაქსზე“? ვისაც იქ უთამაშია, შეუძლებელია ინგორირება გაუკეთოს წინადადებას. ადრე მქონდა ნიდერლანდებიდან სამი შემოთავაზება, მათ შორის, „ვიტესისგან“ და „ალკმაარისგან“, მაგრამ ვერ მივიღებდი, რადგან სხვა კლუბში ვმუშაობდი. ამ დროისთვის ერთი ნიდერლანდური გუნდია დაინტერესებული, ამიტომ, რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ნიდერლანდებში დავბრუნდე.

– როგორია თქვენი პროგნოზი კვირას, „აიაქსი“ – „ალკმაარის“ მატჩთან დაკავშირებით?

– პროგნოზებში ძალიან სუსტი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ ეს გუნდი მოიგებს, პირიქით ხდება. როდესაც ვამბობ, რომ 1:2 იქნება, რეალურად 2:1 სრულდება. ზოგჯერ, ჩემი მეგობრები, რომელთაც აზარტული თამაშები მოსწონთ, მეკითხებიან რას ვფიქრობ და ვპასუხობ ჩემს ვარაუდს, მაგრამ ვეუბნები, რომ პირიქით უნდა გააკეთონ ფსონი. ახლა ვიტყვი, რომ „ალკმაარი“ მოიგებს, თუმცა, რეალურად „აიაქსი“ გაიმარჯვებს (იცინის). არ მსურს „ალკმაარის“ წაგება, მაგრამ ეს ჩემი პროგნოზია.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე „აიაქსში“1997-2001 წლებში თამაშობდა და 124 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა, ხოლო „ალკმაარის“ ღირსება 2005-2007 წლებში დაიცვა და 89 თამაშში თავი 48-ჯერ გამოიჩინა. შოთა „ალკმაარში“ 2008-2010 წლებში ლუის ვან გაალის თანაშემწედაც მუშაობდა.

https://www.worldsport.ge/ge/page/204537_shota-arveladze-vitessa-da-alkmaarze-uaris-tqma-momiwia-magram-aiaqsze-uars-veravin-ityvis

SHARE