ხვიჩა კვარაცხელიაზე რუბინთან მოლაპარაკების პროცესი დაჩქარდა – დასახალდა სატრანსფერო თანხაც

460

Sport Mediaset: მილანი კვარაცხელიას ზაფხულში დაიმატებს

“ახლა მოდაში ხვიჩა კვარაცხელიაა – თავდამსხმელი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ “მილანს” დაუკავშირეს. მას ასევე იწვევენ “იუვენტუსი” და “დორტმუნდი”. არც ისე დიდი ხნის წინ, დაიწყეს ლაპარაკი “მილანის” დაინტერესებაზეც. კვარაცხელია 20 წლისაა და რუსეთის უმაღლესი ლიგის კლუბ ყაზანის “რუბინის” შემტევია.

ქართველმა ახალგაზრდამ ევროპის მრავალი წამყვანი კლუბის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი “მილანია”. სინამდვილეში, კვარაცხელია შეიძლება შემდეგი სეზონისთვის “როსონერის” პირველი შენაძენი გახდეს.

სატრანსფერო ბაზრის ჭორები დღეს Sport Mediaset-მა დაადასტურა და აღნიშნა, რომ “მილანმა” ქართველის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა. ხვიჩა შემტევი ნახევარმცველია, ძალიან სწრაფია და მოხერხებული, დრიბლინგს სისწრაფეზე აკეთებს. ჩვეულებრივ შეტევის მარცხენა ფრთაზე თამაშობს, მაგრამ ძალიან მოქნილია და თამაში შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე, შეტევის მარჯვენა ფლანგზეც”.

Tuttomercatoweb: კვარაცხელიასთვის მილანმა იუვენტუსს აჯობა

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb, რომლის სატრანსფერო ინფორმაციები მაღალი სანდოობით გამოირჩევა, წერს, რომ “მილანი” უკვე დგამს აქტიურ ნაბიჯებს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად, შესაბამისად, ამ დროისთვის “როსონერი” ის კლუბია, რომელსაც საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” ვარსკვლავის შეძენის ყველა მეტი შანსი აქვს.

თუმცა იგივე გამოცემა არ გვირჩევს, რომ ჩამოვწეროთ “იუვენტუსი”, “ნაპოლი” და “დორტმუნდი”. ოღონდ, ეგ არის, რომ წყაროს მტკიცებით, “მილანის” მესვეურები ლამის ყოველდღიურ კონტაქტზე არიან 20 წლის ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელთან, რომელიც მალე გაემგზავრება იტალიაში თავისი კლიენტის ტრანსფერზე სასაუბროდ.

ბაიერნი მარცხენა ფლანგისთვის ფეხბურთელს ეძებს…

მიუნხენის “ბაიერნის” ფანჯგუფის ინტერნეტგვერდი Bayernstrikes წერს: “ბოლო ორი კვირის განმავლობაში “ბაიერნს” რამდენიმე გარემარბი დაუკავშირეს. ბავარიული კლუბისთვის ზაფხულში ეს ტრანსფერი პრიორიტეტული არ იყო, მაგრამ დუგლას კოშტას (იჯარა უმთავრდება და “იუვენტუსში” ბრუნდება) წასვლა ფლანგზე ვაკუუმს ნამდვილად შექმნის.

ბოლო ფორვარდი, რომელიც რეკორდმაისტერთან ასოცირდება, ხვიჩა კვარაცხელიაა. Express.de-ის ცნობის თანახმად, “ბაიერნი” ყაზანის “რუბინის” ფორვარდით დაინტერესდა. ქართველის აგენტმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ უახლოეს მომავალში კვარაცხელია “ბაიერნში” ან “რეალში” ითამაშებს…

20 წლის თავდამსხმელი “რუბინში” ძალიან პროდუქტიულ სეზონს ატარებს. მიუნხენურ გრანდს აქვს ტრადიცია, კონტრაქტები გაუფორმოს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მოთამაშეთა ნაწილი ახალგაზრდულ გუნდს ემატება. ალფონსო დევისი და ჯამალ მუსიალა სწორედ ამის მაგალითებად გამოდგებიან. მათ პირველ გუნდში გადასვლის შემდეგ “ბაიერნზე” დიდი გავლენა მოახდინეს.

ჯერჯერობით, კვარაცხელიასთან დაკავშირებით ხმები ნაადრევი ჩანს. სანამ გერმანულ მედიაში მეტი ინფორმაცია არ იქნება ამ ტრანსფერის შესახებ, მანამდე, შესაძლოა, უნდობლობა გამოიწვიოს. ამასთან, მარცხენა ფლანგზე ასეთი მოთამაშე საინტერესო იქნებოდა, რადგან ქართველმა თავდამსხმელმა რუსეთში თამაშით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

გერმანიის ჩემპიონმა შეტევითი პოტენციალი “მანჩესტერ სიტიდან” ლეროი სანეს აყვანით გააძლიერა. “ბაიერნი” კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას ცდილობდა მას შემდეგ, რაც ივან პერიშიჩთან კონტრაქტის გაფორმება ვერ შეძლო. მათ სურდათ კალუმ ჰადსონ-ოდოის დამატებას, მაგრამ “ჩელსიმ” ეს წინადადება არ მიიღო.

საბოლოოდ, რეკორდმაისტრმა დუგლას კოშტას იჯარას მიაღწია. ბრაზილიელი თავდამსხმელი ცდილობდა, შეზღუდულ სათამაშო დროში შთაბეჭდილება მოეხდინა. სამაგიეროდ, ჯამალ მუსიალას გამოჩენით ჰანს-დიტერ ფლიკს შეტევაში კიდევ ერთი შესაძლებლობა გაუჩნდა. უფრო მეტიც – ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი სეზონით დარჩება მიუნხენში, ასე რომ, მასაც შეეძლება პოზიციის შევსება.

კვარაცხელიასთან შეიძლება გაფორმდეს გრძელვადიანი კონტრაქტი, მაგრამ, სავარაუდოდ, პირველ გუნდში არ იქნება. შესაძლოა, “ბაიერნმა” ის უკან ყაზანში დააბრუნოს, რათა მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს. ამ მომენტში ეს ჟღერს როგორც ჭორი, მაგრამ ამ ინფორმაციას თვალი უნდა მივადევნოთ, რადგან “ბაიერნი” მარცხენა ფლანგისთვის მოთამაშეს ეძებს.

ის ქართველი ხაძიპანაგისია!..

ბერძნულმა გამოცემა “გაზეტამ” ხვიჩა კვარაცხელია შეადარა ვასილის ხაციპანაგისს – “ბერძენ მარადონად” წოდებულ ფეხბურთელს, რომელიც უზბეკეთში დაიბადა და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, თამაშობდა ტაშკენტის “ფახთაქორში”, საიდანაც საბერძნეთის “ირაკლისში” გადავიდა და ბერძნული ფეხბურთის ლეგენდა გახდა.

“20 წლის ქართველი ხვიჩა კვარაცხელია ნურიევის გრაციითა და მომხიბვლელობით თამაშობს და ლიონელ მესის შემდეგ უკვე ევროპაში საუკეთესო დრიბლიორია”, – წერს სოტირის მილიოსი.

“რუბინში” პირველი ხელფასის ფულით ხვიჩამ 100 ოჯახისთვის სუპერმარკეტებში პროდუქტები შეისყიდა და გაჭირვებულ ხალხს გადასცა იმ ქალაქში, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ…

მას უწოდებდენ “ქართველ მესის”, “ჯადოქარს”, “მოცეკვავეს”!.. ხვიჩა კვარაცხელია არის თვითნასწავლი მსახიობივით – უყვარს იმპროვიზაცია. მისი დრიბლინგი სხვისას არ ჰგავს. ყოველთვის, როცა წინ მოწინააღმდეგეს ხედავს, ისე ჩანს, თითქოს თეთრ ტილოზე ხატავს. ყველაფერი ხდება ავტომატურად, ყოყმანის გარეშე. ის პატარა ნურიევი და პატარა ხაციპანაგისია…

ქართველი ჟონგლიორი იმ სახეს ინარჩუნებს, რომელიც თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში ნელ-ნელა ქრება – დრიბლინგი, თავისუფალი სტილი, არაპროგნოზირებადობა, იმპროვიზაცია, ერთი-ერთზე თამაში… ყოველთვის, როცა ბურთს ფეხს ახებს, სუნთქვა გეკვრება და ფანტაზიას გასაქანი ეძლევა. ეს ნამდვილი ფეხბურთია!

ის აღნაგობით არ ჰგავს მესის, უფრო მაღალია (1,83), გრძელი ფეხებით. მისი თამაშის უნარი თანდაყოლილი და აუხსნელია. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ყველა ოპონენტმა იცის, რომ დრიბლინგზე მიდის, მაგრამ საწინააღმდეგო ხერხს იშვიათად პოულობენ…

დრიბლინგის დღევანდელი მეტრი, ბურთის თანამედროვე ღმერთი – ლიონელ მესი საშუალოდ თამაშში 4,3 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებს. ეს ოდნავ უკეთესია ადამა ტრაორეს მაჩვენებელზე, მათ შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიაა თამაშში საშუალოდ 3.7 დრიბლინგით. საქართველოს ნაკრებში მან ბოლო 5 მატჩში ეს 25-ჯერ მოახერხა! ქართველი “ჟონგლიორის” გვარი “ტრანსფერმარკტის” საძიებო გვერდზე ესპანეთთან გატანილი გოლის შემდეგ პირველ ადგილზე იყო…

თავდაპირველად, მან ყურადღება საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მიიქცია, სადაც 20 მატჩში 15 გოლი გაიტანა. უამრავმა ევროპულმა გუნდმა (“ბაიერნი”, “აიაქსი”, “შახტარი”) შენიშნა, მაგრამ ის მოსკოვის “ლოკომოტივში” გადავიდა, სადაც გახდა ახალ ათასწლეულში დაბადებული პირველი მოთამაშე, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში გაიტანა.

აატირა ლეგენდარული რუსი მწვრთნელი იური სიომინი, როცა ამ უკანასკნელმა “ლოკომოტივმა” მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. სიომინი კიდევ უფრო ატირდა, როცა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინში” სადებიუტო მატჩშივე გაიტანა გოლი და ისიც მოსკოვში, “ლოკომოტივის” კარში.

მან რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა, დასახელდა საქართველოს 2020 წლის საუკეთესო მოთამაშედ. ხვიჩა ნიშნავს – დრიბლინგს, სანახაობას, ბურთის ფლობას… ის არის ფეხბურთელი, რომლის ნახვაც რუსეთის ჩემპიონატში ყველას სურს”, – წერს მიოლისი.

წყარო: lelo.ge

SHARE