ევროპულ თამაშებში მონაწილე ყოველმა მეორე ქართველმა სპორტსმენმა მედლის მოპოვება შეძლო

530

მინსკის მეორე ევროპული თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგით დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა მინსკის სარბიელზე სპორტის 7 სახეობაში 30 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი მეშვიდე შედეგი აჩვენეს. თამაშებში ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

მოპოვებულ ჯილდოებში მნიშვნელოვანია ჩვენი სამბისტების წვლილი, რომლებმაც 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს და სამბოს ქალთა და კაცთა საერთო ჩათვლაში მეორე, ხოლო კაცთა ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. მათ შორის ჩემპიონები გახდნენ ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები ერგოთ მინდია ლილუაშვილს (68 კგ), ნინო ოძელაშვილს (72 კგ) და ელენე ქებაძეს (80 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები – გივი ნადარეიშვილს (52 კგ), გენადი ჩირგაძეს (62 კგ), ბესარიონ ბერულავას (82 კგ) და პაატა ღვინიაშვილს (90 კგ).

საერთო ჩათვლაში ასევე მეორე ადგილი ერგო ძიუდოისტთა გუნდსაც, რომელმაც კაცთა ჩათვლაში 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს ჯილდოთი პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ძიუდოისტთა ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატის დატვირთვაც ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ჩემპიონებსა და პრიზიორებს ევროპული თამაშების მედლებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის მედლებიც გადაეცემოდათ.

ძიუდოისტთა წარმატება ჩემპიონობით მნიშვნელოვნად განსაზღვრეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ). კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) და ლუკა მაისურაძემ (81 კგ).

ევროპული თამაშების ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ტყვიის სროლაში დედა შვილის – ნინო სალუქვაძის და ცოტნე მაჭავარიანის მიერ შერეულ წყვილებში მცირეკალიბრიანი პისტოლეტით სროლაში (50 მ) მოპოვებული ბრინჯაოს მედალი, რაც ამგვარ თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

მოკრივეთაგან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ოთარ ერანოსიანმა, ხოლო სახილ ალახვერდოვმა (49 კგ) ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 30 ივნისს, ევროპული თამაშების დასკვნით დღეს ალახვერდოვმა გადამწყვეტი შეხვედრა სომეხ არტურ ოვანესიანთან დათმო.

საქართველოს ნაკრების წარმატებაში, შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვებით თავისი წვლილი შეიტანეს ბატუტისტმა ლუბა გოლოვინამ და კარატისტმა გოგიტა არქანიამ (84 კგ).

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ფინალი იჭიდავა და, სამწუხაროდ, ორივე დათმო. ვერცხლის მედლებით დაასრულეს ასპარეზობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (125 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ).

ასევე ორი ფინალისტი გვყავდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, აქედან ერთი ფინალი ევროპული თამაშების დასკვნით დღეს შედგა, სადაც იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ბელარუს კირილ ჰრიშანკასთან 1:5 წააგო. ქაჯაია ვერცხლის მედალს დასჯერდა. მძიმე წონის მოჭიდავეთა შეჯიბრებაზე იმყოფებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, რომელიც დღეს ჩამოფრინდა მინსკში და მეორე ევროპული თამაშების დახურვის ცერემონიას დაესწრება.

ერთი დღით ადრე ფინალი დათმო შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ).

საქართველოს ნაკრებმა საჭიდაო სახეობათა გაერთიანებულ კაცთა ჩათვლაში 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით მე-6 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ 2015 წლის ბაქოს საინაუგურაციო ევროპული თამაშების შედეგი მედლების რაოდენობით თითქმის გააორმაგა, გუნდურ ჩათვლაში კი 14 საფეხურით დაწინაურდა. თუ მაშინ 5 სახეობაში ჩვენმა მონაგარმა 16 მედალი (2 ოქრო, 6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო) შეადგინა და 21-ე ადგილი დავიკავეთ, ამჯერად საქართველოს ანგარიშზეა 30 მედალი და საერთო მე-7 ადგილი.

„პირველ ყოვლისა, მინდა ჩვენს სპორტსმენებს, ქართული სპორტის თითოეულ გულშემატკივარს მივულოცო საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წარმატებული გამოსვლა მეორე ევროპულ თამაშებზე. ჩვენ მინსკში კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალა შეგწევს ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ კონტინენტის წამყვან სპორტულ ქვეყნებს და მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ.

ის ფაქტი, რომ თამაშებში მონაწილე ყოველმა მეორე ქართველმა სპორტსმენმა მედლის მოპოვება შეძლო, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის მზადების პროცესში ჩართულმა ორგანიზაციებმა, მწვრთნელებმა, სამედიცინო პერსონალმა მიზანმიმართულად, პროფესიონალურად და ნაყოფიერად იმუშავეს, რათა სპორტსმენებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეექმნათ.

გარდა უშუალოდ თამაშების მედლებისა, ჩვენ რამდენიმე სახეობაში პარალელურად მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის მედლები და 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მინსკში გამართული თამაშები ერთგვარი რეპეტიცია იყო ტოკიოს ოლიმპიადის წინ, რომელიც, რასაკვირველია, სხვა მასშტაბის და მნიშვნელობის მულტისპორტული შეჯიბრებაა.

სწორედ მომავალ ოლიმპიადასთან მიმართებაში, ევროპულმა თამაშებმა ჩვენ გვაჩვენა არა მხოლოდ პროგრესი, არამედ ცალკეული პრობლემებიც, რომელთა აღმოსაფხვრელადაც მომავალი ერთი წელი მაქსიმალური ეფექტურობით უნდა გამოვიყენოთ,”- განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

2023 წელს მესამე ევროპულ თამაშებს კრაკოვი (პოლონეთი) უმასპინძლებს, რაც სწორედ მინსკში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) რიგგარეშე გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE