ინციდენტი ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს შორის

530

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს შორის კიდევ ერთი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრების წევრები მინსკიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, თვითმფრინავში ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, გიორგი ბაინდურაშვილმა ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბაინდურაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რასაც ფედერაციის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ. მაისურაძე ევროპულ თამაშებზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

უახლოეს დღეებში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართება და კომიტეტის წევრები თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებენ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ტელეკომპანია მაესტროსთან კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა – გიორგი ათაბეგაშვილმა გააკეთა.

„მოხდა ალკოჰოლის დოზის მიღება იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა და იყო დისციპლინარული გადაცდომა. ამ თემასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გვექნება სხდომა და ჩვენი შინაგანაწესიდან გამომდინარე იქ გადაწყდება ვის რა სახის სასჯელი ელის. იქნება ეს საყვედური, შენიშვნა თუ სხვა.

დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ ყველაფერი ალკოჰოლის ზედმეტმა დოზამ გამოიწვია”.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE