დღეს, 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის 2019 წლის გათამაშებაში (საპრიზო ფონდი 17 769 000 ფუნტი სტერლინგი) ჩაერთვება და პირველი წრის მატჩს ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკას მეტოქე 32 წლის ბრიტანელი ჯეიმს უორდია, რომელსაც ატპ-ს რეიტინგში 195-ე ადგილი უკავია, კარიერის პიკზე კი მსოფლიოს 89-ე ჩოგანი გახლდათ.
ამ ფონზე, ე.წ. “ლაივ-რეიტინგში” მისთვის საუკეთესო მე-15 პოზიციას უწია ბასილაშვილმა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გუშინ უიმბლდონს გაელ მონფილსი გამოეთიშა.
მე-16 ნომრად განთესილი ფრანგი ჩოგბურთელი თანამემამულე უგო ჰუმბერტთან 7:6 (8:6), 6:3, 4:6, 5:7, 0:3 მარცხდებოდა, როდესაც ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ბასილაშვილი და უორდი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. თამაში პირველივე წყებაში, თბილისის დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი და ის მე-17 კორტზე ჩატარდება.
თუკი ნიკოლოზმა იმარჯვა, ლაივ-რეიტინგში მე-14 ადგილზე მყოფ ჯონ ისნერთან ჩამორჩენა მხოლოდ ათ ქულამდე დავა, თუმცა კი, ამერიკელ ჩოგბურთელს საწყისი რაუნდის შეხვედრა ასევე ჩასატარებელი აქვს.
ვთქვათ ისიც, რომ წარმატების შემთხვევაში, ბასილაშვილს უიმბლდონის მე-2 წრეში არგენტინელ ფედერიკო დელბონისსა და ბრიტანელ დანიელ ევანსს შორის უმჯობესი ელის.
წყარო: worldsport.ge