ნოდარ ახალკაცი: – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრესის მიერ ეროვნული ჩემპიონატის გაშუქებას. მარტო იმას კი არ უნდა ფიქრობდნენ, ნეგატიურზე წერონ. რომ ვადაროთ ჩვენი პირველობა ინგლისისას ან იტალიისას, ამით რამე გამოსწორდება? უკეთესი გახდება? ძალიან მომწონს თქვენ რომ დაიწყეთ საუკეთესო მსაჯების, ფეხბურთელების და სხვა ნომინანტების დასახელება. სხვა დამოკიდებულება გამოჩნდა, ანალიზი არსებობს, კომენტარები, დასკვნები და ასე შემდეგ. მე თქვენს გაზეთს პირველივე ნომრიდან ვკითხულობ. თავადაც ხომ გრძნობთ – როგორც ჟურნალისტები, გაიზარდეთ. თუ ამას ვერ გრძნობთ, მაშინ ცუდადაა თქვენი საქმე. მე ვხედავ, რომ თქვენში ეს მოხდა. ის უფრო უნდა გაინტერესებდეს, წყალტუბოში მსაჯს ყურზე რომ უკბინეს, თუ ამდენი თამაში 0:0 რომ მთავრდება?
ბევრი ასეთ პროპაგანდას არ ეწევა. ქართული გაზეთისთვის პრიორიტეტული ეროვნული თემა უნდა იყოს, თორემ იმაზე ადვილი რა არის, მიუჯდე “ევროსპორტს” და წეროთ მათი რეპორტაჟები. თუ ბიჭი ხარ, ჩვენს ჩემპიონატს დაესწარი, წადი სადმე სოფელში, დაელაპარაკე ფეხბურთელებს, გაიგე რა უჭირთ, რა ულხინთ?.. სამი თვეა ხელფასებს არ აძლევენ, მშივრები თამაშობენ…
უამრავი პრობლემა გვაქვს. იყო ოქროყანაში სტადიონი, ახლა აღარ არის. სტუდქალაქის სტადიონზე გაიზარდა ვაკის მთელი ახალგაზრდობა. ხომ იცით, როგორი რაიონია ეს, რა მიმართულებებია… თანაც ფეხბურთს რომ ითამაშებს ბავშვი, ქუჩას მოსწყდება… მაგრამ დინტერესდა ვინმე ქალაქის ცენტრში ამხელა სტადიონის ადგილას სახლებს რომ აშენებენ? ერთი სიტყვა თუ თქვა ვინმემ, თუ წავიდნენ ან მერიაში, ან გამგეობაში, ან მთავრობაში თუ დააყენეს საკითხი? ადრე სკოლებსა და ეზოებში ბურთს დასდევდნენ, ახლა სად თამაშობენ? პატარები ვარჯიშის მერე ტანს ვერ იბანენ, აღარაფერს ვამბობ სამედიცინო შემოწმებაზე. აი, ეს უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ზრუნვის საგანი…
ბავშვებს ახალგაზრდულ ნაკრებებში რომ ვიძახებთ, სამედიცინო შემოწმებას ვუტარებთ, იცით რა სავალალო მდგომარეობაა? ქართველი ბავშვების ეს პლეადა, თავის უცხოელ თანატოლებთან 10 სანტიმეტრს აგებს სიმაღლეში. ეს ხომ ეროვნული ტრაგედიაა?! გავა დრო და სკოლების პირველ კლასებს ვერ დააკომპლექტებენ, არ არის შობადობა და იმიტომ. საფეხბურთო სკოლებზე აღარაფერს ვამბობ.
გადაბრალება კი ადვილია. დასკვნა იქმნება: ფედერაცია ცუდად მუშაობდა და იმის ბრალია ყველაფერიო. ამას არ სჯობს, ყველამ იზრუნოს პრობლემების მოგვარებაზე? რამდენჯერმე დავაყენეთ პარლამენტში საკითხი ფეხბურთელობის პროფესიად დაკანონების შესახებ… ფეხბურთელობის პროფესიად ქცევა იმისთვის მინდა, რომ 35 წლის ასაკში კაცს თამაშის დამთავრება რომ უწევს, პენსია ჰქონდეს. შეიძლება 18 წლისამ ერთი ტრავმა მიიღოს და მორჩა. გახსოვთ ილია რუხაძე? თუ მივაღწიეთ იმას, რომ სახელმწიფო მათ პენსიას მისცემს, თუნდაც მინიმალურს, შეგვეძლება საპენსიო ფონდის შექმნა და ფეხბურთელებს რომ გაუჭირდეთ, უპრობლემოდ დავეხმარებით.
თქვენ გგონიათ, საქართველოს ნაკრების გამარჯვება ჩვენში ყველას უხარია? როგორ გეკადრებათ! ზოგიერთები ისეთი დაბოღმილი სახეებით გამოდიან სტადიონიდან გამარჯვების შემდეგ, თითქოს რაღაც ტრაგედია მომხდარიყოს. არ დაგვავიწყდეს – ნაკრები, როგორც ინსტიტუტი, ახალია ჩვენთვის. თუმცა ადრე იყო რაღაც მსგავსი, მასთან მიახლოებული.
ერთხელ, თბილისის ნაკრები შეადგინეს და “ლეგია” 4:2 დაამარცხეს. 1956 და 1978 წლებში ხალხთა სპარტაკიადაზე იასპარეზა საქართველოს სსრ-ის გუნდმა. 1980 წელს “დინამომ” რუმინეთის ნაკრები დაამარცხა. ეროვნული ნაკრები, როგორც გუნდი, ახლა იქმნება, ნაკრების მწვრთნელი, ექიმი, ადმინისტრატორი – ახალია ჩვენში. ამას უნდა დაეუფლო, თან კვალიფიკაცია აიმაღლო და ხასიათი გამოიმუშავო.
ზოგს ჰგონია, რომ რადგან დიდი ფეხბურთელი იყო, მისი აზრი ჭეშმარიტებაა. ფეხბურთელობა სხვა პროფესიაა და მწვრთნელობა – სულ სხვა. აქ რომ დაიწყოს ძველმა ფეხბურთელმა ფედერაციაში მუშაობა და გახდეს ფუნქციონერი, სხვა თვისებები, სხვა გონებაა საჭირო. ამაში მას წარსული უწყობს ხელს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბევრს უნდა ფეხბურთის ისტორია თავისი პერსონიდან დაიწეროს, ისინი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ.
ახლა ჩვენს წინააღმდეგ ბევრმა ვეტერანმა გამოილაშქრა… იძახიან, ახალკაცი უნდა გადადგესო. რა არის იცით, ყველა ვეტერანს პატივს ვცემ, ყველამ თავისი როლი ითამაშა ქართულ ფეხბურთში… ძალიან ვერიდებოდი, არ მინდოდა ამ სპექტაკლის მონაწილე გავმხდარიყავი, რაც დღეს ხდება.
ფეხბურთში გადასაწყვეტი პრობლემები საჯარო არ უნდა გამხდარიყო. საფეხბურთო სამყარო დასაცინი გავხდით. გინახავთ სადმე გაზეთში მორაგბემ მორაგბეს აგინოს? ან მოჭადრაკემ – მოჭადრაკეს? მაინდამაინც ჩვენთან ხდება ასე. ყველას ჰგონია რომ ბუმბერაზი იყო. სწორედ ამან მოიყვანა საქმე აქამდე…
არადა დიდი მოთამაშის გარდა, საშუალოცაა საჭირო. ზოგს ჰგონია – თუ კარგი პასი ჰქონდა, უიმისოდ დაიღუპებოდა გუნდი. შენ რომ კარგი პასი გაქვს, მე თუ არ გავიქეცი, თუ არ გავიხსენი, გქონდეს ის პასი შენთვის. კარგი პასის მქონეს, პარტნიორის სისწრაფეც უნდა, რომ დაფაროს მანძილი. ამას გარდა, ვიღაცამ ბურთი ხომ უნდა წაართვას მეტოქეს, იშრომოს… მოკლედ ათასი ნიუანსია, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, ამ პრინციპით ფეხბურთში შორს ვერ წავალთ.
ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მოწინავედ ითვლება. უეფაში ექსპერტიზა გავიარეთ, დაგვიძახეს, ჩავიტანეთ მთელი ჩვენი სტრუქტურა – რა კომიტეტებია, როგორ მიდის მუშაობა… ექსპერტიზა გლენ კორტონმა გაგვიკეთა, რომელიც ინგლისის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ და რომელიც დიდხანს მუშაობდა ინგლისის ასოციაციაში. მან განაცხადა, რომ სტრუქტურულად ჩვენი ფედერაცია ძალიან დახვეწილია.
რა თქმა უნდა, იქ სხვა ტრადიციებია, მათი ორგანიზაციის დასახელებაში ქვეყნის სახელი არც ფიგურირებს და “ფედერაციის” ნაცვლად “ასოციაცია” ჰქვია, რომელიც 1863 წელსაა დაფუძნებული და თვით დედოფლის პატრონაჟის ქვეშაა.
ჩვენ სხვა სპეციფიკა და სისტემა გვაქვს, რომ გაიგეს, საშეჯიბრო, რეზერვების, იურიდიული, საერთაშორისო, ფინანსებისა და სხვა განყოფილებები გვაქვს, თქვეს – შესანიშნავი ორგანიზაცია გქონიათო. ამაზე დიდი ეფექტი იმას ჰქონდა, როდესაც შეიტყვეს – ჩვენთან წარსულში ცნობილი ფეხბურთელები რომ მუშაობენ, კადრების შერჩევისას სწორედ ეს პრინციპი გავხადე პრიორიტეტული. ფეხბურთელი უფრო ადვილად გაიგებს და შეითვისებს იმას, რაც ჩვენ გვინდა. უფრო ძნელი იქნებოდა მუშობა ისეთ კაცთან, ვისაც ფეხბურთი არ უთამაშია.
ჩვენთან ბევრი ვეტერანია და პირნათლად იხდის ვალს. იქამდე სხვაგან მუშაობდნენ ისინი, ზოგი “ობეხეესესში” იყო, ზოგიც სხვაგან… მე ჩემს ბიჭებს ვუთხარი: გუშინ ხალხი ტაშს გიკრავდათ და იქ თუ იმუშავებთ, მათი ოჯახების აწიოკება მოგიწევთ, რას კადრულობთ-მეთქი?! იყო პერიოდები, მშივრები ვიყავით, დღეს აქ არიან და მგონი მემადლიერებიან კიდეც, რომ დამიჯერეს – შენგელია, ჩივაძე, სულაქველიძე, კოსტავა, გაბელია, გუცაევი… სხვებიც. არცერთ ფედერაციაში ამდენი ფეხბურთელი არ მუშობს, ეს ხომ უნდა დააფასოს ხალხმა…
იოზეფ ბლატერი ჩადის მოსკოვში. რუსეთის მთავრობას რაღაც დიდი ტურნირის “დათრევა” უნდა. როგორც იცით, “ლუჟნიკი” გაკეთდა მაღალ დონეზე, იური ლუჟკოვმა “სპარტაკს” ადგილი გამოუყო ქალაქში, სადაც უახლოეს მომავალში წმინდა საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყება. ფიფას გენერალური მდივნის ჩასვლას რუსეთში ჩვენთან არავითარი კავშირი არ აქვს, უბრალოდ, კოლოსკოვისთვის უთხოვია ჩემზე – დაუკავშირდით, თუ ჩამოვა, კარგი იქნებაო…
დამირეკეს სახლში, უარს ვერ ვეტყვი, უნდა წავიდე. ბლატერი დიდი ფიგურაა ფეხბურთში. ლენარტ იოჰანსონს (უეფას მაშინდელი პრეზიდენტი – რედ) მთელი ევროპა უჭერს მხარს. აველანჟი ნაწყენია, “გენსეკი” ვითომ კეთილშობილურად იქცევა, მაგრამ… ისე აველანჟის წასვლის დროა – დაბერდა, “დაჩამიჩდა”… მისი წასვლის დრო დადგა და თუ ლამაზად წავა, უფრო დიდ სახელს დატოვებს. თავიდან ფრანც ბეკენბაუერზე გაკეთდა აქცენტი, შემდეგ ბლატერზე…
ჩემი აზრით, ბლატერი არ არის ის პიროვნება, არჩევნებში რომ გაიმარჯვოს. იცით, მან თავის დროზე ფიფას “გენსეკის” ქალიშვილი მოიყვანა, მერე მისი ადგილი დაიკავა და ცოლსაც გაშორდა. ასეთი რაღაცეები მაღალ საფეხბურთო სამყაროში ცუდად ჟღერს, ხომ იცით, რა არის პურიტანული საზოგადოება. ცოლებთან ერთად დადიან ყველგან და როცა ხედავენ, ვიღაც საყვარელთან ერთად გამოცხადდება, სხვანაირი თვალით უყურებენ…
ამას წინათ, ბლატერმა სიახლის შემოტანა განიზრახა – საფეხბურთო კარი გავადიდოთო. მეც ვარ სიახლეების მომხრე, თავიდან სწორედ ჩვენმა ფედერაციამ შეიტანა მეკარისთვის ბურთის ხელში აღების აკრძალვა, ახლა ფიფა ექსპერიმენტს აპირებს მატჩის ორი მთავარი მსაჯით ჩატარების შესახებ, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ. მაგრამ კარის გადიდება რაღაც აბსურდია. გერმანელები ხომ იცით, რა პრაქტიკულია ხალხია. დაიანგარიშეს და გამოვიდა, რომ ეს მათ წელიწადში 80 მილიონის ზარალს მოუტანდა. როგორ შეიძლება, 7.32-მეტრიანი კარი 10-მეტრიანად გადავაკეთოთ?
ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ მას საქმე არ ესმის, უბრალოდ, იქ სხვანაირადაა საქმე აწყობილი. ჩვენ კი, მათთან, ვინც ფიფა-უეფას სათავეებში იქნებიან, მუდამ კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ამისთვის შენში ღირსეული პარტნიორი უნდა დაინახონ, ისეთი, რომ რაღაცას წარმოადგენ. სომხეთის ფედერაციის პრეზიდენტი კაზარიანი შეიყვანეს უეფას ერთ-ერთ კომიტეტში, მაგრამ 4 სხდომის მერე გამოიყვანეს, რადგან იქ ხმა არ ამოუღია. არადა, კომიტეტში მუშაობაა საჭირო, სიტყვით გამოსვლა…
მათ უნდა დაინახონ, რომ აზროვნებ. ამას რომ ხედავენ, თანამშრომლობაზე მოდიან. შეიძლება ერთი კითხვა დასვა და იმით შეგაფასონ. ყველაფერს ხომ თავისი დრო და ტაქტი აქვს. ზოგი “ტინგიცი” ისეთ რამეს იკითხავს… იოჰანსონი რომ იყო ჩამოსული, ერთმა ტელეჟურნალისტმა ბილეთის ფასებზე ჰკითხა და ეგონა, რევოლუცია მოახდინა.
…შევხვდები, ვნახავ, რამდენიმე პროგრამა მაქვს შემუშავებული. ინგლისში ყიფნისას თამაშამდე ერთად ვისხედით, ვისაუბრეთ… მინდა აქ “ფუტურო-კურსები” გავაკეთო, ფიფას სპეციალისტები ჩამოვიყვანო ლექცია-სემინარების ჩასატარებლად. ამას, მოგეხსენებათ, ფინანსები სჭირდება. ბლატერი დამპირდა და აუცილებლად გამიკეთებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის.
ყველაფერს რასაც სფფ-ის ფინანსური უზრუნველყოფა ჰქვია, დიდი მნიშვნელობა აქვს… მე რომ ვინმესთან რაიმე გარიგებას ვაწარმოებ, ჩემს ფულს ვდებ. ჩემი კონტრაქტები ისეთია, რომ სხვა მაძლევს ფულს. ბიზნესმენი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, გაფორმებული კონტრაქტის პირობებს ფართო საზოგადოებას არასოდეს გააცნობს, რადგან მასში ყოველთვის დევს პუნქტი კონფიდენციალობის შესახებ. ამას გარდა, ჩვენ დადებული გვაქვს ხელშეკრულება ე.წ. “ჩარტერული მოლაპარაკება”, რომლის მე-8 პუნქტში წერია, რომ არ გვაქვს უფლება მათი თანხმობის გარეშე გავაფორმოთ კონტრაქტი. ჩვენთან რომ წინადადება შემოდის, მას ვამუშავებთ და პასუხს ვუგზავნით. ამასთანავე უეფას ვაყენებთ საქმის კურსში. გავა 3-4 თვე, დამუშავდება და ხელმოწერას ვესწრებით მე, ფირმის წარმომადგენელი და უეფადან ჩვენი კურატორი ერიხ ეპლე…
უეფა კი იმიტომაა დაინტერესებული გარიგებაში მონაწილეობით, რომ 20% უნდა წაიღოს თავის ფონდში. შემდეგ ამ ფონდიდან გვეხმარებიან. აგერ, 250 000 შვეიცარიული ფრანკი პლასტმასის ინდივიდუალური სკამების დამონტაჟებაზე დახარჯეს. ათასი რამე გვაჩუქეს, მსაჯების ფორმები გამოგვიგზავნეს, ვიდეოაპარატურა, მიკროავტობუსი… 270 000 გამოყოფილია, რომ სტადიონზე განათება გაუმჯობესდეს, 250 000 – სფფ-ის შენობის რეკონსტრუქციისთვის. იცით კლუბებს როგორ ეხმარებიან? ჩვენ მათი ფინანსებით ვცოცხლობთ, ისინი კიდევ გვეუბნებიან, ჩვენს ფირმასთან დადეთ ხელშეკრულებაო. ჩვენ საქმეს დავიჭერთ იმასთან, ვინც ქართულ ფეხბურთს სარგებლობას მოუტანს.
ვგონებ, ჩვენ ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, რომელმაც სამოქალაქო ომის პერიოდში უცხოელ პარტნიორთან ხელშეკრულების გაფორმება შევძელით – 1993 წლის 16 მარტს. როცა შინ თამაშის უფლება არ გვქონდა, მაშინ დაგვიდო ხელშეკრულება “ტელესპორტმა”, იმიტომ კი არა, რომ რაიმე განსაკუთრებული ფირმაა, არა, უბრალოდ, გიუნტერ ნეტცერი ჩემი მეგობარია და დახმარების ხელი გამომიწოდა. მას რომ ეს არ გაეკეთებინა, ჩვენ დაშლილი ვიქნებოდით, თანაც ისე, რომ შემდეგ ვერავინ ააწყობდა საქმეს. მათ შეგვინახეს, მაშინ ალტერნატიული ვარიანტი არ გვქონდა. აქეთ გამოხედვა არავის სურდა…
საფეხბურთო გაზეთი 11X11
1998 წელი, იანვარი
წყარო: lelo.ge