ამერიკული გამოცემა NBC წერს, რომ შესაძლოა ვეტერანი ქართველი ცენტრი „გოლდენ სტეიტში“ დაბრუნდეს.
ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გუნდმა ანდრე იგუდალა გაუშვა, ხოლო „ბრუკლინ ნეთსიდან” მოყვანილ დეანჯელო რასელს დიდი ხელფასი ექნება. ამის გათვალისწინებით, კალიფორნიულ გუნდს სახელფასო ბიუჯეტში დარჩენილი თანხა, მხოლოდ ვეტერანი ცენტრის ასაყვანად ეყოფა.
გამოცემის მიხედვით, „გოლდენ სტეიტი“, ამ 7 კალათბურთელიდან ერთ-ერთს აირჩევს: ტაისონ ჩენდლერი, კოსტა კოუფოსი, გრეგ მონრო, უილსონ ჩენდლერი, ენტონი ტოლივერი (რომელმაც რამდენიმე საათის წინ გააფორმა კონტრაქტი „პორტლენდთან”), ნენე და ზაზა ფაჩულია.
აი, რას წერს გამოცემა ზაზას შესახებ:
„უორიორსის“ ზოგიერთ ფანს შეიძლება გაუკვირდეს, თუმცა ფაჩულია „გოლდენ სტეიტის“ გასახდელში ისე შევა, როგორც საიმედო კალათბურთელი. ზაზა დაეხმარა გუნდს ზედიზედ ორი ჩემპიონობის ტიტულის მოპოვებაში და კალიფორნიულ გუნდში გატარებულ 2 წელში სასტარტო შემადგენლობაში 127 თამაში დაიწყო.
35 წლის ფაჩულიას აქვს ის პლუსი, რაც სხვა თავისუფალ აგენტებს არ გააჩნიათ: ზაზა ადვილად, ადაპტაციის გარეშე მოერგება „გოლდენ სტეიტის” სისტემას.“
მართლაც სასიამოვნო იქნება ზაზა ფაჩულიას ისევ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში ხილვა. კალათბურთის თამაშის სურვილი ზაზას ისევ აქვს და მისი გამოცდილების მქონე მოთამაშე NBA-ში ბევრი არაა.
წყარო: sportall.ge