U20. 1/4 ფინალი: ბითაძე დაგვაკლდა

590

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდა.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები ფავორიტად პორტუგალიას ასახელებდნენ, მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს გამარჯვების შანსი ბოლო წუთებამდე ჰქონდა, თუმცა საფინალო სირენამდე 48 წამით ადრე ფრანცისკო ამარანტემ სამქულიანი ჩააგდო, სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა (92:85) და გამარჯვებულის ბედიც აქ გაირკვა. პორტუგალიამ 96:85 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

კარგია, რომ ქართველი მოთამაშეები მსაჯების მოქმედებაზე მძაფრად არ რეაგირებდნენ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ყველა სადაო ეპიზოდში არბიტრებმა მასპინძელი პორტუგალიის მხარე დაიჭირეს. სამწუხაროდ, კალათბურთში ასეთ მიდგომას მიჩვეულები ვართ.

პორტუგალიის ნაკრებში იუტას კოლეჯში მოთამაშე 210 სმ სიმაღლის ცენტრი იყო, ნეემია ქუეტა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გამარჯვებაში – 26 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. არადა, 20-წლამდელები გოგა ბითაძის თანატოლები არიან, გოგას თამაშის შესაძლებლობა რომ მისცემოდა, ქუეტა შესაძლოა 10 ქულამდეც ვერ ასულიყო.

საქართველოს ნაკრებში 21 ქულითა და 11 პასით რატი ანდრონიკაშვილი გამოირჩა, 14-14 ქულა ჰქონდათ ზურაბ ჟღენტსა და ნიკა მეცხვარიშვილს.

ქართველი ახალგაზრდები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში 20 ივლისს, 19:15 საათზე, ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.

წყარო: lelo.ge

SHARE