მილტონ ჰეიგმა მამუკა გორგოძე საიაპონიე შემადგენლობაში დაასახელა

580

საქართველოს ნაკრები, თბილისში, საუზერ კინგსთან და შოტლანდიასთან გამართული  მატჩების შემდეგ, შოტლანდიაში გაემგზავრა, სადაც 6 სექტემბერს, “მარიფილდზე” “ნარშავებთან” მეორე და მსოფლიოს თასის წინ ბოლო ტესტს გამართავს.

იქამდე კი, სასტუმრო “ამბასადორი თბილისში” საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ეროვნული ნაკრების მორაგბეები, სამწვრთნელო შტაბის წევრები და რაგბის კავშირის ხელმძღვანელები დაესწრნენ. “ბორჯღალოსნებს” მსოფლიოს თასზე წარმატებული ასპარეზობა უსურვეს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ.

ოდნავ მოგვიანებით კი, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იმ 31 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც იაპონიაში მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ.

გაფართოებული შემადგენლობიდან ეროვნული ნაკრების მიღმა დარჩა: შერკინების ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომელსაც 2015 წელს ინგლისის მსოფლიოს თასზე თამაშის გამოცდილება აქვს, შერკინების კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი, გარემარბი გიორგი აფციაური და ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც დაშავებულია. ტრავმის გამო დაგვაკლდა მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე. თუმცა, მის ნაცვლად ნაკრებს დაუბრუნდა მამუკა გორგოძე.

თავის კარიერაში მეოთხე მსოფლიოს თასზე ითამაშებენ მამუკა გორგოძე და დავით კაჭარავა. მესამედ იქნებიან რაგბის უდიდეს სარაგბო ფორუმზე ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, სანდრო თოდუა და შალვა სუთიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოთხ-ოთხი მსოფლიოს თასი აქვთ ნათამაშები მერაბ კვირიკაშვილს და გიორგი ჩხაიძეს.

როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ გვერდი იუწყება: მამუკა გორგოძემ, რომელიც ნაკრებს ჯერ კიდევ 3 წლის წინათ დაემშვიდობა, ბოლოდროინდელი ტრავმების ფონზე, გუნდში არსებული სიტუაცია გაითვალისწინა და გულშემატკივართა გასახარად, “ბორჯღალოსნებს თხოვნას” ნაკრებში დაბრუნებულიყო, – დათანახმდა. მისი საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია და კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში რეალობად უნდა იქცეს. ის ერთადერთი მორაგბეა, რომელსაც გუნდთან ერთად მზადების პროცესი არ გაუვლია და გუნდს 8 სექტემბრის შემდეგ შეუერთდება.

საქართველოს ნაკრების 31 კაციანი შემადგენლობა

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე

მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, მამუკა გორგოძე

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე, ლაშა ლომიძე

#9: გელა აფრასიძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი ბეგაძე

#10: თედო აბჟანდაძე, ლაშა მალაღურაძე

#12-13: მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, გიორგი კვესელაძე

#11-14: მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, ზურაბ ძნელაძე

#15: სოსო მათიაშვილი, ლაშა ხმალაძე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები იაპონიაში შოტლანდიიდან 8 სექტემბერს გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს. 18 სექტემბერს, ნაგოიაში “ბორჯღალოსნებს” ოფიციალურ მიღებას, “ველქამ ფართის” გაუმართავენ. პირველ მატჩს კი, ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრები 23 სექტემბერს, “ტოიოტა სთედიუმზე” უელსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსოფლიოს თასი
23 სექტემბერი
საქართველო-უელსი
29 სექტემბერი
საქართველო-ურუგვაი
3 ოქტომბერი
საქართველო-ფიჯი
11 ოქტომბერი
საქართველო-ავსტრალია

წყარო: lelo.ge

SHARE