ბასილაშვილი ნიუ იორკის მასტერსზე ითამაშებს

116

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიუ იორკში დაგეგმილ მასტერსზე თამაშს გეგმავს. გუშინ პრესტიჟული ტურნირის განაცხადი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს პირველი ჩოგანიც ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) სეზონის განახლებას ვაშინგტონში გეგმავდა, თუმცა, Citi Open-ი ჩაიშალა. ახლა, მთელი იმედები Western & Southern Open-ზეა, რომელიც ტრადიციულად ცინცინატიში იმართებოდა ხოლმე, ამჯერად კი, მას ნიუ იორკი მიიღებს.

შეჯიბრი 22-28 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი, მას კი ნიუ იორკშივე აშშ-ს ღია პირველობა უნდა მოჰყვეს. საინტერესოა, რომ Western & Southern Open-ზე მსოფლიო რეიტინგის TOP 10-ის 8 წარმომადგენელს ვიხილავთ, საუკეთესო 40 ჩოგბურთელიდან კი შეჯიბრს მხოლოდ 4 დააკლდება. ესენი როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა (ორივე – შვეიცარია), გაელ მონფილსი (საფრანგეთი) და ფაბიო ფონინი (იტალია) არიან. ამასთან, ფედერერმა და ფონინიმ უკვე განაცხადეს, რომ მათ სეზონი ნაადრევად დაასრულეს და შესაბამისად, არც US Open-ზე ითამაშებენ.

შარშანდელ Western & Southern Open-ზე ბასილაშვილი რუს რუბლიოვთან დამარცხდა

ბასილაშვილმა Western & Southern Open-ზე შარშანაც ითამაშა, თუმცა, პირველივე წრეში დამარცხდა და ამდენად, სარეიტინგო ქულები დასაცავი არ აქვს. გასულ წელს ნიკოლოზმა ანდრეი რუბლიოვთან 7:6 (7:4), 4:6, 2:6 წააგო, რუსმა ჩოგბურთელმა კი შემდეგ ვავრინკასა და ფედერერსაც აჯობა და მხოლოდ მეოთხედფინალში დამარცხდა თანამემამულე დანიილ მედვედევთან. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ შეჯიბრი სწორედ ამ უკანასკნელმა მოიგო, რომელმაც ფინალში ბელგიელ დავიდ გოფინს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს ATP-ს რეიტინგში 1 395 ქულით 27-ე ადგილი უკავია, ნიუ იორკის მასტერსზე კი 24-ე განთესვა ექნება. ნიკოლოზმა იძულებითი პაუზის შემდეგ პირველი საჩვენებელი მატჩი გერმანიის ქალაქ ჰალეში მასპინძელ მიშა ზვერევთან ჩაატარა და 5:7, 1:6 წააგო, გუშინ კი, კიდევ ერთ გერმანელ ჯულიან ლენცთან დაპირისპირება ელოდა, თუმცა, კორტზე არ გასულა.

წყარო: popsport.com

SHARE